სასამართლომ მოძალადედ აღიარა კაცი, რომლის მიმართაც პროკურატურა ისევ არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას

2019 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მსხვერპლად აღიარა ქალი, რომლის მიმართ ადევნების, შემაკავებელი ორდერის მრავალჯერადი დარღვევისა და იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეს დღემდე უშედეგოდ იძიებს სახელმწიფო.

PHR-მა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, რაც საგამოძიებო უწყებებმა მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად პასუხისგებაში არ მისცეს მოძალადე  და არ უზრუნველყვეს ქალის დაცვა განმეორებითი ძალადობისგან.

სასამართლომ,  ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო მოძალადეს  6 თვის ვადით აუკრძალა პირადად, ან/და მესამე პირების მეშვეობით, მსხვერპლთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია, მასთან მიახლოება; მესამე პირებისათვის მსხვერპლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიწოდება. მედია საშუალებების (მათ შორის – სოციალური მედიის) გამოყენებით, მსხვერპლის  შესახებ საუბარი, მის დამსაქმებლებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია  და დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღით სარგებლობის უფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასევე გათვალისწინებული იყო პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერითაც, თუმცა მოძალადისათვის ორდერის პირობების გაცნობისთანავე პოლიციამ არ ჩაატარა მოძალადის ბინის ჩხრეკა ცეცხლასროლი იარაღის ამოღების მიზნით.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს მიერ არაეფექტური გამოძიების გამო PHR-მა 2019 წლის 13 ოქტომბერს  ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე  გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა. ხოლო საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს სისხლისსამართელბრივი დევნის დაწყების შესახებწინადადებით მიმართა.  თუმცა სახელმწიფოს სისხლის სამართლებრივი დევნა დღემდე არ დაუწყია.

Leave a comment