PHR-მა ჯანდაცვის სამინისტროს დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიმართა

11 დეკემბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის  უზრუნველყოფის მიზნით დაუყოვნებლივი ზომების მიღების თხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, რათა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფმა ყველა პირმა თანაბრად შეძლოს მის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისის მიღება, სოციალური პაკეტით (პენსია) დროული სარგებლობა და პატივისა და ღირსების პატივისცემა.

ინსტიტუციებში მცხოვრები ადამიანების სამართლებრივი დახმარების მიზნით, ჩვენი ორგანიზაციის იურისტები სისტემატურად ახორციელებენ  ვიზიტებს პანსიონატებში, რა დროსაც, ნოემბერში მარტყოფის, ძევრისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრები ადამიანებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:

9jandacva-e1452542929307-660x330პანსიონატის იმ მაცხოვრებლებს, რომელთა მხარდაჭერის მიმღებად ცნობის პროცედურებიც მიმდინარეობს სასამართლოში, ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საკუთარ პენსიაზე, მაშინ, როდესაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც არ არიან ინსტიტუციაში მოთავსებულები, მაგრამ საჭიროებენ სტატუსის ცვლილებას, უპრობლემოდ სარგებლობენ სოციალური გასაცემლით. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუციაში მოთავსებული, წარსულში ქმედუუნაროდ აღიარებული პირები უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან ამავე სტატუსის მქონე იმ პირებთან შედარებით, რომლებიც არ არიან პანსიონატში მოთავსებული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე – „მოქალაქე მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (სადაც მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენდა) ჯანდაცვის სამინისტროს მიუთითა, რომ უზრუნველეყო სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი პირების მიერ პენსიის დროული მიღება. ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტული მოსარჩელის შემთხვევაში, შეასრულა აღნიშნული მითითება, თუმცა სხვა პირებს, რომელთა მხარდაჭერის მიმღებად ცნობის პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლოში, კვლავ არ აქვთ წვდომა საკუთარ პენსიაზე.

ერთ-ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მოთავსებულმა ადამიანებმა ხაზი გაუსვეს კაცი მომვლელების (ძიძა) არსებობის აუცილებლობაზე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცებისთვის გარკვეულ უხერხულობასთან არის დაკავშირებული ქალი მომვლელების მხრიდან დახმარების მიღება ჰიგიენურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომით, უხეშად ხდება ადამიანის პირად სივრცეში ჩარევა, რასაც შედეგად მოჰყვება ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, როგორიც არის ადამიანის პატივი და ღირსება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა.

სწორედ აღნიშნული პრობლემების ეფექტური მოგვარების, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის  უზრუნველყოფის მიზნით დაუყოვნებლივი ზომების მიღების თხოვნით, ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

Leave a comment