პროკურორის მხრიდან გენდერული ნიშნის უგულებელყოფის გამო დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნა

15 მაისს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველს ქუთაისის რაიონული პროკურატურის მხრიდან დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა. PHR-ს სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მომართა ქალმა, რომლის მონათხრობის მიხედვით, მის მიმართ პოლიციის თანდასწრებით განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. მოძალადე ძალადობაგამოვლილი ქალის სიძეა, რომლის მიმართაც აღნიშნულ ფაქტზე ქუთაისის რაიონული პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

განხორციელებული ძალადობის ფაქტის მოწმეთა განმარტებით, მოძალადე ქალს მოიხსენიებდა როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რის გამოც ის არ იმსახურებდა დედობას და ამიტომ არ აძლევდა შვილების ნახვის საშუალებას. აღნიშნულს ადასტურებდა თავად დაზარალებული. 2018 წლის 27 მარტს PHR-მა განცხადებით მიმართა საქმის პროკურორს და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე მოძალადის მიმართ წარდგენილი ბრალდების დაზუსტება და დადგენილებაში იმის ხაზგასმა მოითხოვა, რომ ქალზე ძალადობა გენდერული ნიშნით განხორციელდა. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას ორგანიზაციისთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. 24 აპრილს ინფორმაციის მისაღებად PHR-ის განმეორებითი მიმართვის შემდეგ პროკურორმა ორგანიზაციას აცნობა, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდეოდაა გენდერული ნიშნით ძალადობა.

PHR-ი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორს საქმე გენდერული კუთხით არ შეუსწავლია, ასევე, უგულებელყო მოწმეთა ჩვენებები და რაც მთავარია თავად დაზარალებულის განმარტება, რომ მის მიმართ განხორციელდა გენდერული ნიშნით ძალადობა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროკურორის მიერ ბრალდების დაზუსტებაზე უარის თქმით, ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, PHR-მა სახალხო დამცველს ქუთაისის რაიონული პროკურატურის მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

Leave a comment