PHR-ის პოზიცია „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ეხმიანება, ამა წლის 26 მარტს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „ბავშვის  უფლებათა კოდექსის“ პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები შეუსაბამოა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას.

კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ბავშვთა კოდექსის მეორე ვერსიასთან დაკავშირებით ვრცელი რეკომენდაციები მოამზადა, რომლის გათვალისწინებისკენ მოუწოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტს[1]. კომიტეტმა აღნიშნული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის ნაცვლად კომიტეტმა კოდექსის პროექტში ახალი ცვლილებები შეიტანა. ახალი ცვლილებებით, გაიზარდა რელიგიური ორგანიზაციების როლი ბავშვთა ზრუნვისა და აღზრდის სფეროში. კერძოდ, კოდექსის პროექტის ამჟამინდელი ჩანაწერით (მუხლი 28.9) „ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების და ოჯახური თანაცხოვრების კონსულტირების მიზნით“.

ამავე პროექტის 29.4 მუხლის თანახმად, „უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო განიხილავს და მონიტორინგს უწევს ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების საქმეებს. ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის ჩართვა და კონსულტირება“.

გარდა აღნიშნულისა, პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, სოფიო კილაძემ, მედიასთან გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების მიღება მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება შესაძლებელი[2]. რასაც შესაბამისი ცვლილება მოყვა ბავშვთა კოდექსის პროექტში (მუხლი 35.4).

PHR-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის სამართლებრივ სტანდარტებს და აზიანებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს:

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ბავშვს აქვს რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლება. ამავე მუხლის მეორე პუნქტი კი ადგენს, რომ „მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ“. ბავშვის რელიგიის თავისუფლების საკითხი, განსხვავებულად აქვს მოწესრიგებული გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას. კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო პატივს სცემს ბავშვის რელიგიის და აზრის თავისუფლებას, და ამავე დროს მშობლებს აძლევს უფლებას ხელმძღვანელობა გაუწიონ შვილებს საკუთარი (ბავშვის) რელიგიის თავისუფლების რეალიზაციაში, ბავშვის განვითარებადი უნარების გათვალისწინებით. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული კონვენციის დებულებათა განმარტებები ადგენს სტანდარტს ბავშვის რელიგიის და რწმენის თავისუფლების განხორციელებასა და მასში მშობელთა მხრიდან სამართლებრივი მოქმედების ფარგლების შესახებ, კერძოდ:

კონვენციის მე-14 მუხლი ცხადად განამტკიცებს ბავშვის უფლებას რელიგიის თავისუფლებაზე. აღნიშნული უფლების რეალიზებისთვის მშობლებს განუსაზღვრავს ვალდებულებებს და უფლებას დაეხმაროს ბავშვს მისი რელიგიური ინტერესების და მიმართულებების განხორციელებაში, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა უფლებას ბავშვს გაუწიონ დახმარება რელიგიის თავისუფლების განხორციელებაში. ამ უფლების მფლობელები არიან მხოლოდ ბავშვები და მათ არ აქვთ ვალდებულება ავტომატურად გაიზიარონ მშობლის რელიგიური შეხედულებები, უფრო მეტიც, მშობლის რელიგიური შეხედულებების და ტრადიციების მიყოლა და შენარჩუნება არის ბავშვის უფლება, რაშიც ხელი არავინ უნდა შეუშალოს. იმ შემთხვევაში როცა მშობელი ეწინააღმდეგება ბავშვის რელიგიურ არჩევას ან მოსაზრებებს, არცერთ მშობელს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. დავის შემთხვევაში ბავშვმა შესაძლოა მიმართოს სასამართლოს, ამ უკანასკნელმა კი უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ბავშვის რელიგიური თავისუფლების უფლებით [3].

შესაბამისად, ბავშვის უფლებების კოდექსის მე-16 მუხლის ჩანაწერი „მშობლებს აქვთ უფლება აღზარდონ ბავშვი საკუთარი მორალური და რელიგიური შეხედულებისამებრ“ წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის რელიგიის თავისუფლებასთან და შესაბამისად ეწინააღმდეგება კონვენციის ჩანაწერს.

წინა მსჯელობიდან გამომდინარე, ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის შესახებ გადაწყვეტილების პროცესში, მშობლის რელიგიური შეხედულებისამებრ რელიგიური ორგანიზაციის ჩართვა, საჭიროებს ბავშვისთვის დაცვის გარანტიის უზრუნველყოფას, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ სურს ან არ ეთანხმება რელიგიური ორგანიზაციის ჩართვას ამ გადაწყვეტილებაში. „ბავშვის უფლებების კოდექსის“ 29.4 პუნქტის ჩანაწერი, რომელიც „ოჯახის მოთხოვნას“ აძლევს უპირატესობას რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვაში, არ არის კონვენციასთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები უმეტეს შემთხვევაში არ ფლობენ აკადემიურ ცოდნას ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს ბავშვისთვის საფრთხეს, კოდექსი არ აწესებს რაიმე დამცავ მექანიზმს, ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო კონსულტირების შემთხვევაში ბავშვების უფლებების დასაცავად. ამავდროულად გაუგებარია მათი როლი სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი მოქმედების ფარგლები და პასუხისმგებლობა რომელიც შეიძლება დაეკისროთ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში. ამავე პრინციპით, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამის განხორციელებისას (მუხლი 28.9.), მხოლოდ „ოჯახის მოთხოვნით“ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვა, საფრთხეს უქმნის ბავშვის მიერ რელიგიის თავისუფლების განხორციელებას.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღეს-დღეობით სახელმწიფოში არსებობს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ბავშვთა სახლები, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების მიერ არის დაფუძნებული. ეს ბავშვთა სახლები დღეს სახელმწიფოს მონიტორინგის ფარგლებს გარეთ არიან და 2018 წელს იქ შესვლა შეეზღუდა საქართველოს სახალხო დამცველსაც[4]. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს საფრთხეს ბავშვების ამ დაწესებულებაში მოხვედრასთან დაკავშირებით, რაც შეუსაბამოა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტთან.

რაც შეეხება რეპროდუქციული და სექსუალური განათლების საკითხებზე მშობლის თანხმობის საკითხს, კოდექსის პროექტი კრძალავს ბავშვისთვის რეპროდუქციული უფლების სწავლებას მშობლის თანხმობის გარეშე. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული და სექსუალური განათლება არის ბავშვის უფლება, რომელიც გამომდინარეობს მისი დაცვის და ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტის მიწოდების კონვენციური ვალდებულებიდან. აღნიშნული სწავლება უკავშირდება ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის ვალდებულებებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა, ბავშვთა იძულებითი ქორწინება და ფიზიკური ძალადობა მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში, აუცილებელია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვა რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ადეკვატურ ინფორმირებულობას და აკადემიური სახის სწავლებას უკავშირდება. არსებითად მნიშვნელოვანია, აღნიშნული სწავლება განახორციელოს ამისათვის პროფესიულად მომზადებულმა პედაგოგმა და არა სხვა ნებისმიერმა პირმა, რომელიც არ ფლობს აკადემიურ ცოდნას. ამასთანავე, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტს არაერთხელ გამოუთქვამს წუხილი იმ ქვეყნების მიმართ რომლებიც თავს იკავებენ რეპროდუქციული და სექსუალური განათლების მიწოდებისაგან. მაგალითად კომიტეტის  დასკვნით რეკომენდაციებში ბრიტანეთის მიმართ[5] აღნიშნულია: კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას იმის თაობაზე რომ სქესობრივი განათლება სავალდებულო არ არის ყველა სკოლაში. კომიტეტმა მოუწოდა ბრიტანეთს უზრუნველყოს რეპროდუქციული და სექსუალური განათლების სავალდებულოდ შეტანა სკოლის პროგრამაში.

კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ სექსუალური განათლება უნდა იყოს სავალდებულო სასკოლო სწავლების ნაწილი ყველა ტიპის სკოლისთვის, მათ შორის სპეციალური სკოლებისთვის, ახალგაზრდების თავისუფლების შეზღუდვის ადგილებისთვის, აკადემიური სივრცეებისთვის. ასეთი სწავლება უნდა ითვალისწინებდეს ასაკობრივ თავისებურებებს  და ყველა არსებით ინფორმაციას აწვდიდეს ბავშვებს. [6]

სექსუალურ განათლების დროს მშობლის თანხმობის შესახებ, ბავშვის უფლებათა კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან ბავშვებსა და მოზარდებს მიაწოდონ სექსუალური განათლება და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ასაკთან შესაბამისად შემდეგ საკითხებზე: ოჯახის დაგეგმვა, კონტრაცეფციის გამოყენება, დაუგეგმავი და ბავშვობის ასაკში ორსულობის რისკები, აივ ინფექცია და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების მკურნალობა და პრევენცია. კომიტეტი ხაზგასმით მოუწოდებს სახელმწიფოებს უზრუნველყონ ყველა ბავშვისთვის ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიწოდება მიუხედავად იმისა მშობლები არიან თუ არა თანახმანი.[7]

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ბავშვის უფლებების კოდექსის ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები მოვიდეს შესაბამისობაში ქვეყნის კონსტიტუციასთან და საერთაშორისო დონეზე უკვე აღებულ ვალდებულებებთან რაც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის სტანდარტებს წარმოადგენს.


 

[1] https://drive.google.com/file/d/1VLjV0O_JxS6s_LcCGkBezb5_NPIWQzeC/view;

[2] http://netgazeti.ge/news/352403/

[3]https://www.unicef.org/publications/files/Implementation_Handbook_for_the_Convention_on_the_Rights_of_the_Child.pdf გვ. 188-189.

[4] http://netgazeti.ge/news/304171/?fbclid=IwAR3541cBwSK1fWLLrPpYECh6CKh0sFq-B_J6TFEMJdAQjmvWtSlIfRRXyA8

[5] https://www.unicef.org.uk/babyfriendly/wp-content/uploads/sites/2/2016/08/UK-CRC-Concluding-observations-2016-2.pdf გვ. 15

[6] იქვე.

[7] General comment No. 4 (2003) Adolescent health and development in the context of the Convention on the Rights of the Child, პარ. 28 https://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CRC%2FGC%2F2003%2F4&Lang=en&fbclid=IwAR0gJQR8JqTwtcYScvDidrHhpVKmHivucWd1ljTKrJhsbu_GzYHjyHoBukA

Leave a comment