15 წლის ძალადობის მსხვერპლი გოგოს სკოლიდან გარიცხვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით PHR-მა სახალხო დამცველს მიმართა

25 ოქტომბერს PHR-მა ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 15 წლის ძალადობის მსხვერპლი მოზარდის სკოლიდან გარიცხვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს მიმართა. აღნიშნული შემთხვევის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მედიასაშუალებებიდან გახდა.

pjimage-3-1როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ძალადობის მსხვერპლი გოგონას თანაკლასელების დედების ნაწილს არ სურს, რომ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა მათ შვილებთან ერთად ისწავლოს და ამის გამო მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სტატიის თანახმად, განცხადებაზე 22 მშობლიდან ხელი 10 მათგანს აქვს მოწერილი. განცხადებაზე ხელმომწერი მშობლები თავიანთ გადაწყვეტილებას საკუთარი შვილების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება, თუ რაში გამოიხატება სხვა მოსწავლეთა უფლებების დარღვევა. სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ სკოლაში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის გამო, სკოლის დირექტორმაც გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის განსახორციელებლად.

PHR-ი მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლი გოგონას თანაკლასელთა მშობლების მხრიდან გოგონას სკოლიდან გარიცხვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება, წარმოადგენს სკოლის დირექტორის როგორც წაქეზებას, ასევე იძულებას დისკრიმინაციის განხორციელების მიზნით, ხოლო, თავის მხრივ, დირექტორის მხრიდან გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანის მოთხოვნა წარმოადგენს როგორც გენდერული, ასევე ასაკის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, PHR-ი სახალხო დამცველს მიმართავს, რათა მხედველობაში მიიღოს მითითებული გარემოებები და უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს ქმედებების დისკრიმინაციულობის საკითხი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დისკრიმინაციული მოპყრობა ატარებს განგრძობით ხასიათს და ძალადობის მსხვერპლ გოგონას კვლავ უწევს სკოლაში მტრულ და დისკრიმინაციულ გარემოში ყოფნა, ორგანიზაცია ითხოვს, საკითხის სიმწვავის გათვალისწინებით, მყისიერად განხორციელდეს რეაგირება მითითებულ ფაქტებზე.

Leave a comment