PHR-ი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ კვლავ განაგრძობს საინფორმაციო შეხვედრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. მორიგი შეხვედრა კი დღის ცენტრში „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ გაიმართა.

PHR-ის წარმომადგენელმა თათია მიქელაძემ ამავე ცენტრის ფსიქოლოგთან, ადმინისტრაციასთან და სოციალურ თერაპევტებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებლობასა და სწავლების ადაპტირებული მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების განმარტებაზე, არსებულ ეროვნულ კანონმდებლობაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე.

დაწესებულების ფსიქოლოგის თქმით, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების შესახებ განათლების მიწოდების მეთოდოლოგია ინდივიდუალური გეგმით უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც შშმ მოზარდების გარდატეხის ასაკის თავისებურებების გათვალისწინებას გულისხმობს. საერთო მეთოდოლოგიით სწავლებითა და ინფრომირებით მათი უნარების შესაბამისი საჭიროებების გამოკვეთა და სექსუალური ხასიათის ქცევის მართვის ხელშეწყობა ვერ მოხერხდება.

ორგანიზაცია პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად მიიჩნევს დღის ცენტრებსა და სკოლებში არსებული საჭიროებების, პრობლემების აღიარებასა და მათ აღმოფხვრაზე აქტიური მუშაობის დაწყებას.შეხვედრაზე დამსწრეებმა მზაობა გამოთქვეს,რომ გარკვეული პერიოდულობით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე შესახებ კვლავ ჩატარდეს სემინარები როგორც უფლებრივი, ასევე სამედიცინო და ფსიქოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით,რაც მშობლების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი იქნება.

g

Leave a comment