შსს-მ დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა

 PHR-ის მიმართვის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოშების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამის გამო ერთ საპატრულო პოლიციელს დისციპლინური სახდელის სახით შეუფარდა შენიშვნა, ხოლო მეორის მიმართ გამოიყენა სარეკომენდაციო ბარათი. 2016 წლის 26 იანვარს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სახალხო დამცველს „სტუდია მონიტორის“ სიუჟეტში ასახული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქსენოფობიური და დისკრიმინაციული გამონათქვამის შესწავლის მიზნით მიმართა.

PHR-ი მიმართვაში აღნიშნავდა, რომ პოლიციის თანამშრომელს აქვს დისკრიმინაციული და ქსენოფობიური დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვის მიმართ და ეთნიკური ნიშნით ახდენს დანაშაულის სავარაუდო მსხვერპლების დაყოფას, რაც წარმოშობს არაშემწყნარებლურ ფონს და აძლიერებს საქართველოში მცხოვრები ბოშების მიმართ არსებულ სტიგმას.

„სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტში – „ბავშვები ჩვენი რელობიდან“, აღწერილია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რეაქცია და დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვების მიმართ. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, დედასა და ბავშვს რომლებიც, სავარაუდოდ, მოწყალებას ქუჩაში ითხოვდნენ, მოიხსენიებს როგორც „ციგნებს“. მისი საუბრის მანერაში იკვეთება განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება ბოშების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მიმართ, კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ამბობს შემდეგ ტექსტს: „ციგნები სულ გარეთ ყრიან, აი სად წავიყვანო გეკითხები, დედაბუდიანად გარეთ ყრიან“.

PHR-ის განცხადების საფუძველზე,სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა. აღნიშნული ფაქტის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველს ეცნობა, რომ შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურეობრივი შემოწმება, რის შედეგადაც, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა შენიშვნა, ხოლო მეორე თანამშრომლის მიმართ გამოყენებულ იქნა სარეკომენდაციო ბარათი.

Leave a comment