PHR-ის ადვოკატებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია უკანონოდ შეუზღუდეს

2019 წლის 22 თებერვალს, ორგანიზაციის იურისტები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ არ მიეცათ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. დაწესებულების იურისტის განმარტებით, დაწესებულებაში მყოფი პირები არ საჭიროებდნენ უფლებადამცველების დახმარებას, რამდენადაც დაწესებულება თავისი რესურსით სრულად უზრუნველყოფს მათი სამართლებრივი პრობლემების მოგვარებას.

აღსანიშნავია, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე მწვავედ სტიგმატიზებულ და შესაბამისად, დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან ისინი, ისტორიულად, ექვემდებარებიან უფლებების სისტემურ და უკანონო დარღვევებს. ამასთან, ფსიქიატრიული დაწესებულება თავისი არსით, ფაქტობრივად, უთანაბრდება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას. ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები და არსებითად მნიშვნელოვანია იქ მყოფი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის დეტალური მონიტორინგი განხორციელდეს.

საქართველოში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა არაერთი ანგარიში გამოსცა[1], რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იქ მყოფი ადამიანების მიმართ უფლებების სისტემურ დარღვევას. შესაბამისად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილის შესაბამისად, ისარგებლონ ადვოკატების მომსახურებით.

ggggggggggუნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფლებადამცველებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირების პირდაპირი კომუნიკაციის შეზღუდვა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და ეს არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი პრაქტიკის წინაშე PHR-ის წარმომადგენლები, როგორც შპს. „აკად. . ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“(ხონი, ქუტირი)[2], ასევე სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც[3] აღმოჩნდნენ. აღნიშნულის შესახებ  ორგანიზაციამ საკითხის შესწავლისა და სათანადო რეაგირების მოთხოვნით, დაუყოვნებლივ მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს[4].

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირებთან შეხვედრის შეზღუდვის კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს, რომ სამინისტროს ამ დრომდე არ შეუსწავლია საკითხი პრობლემის მოგვარებისა და უფლებადამცველებთან შეხვედრის გარანტირების  მიზნით. ამასთან, მსგავსი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს პრიორიტეტს კვლავ არ წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დაუყოვნებლივ გაატაროს სისტემური ღონისძიება, რომელიც უპირობოდ აღკვეთს, უფლებადამცველებსა და დაწესებულებებში მყოფ ადამიანებს შორის კომუნიკაციის უკანონო შეზღუდვას.

[1] საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დახურული ტიპის დაწესებულებებში, 2018 წელი, გვ. 47; საქართველოს სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, ფსიქიატრიული დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში, 2015 წელი.


[2] https://bit.ly/2T5mdNR

[3] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/05/15/phrphrr-5/#_ftn1

[4] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/04/18/phr-157/

Leave a comment