PHR-მა შშმ გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ მორიგი შეხვედრა გამართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მორიგი შეხვედრა დღის ცენტრში – ,,პირველი ნაბიჯი” ჩაატარა.

შეხვედრის ფარგლებში PHR-ის წარმომადგენელმა, თათია მიქელაძემ დღის ცენტრის მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და მშობლებთან ერთად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტები განიხილა. ასევე აუდიტორიას გააცნო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში არსებული პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.

IMG_5198შეხვედრის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ დღის ცენტრში განსაკუთრებით საყურადღებო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ მოზარდების საკითხია, რადგან ამ მიმართულებით მათი ქცევის შესწავლა პერსონალის სპეციალურ გადამზადებას და გამოცდილ კადრებს საჭიროებს. ამ სტატუსის მქონე მოზარდების ქცევის მართვა და ქცევის მიზეზშედგობრიობის სათანადოდ შესწავლა კი ძალიან დიდ ძალისხმევას და ინტენსიურ ინდივიდუალურ მუშაობას საჭიროებს, რისი რესურსიც დღის ცენტრებს არ გააჩნიათ.

თათიამ მონაწილეებთან ერთად განიხილა შშმ მოზარდების ინფორმირების ასაკის შესაბამისი და ადაპტირებული მეთოდოლოგიის გამოყენების მნიშვნელობაც. ამასთან, ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად აუცილებელია სხვადსხვა ქცევის მართვის საჭიროების დადგომამდე მოზარდების ინფორმირება. როგორც ადმინისტრაციულმა მენეჯერმა აღნიშნა, ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მშობლები ფიზიკურად  ვერ ახერხებენ დროის გამონახვას და პერსონალთან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ შეხვედრებზე დასწრებას, რაც ხელშემშლელი ფაქტორია შშმ მოზარდების სოციალიზაციისა და სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების მართვის დასასწავლად. დღის ცენტრის წარმომადგენლების აზრით, სექსუალური განათლების მიწოდება ბინაზე მოვლის სერვისებიდან უნდა დაიწყოს, რადგანაც კონკრეტული ქცევების დასწავლა შშმ მოზარდებისთვის ინდივიდუალურად, მათი პირადი სივრცის დარღვევის გარეშე უნდა მოხდეს.

დისკუსიის ბოლოს დამსწრეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათთვის  მნიშვნელოვანი იქნება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე კვალიფიციურ პირების მიერ ტრენინგების/სამუშაო შეხვედრების უზრუნველყოფა.

Leave a comment