ქალზე მოძალადეს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  10 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით მოძალადეს მსხვერპლის სასარგებლოდ ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება – 3500 ლარის ოდენობით დააკისრა. ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავდნენ.

2017 წელს PHR-ის მოსარჩელე ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რაც გამოიხატა ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ყელში ხელის მოჭერა, სახეში ხელის გარტყმა და ხელის კვრა. მოცემულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მოძალადეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე[1] მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით განესაზღვრა.

საქალაქო-სასამართლო2017 წლის ნოემბერში PHR-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის 30-ე მუხლისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე მოძალადე მეუღლისთვის ძალადობაგამოვლილი ქალის სასარგებლოდ ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების – 3500 ლარის ოდენობით დაკისრება.

ძალადობაგამოვლილი ქალი სასამართლოში განმარტავდა, რომ გარდა ძლიერი ფიზიკური ტკივილისა,  განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა და ფსიქიკური სტრესი. მან ასევე ისაუბრა ოჯახში ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

სასამართლომ გაიზიარა PHR-ის პოზიცია და პირველად საქართველოში, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მოძალადეს მორალური ზიანის ანაზღაურება 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით დააკისრა. სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეცედენტულია და ხაზს უსვამს, რომ ოჯახში ძალადობა ფიზიკურ ზიანთან ერთად მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმასაც აყენებს ადრესატს, მითუმეტეს თუ ასეთი ქმედება საჯაროდ, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ხდება, რომლებიც ასევე მსხვერპლები არიან.

PHR აგრძელებს მუშაობას, რათა შეიქმნას სტამბულის კონვენციის აღსრულების პრეცედენტები.


[1] მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი

Leave a comment