ინდივიდი სახელმწიფოში და არასრულწლოვნის უფლება – თავად მიმართოს სასამართლოს

cover

ავტორი: ქეთი კოპალიანი

1.რა როლი აქვს ინდივიდს სახელმწიფოში?

თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ სახელმწიფოს გაგება ხდება, როგორც  სრულიად სპეციფიკური სოციალური ინსტიტუტისა, რომელიც საზოგადოების მიერ შექმნილია ამავე საზოგადოების საჭიროებებისთვის და, შესაბამისად, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექვემდებარება მოდიფიკაციას საზოგადოებრივ საჭიროებათა  ცვალებადობის გათვალისწინებით. სახელმწიფო, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტი, ქმნის იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა, იმოქმედონ თავიანთი ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო არის წმინდა ფორმა, რომელსაც მოქალაქეები ავსებენ იმ შინაარსითა და იმ ღირებულებებით, რომელთა მატარებლებიც თვითონვე არიან. სახელმწიფო, რომელიც სრულიად არ ექვემდებარება ამდაგვარ ცვლილებასა დროსა და სივრცეში, იქცევა ციხედ, ტოტალიტარულ სისტემად, მექანიზმად, რომელიც ადამიანთა სამსახურისთვის შეიქმნა, მაგრამ განუდგა თავის „შემქმნელს“ და იქცა მოძალადედ.

სწორედ ამიტომ თანამედროვე პოლიტიკური და ინსტიტუციური თეორიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ იმ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც არა მხოლოდ განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს, უმცირესობას წარმოადგენენ ისინი, თუ უმრავლესობას, არამედ, თითოეულ კონკრეტულ ინდივიდს, ეძლევა შესაძლებლობა, იქონიოს გავლენა იმ ინსტიტუტებზე ( და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კანონმდებლობაზე), რაც ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტს წარმოადგენს. მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ისევე ზუსტად და ადვილად  მიესადაგება, როგორც ნებისმიერ ცხოვრებისეულ ფორმას, ქცევის ფორმალურ ყალიბს, რომელთაც დრო და ახალი შინაარსი  ფერს უხუნებს, ცვეთს, და დგება ახალი ყალიბის, ახალი ჩარჩოს შექმნის აუცილებლობა, ასევე ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტს.

2.რატომ გვჭირდება ბავშვზე მორგებული მართლსმაჯულება?

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების ინსტიტუტთა განვითარება თანამედროვე სამართლებრივი სისტემების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. და მთელი რიგ ქვეყნებში უკვე განხორციელდა ან უკვე მიმდინარეობს იმგვარი სამართლებრივი ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც შესაბამის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვნებს, რომელთაც  საკუთარი უფლებრივი მდგომარების გაცნობიერების უნარი აქვთ, სასამართლო განიხილავს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტებს, რომლებიც სარგებლობენ  სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობით მესამე პირთა მონაწილეობის გარეშე; როდესაც საქმე შეეხება სწორედ ამგვარ არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების წარმოდგენას სამართალწარმოებისას, უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ჩართულობას სასამართლო პროცესში, უსმენს და ითვალისწინებს მათ აზრს და პატივისცემით უდგება მათ პოზიციას.  მაგალითისთვის, ბელგიასა და ჩეხეთში არასრულწლოვნებს 12 წლის ასაკიდან უკვე ეძლევათ უფლება, დამოუკიდებლად მიმართონ სასამართლოს და ჩაერთონ სამართალწარმოებაში. კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ამ მიმართულებით  განვითარება სავსებით ლოგიკური და ბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ „შეზღუდულად ქმედუნარიანის“ სტატუსი (რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მიემართება 7-დან 18 წლამდე ასაკის პირებს), რასაკვირველია, არ უნდა გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი არასრულწლოვნისთვის, რომელიც საკმარისად ინფორმირებული და გათვითცნობიერებულია საკუთარ კანონიერ ინტერესებში, იმისათვის, რომ მისი სურვილები, ფიქრები, სიტყვები მოსმენილი და გათვალისწინებული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.

3. რატომაა მნიშვნელოვანი არასრულწლოვნის უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს და რა პრობლემები ახლავს ამ პროცესს?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნებს 7-დან 18-წლამდე აღიარებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებად, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს იმას, რომ, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, არასრულწლოვნის მიერ დადებული ნებისმიერი გარიგება, ნამდვილობისათვის საჭიროებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას.  თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 811- ე  მუხლით აღიარებს არასრულწლოვნის უფლებას, სწორედ რომ კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, 14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ასეთ დროს სასამართლო არასრულწლოვანს უნიშნავს კანონიერ წარმომადგენელს და იწყებს საქმის განხილვას. არასრულწლოვანს აქვს უფლება, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ასეთ შემთხვევაში საქმეში ჩართავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  (და, რასაკვირველია, ბუნდოვანი და დაუზუსტებელია ამგვარი „ჩართვის“ კონკრეტული პირობები). ამდენად, კანონმდებლობით, მართალია, აღიარებულია არასრულწლოვნის უფლება, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, თუმცაღა, წარმომადგენლის საკუთარი ნებით არჩევის უფლებამოსილება მას არ გააჩნია. გამოდის, რომ  14-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს კანონი საკმარისად ქმედუნარიანად ცნობს იმისათვის, რომ დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იგივე არასრულწლოვანი, იმავე კანონმდებლობის მიხედვით, სრულიად არ გახლავთ საკმარისად ქმედუნარიანი და გონიერი იმისათვის, რომ თავისივე ინიციატივითა და საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე აირჩიოს კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოსთვის მიმართვის უფლების იმგვარად გამოსაყენებლად, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ.  და, თუკი კანონი არ აზუსტებს კონკრეტულ  მხარდაჭერის ღონისძიებებსა და  არასრულწლოვნის საჭიროებებზე მორგებულ პროცედურებს სამართალწარმოების განხორციელებისას თუნდაც აღნიშნული  მიმართულებით,  შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ, რომ საქმე გვაქვს არა რეალურ, პრაქტიკული გამოყენების მქონე ნორმასთან, არამედ ეფემერულ-ილუზორულ, აბსტრაქტულ ქიმერასთან, რომლის პრაქტიკული განხორციელება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბავშვს აქვს გარკვეული კონფლიქტი მშობლებთან, ან კანონიერ წარმომადგენლებთან, და სურს დამოუკიდებლად ჩართვა სამართალწარმოებაში პირადად ან საკუთარი გადაწყვეტილებით არჩეული კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, უდიდეს პრობლემებთანაა დაკავშირებული და თითქმის შეუძლებელია?! 

მართლაც.  წარმოვიდგინოთ კონკრეტული სიტუაცია. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი, რომელსაც სურს, მიმართოს სასამართლოს დამოუკიდებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811-ე მუხლზე აპელირებით, იმდენად, რამდენადაც მას შესაძლებელია ჰქონდეს გარკვეული კონფლიქტი მშობლებთან, ან სხვა, კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების მქონე პირთან, რომლებიც არასრულწლოვნის სურვილს სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან, ექცევა ერთგვარ ვაკუუმურ მდგომარეობაში. ერთი შეხედვით, მას აქვს სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლების უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტია, მაგრამ, მეორე მხრივ, რადგან მისი მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანთან ინტერესთა კონფლიქტშია, ვერავითარ სამართლებრივ დახმარებას, ან მხარდაჭერას  აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, ის ვერ იღებს. ამგვარად, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების პრაქტიკული განხორციელების გზაზე ექმნება დაბრკოლება, რადგან სასამართლოსთვის მიმართვის პროცედურულ გზებზე შესაბამისი კონსულტაციის მიღების საჭიროება უდგათ ზრდასრულ, ქმედუნარიან პირებსაც, არათუ არასრულწლოვნებს, რომელთა მდგომარეობაც კანონიერ წარმომადგენელთან ინტერესთა კონფლიქტის დროს, რასაკვირველია, რთულდება იმითაც, რომ ის არათუ დახმარებას ვერ იღებს ზემოხსენებული უფლების რეალიზაციის პროცესში, არამედ თავისუფლადაა შესაძლებელია, რომ სწორედ დამოუკიდებლად მოქმედების გამო კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი გახდეს.

გამოსავალი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პასუხისმგებლობის ტვირთის სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთვის დაკისრება. რადგან, არასრულწლოვანს ინტერესთა კონფლიქტი შესაძლებელია წარმოეშვას არა მხოლოდ მშობელთან, არამედ სოციალურ სააგენტოსთანაც.  მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლის უფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე და არასრულწლოვანზე ზრუნვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო. და რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტო უარს ეუბნება არასრულწლოვანს სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლების განხორციელების გზაზე დახმარების გაწევაში? ამ შემთხვევაში მოვლენათა განვითარების ერთადერთ სამწუხარო ალტერნატივად გვევლინება სიტუაცია, როდესაც არასრულწლოვანი რჩება მარტო, ერთი შეხედვით, უფლების სამართლებრივი გარანტიით, მაგრამ მისი განხორციელების ყოველგვარი პრაქტიკული გზა მისთვის გადაკეტილი და ხელმიუწვდომელია.

ვინ არის “მოქალაქე” და “არამოქალაქე”?

ბრიტანული სერიალი, „Black Mirror”, რომლის თითოეულ ეპიზოდშიც ტექნოლოგიურად განვითარებული მომავლის სხვადასხვა დისტოპიური სცენარებია განხილული, უტრირებული ფორმით წარმოაჩენს თანამედროვე საზოგადოების იმ თვალხილულ ან ზოგჯერ უხილავ ხარვეზებს, პრობლემებს, რომელთა დანახვა უფრო მარტივი ხდება იმ ირონიული, ანტიუტოპიური ლუპის გამოყენებით, რომელსაც სერიალის შემქმნელები ხშირად მიმართავენ. „Black Mirror”-ის ერთ-ერთი სერიაში წარმოდგენილია  სამყარო, თეორიული სახელმწიფო, რომლის მოსახლეობაც თავიდანვე გაყოფილია ორ „კატეგორიად“: ისინი, ვინც სრულფასოვანი მოქალაქის უფლებებითა და უპირატესობებით სარგებლობენ, და ისინი, ვინც მიჩნეულნი არიან „არამოქალაქეებად“.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კატეგორიას შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არსებობს, „მოქალაქეების“ ტექნოლოგიურად შეცვლილი, ციფრული მზერა „არამოქალაქეთა“ სახეებსაც კი ვერ აღიქვამს. არამოქალაქე არ არის სრულფასოვანი ადამიანი, მას არ აქვს სახე, ან, ყოველ შემთხვევაში, არ აქვს ის სახე, რომელიც იმ ჰიპოთეტური სახელმწიფოსთვის არის აუცილებელი, რომელიც შექმნეს ამაყმა და თავდაჯერებულმა „მოქალაქეებმა“. „არამოქალაქის“ სტატუსი და საკუთარი სახის (აზრის, სოციალური ადგილის, საზოგადოებრივი წონის) არქონა, ერთი შეხედვით, უბრალო სამართლებრივი დისპოზიცია, ერთხელ და სამუდამოდ მიმაგრებული ფორმალური იარლიყი, მიზანმიმართულ გულგრილობასთან ერთად „მოქალაქეთა“ მხრიდან,  „არამოქალაქეთა“ წარმოუდგენელი ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფუძველი ხდება (რასაც, ბუნებრივია, „დიადი“  სახელმწიფო ლევიათანი და ძალაუფლების ავტოკრატული ვერტიკალი, საოცრად ელეგანტურად და წარმოუდგენლად უსამართლოდ, იყენებს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის).

ვფიქრობ, რომ, როგორც საზოგადოებამ, ისე სახელმწიფომ, ყველაფერი უნდა იღონოს იმისათვის, რომ „შეზღუდულად ქმედუნარიანის“ სტატუსი არ გახდეს ის ფორმალური შირმა, ერთგვარი ნაწილობრივი დეჰუმანიზაციის მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც „ქმედუნარიანი“, „სრულფასოვანი“ მოქალაქეები ისეთივე ატროფირებული მგრძნობელობითა  და  გონების დახშული თვალით  შეხედავენ  შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვნებს, რომელთაც სრულად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი კანონიერი ინტერესები და უფლებები, და სურთ სამართლებრივი ბრძოლა მათ დასაცავად, როგორც ამას აკეთებენ „Black Mirror”-ის დისტოპიური და უსამართლო სახელმწიფოს  „მოქალაქეები“ „არამოქალაქეთა“ მიმართ. ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ დაიხვეწოს, განვითარდეს, ან დაკონკრეტდეს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც, ერთი  მხრივ, ასე დიდსულოვნად და სამართლიანად ანიჭებს არასრულწლოვანს დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობას, მაგრამ ამავდროულად არ აძლევს მას უფლებას, იყოლიოს ის კანონიერი წარმომადგენელი მსგავსი მიმართვის განხორციელებისას, რომლის მიმართაც ექნება ნდობა, და რომელიც, რაც მთავარია, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის გამო გაუწევს მას შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უფლების პრაქტიკული რეალიზაციის გზაზე.  მსგავსი ბუნდოვანებისა და პრაქტიკული დისფუნქციის პირობებში თითქოს ასე კოპწიად, ლამაზად და სულგრძელად ჩამოყალიბებული უფლების სამართლებრივი გარანტი ემსგავსება  პრეტენზიული, კაპრიზული მონარქის იმ ტიტულატურას, რომელსაც ფაქტობრივი მიმართების ობიექტი არ გააჩნია, და მხოლოდ ხმამაღალ, ფორმალურ და შინაარსისგან სრულიად დაცლილ განსაზღვრებათა პათოსურ კრებულად გვევლინება.

რატომაა მნიშვნელოვანი არასრულწლოვანთა ჩართულობა?

და კვლავაც,  ვუბრუნდებით მარტივ ჭეშმარიტებას. თუკი სახელმწიფო, როგორც საზოგადოების ინსტრუმენტი მშვიდობიანი და არაქაოტური ყოველდღიურობის მოწყობისათვის, როგორც ინსტიტუტი, რომლისთვისაც სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის, თითოეული ინდივიდის აზრი ღირებულია იმდენად, რამდენადაც ის, როგორც სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტი, ინდივიდების მიერაა შექმნილი სწორედ ინდივიდთა საჭიროებებისათვის, ისმის კითხვა, მარტივი კითხვა:  თუკი ინდივიდთა ისეთი ჯგუფის, როგორიც გახლავთ შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებად მიჩნეული არასრულწლოვნები, სამართლიანი ინტერესი, რომ უშუალო და პირდაპირი გავლენა იქონიონ სამართალწარმოების პროცესზე, საკუთარი აზრისა და შინაგანი მრწამსის შესაბამისად, არ არის სათანადოდ დაკმაყოფილებული და გათვალისწინებული ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში, და მსგავსი მონაწილეობისა და ჩართულობის პრაქტიკული გზა აღნიშნულ ინდივიდთათვის კანონიერ წარმომადგენელთან ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას, თითქმის მთლიანად გამოუყენებელი და ხელმიუწვდომელია, – მაშინ დგას თუ არა დღის წესრიგში იმგვარი სამართლებრივი მოდიფიკაციის საჭიროება, რომელიც მისცემდა ამგვარ პირებს იმის შესაძლებლობას, რომ თავი ეგრძნოთ სრულად დაცულად და თვითრეალიზებულად ზემოხსენებული გარემოებებისას? მითუმეტეს, მდგომარეობას ამძიმებს სხვა გარემოებაც: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 811-  მუხლი არეგულირებს მხოლოდ და მხოლოდ ზემოხსენებულ პირთა სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენებას, თუმცა, საზოგადოდ, პრობლემები არსებობს ბავშვის მოსმენისა და მისი აზრის სათანადოდ გათვალისწინების პრინციპებისა და განხორციელების საპროცესო წესების კანონმდებლობაში შესაბამისად ასახვასთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებით როგორც   საპროცესო, ისე მატერიალურ სამართალში.

მსგავსი ცვლილებების განსახორციელებლად, უპირველ ყოვლისა, საჭიროა იმის გადააზრება, ან, პირველი ეტაპისთვის, სერიოზული დაფიქრება მაინც იმაზე, ხომ არ ვახდენთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, მხოლოდ ფორმალური იარლიყის მიკერებით (და ამ შემთხვევაში ეს იარლიყი გულისხმობს „შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე არასრულწლოვანს“), რამდენიმე განაჩენად ქცეული სიტყვით, იმ ადამიანთა იმგვარ დისკრიმინაციას და ჩაგვრას, რომელთაც აქვთ, შესაძლებლობა, ამბიცია და ინტერესი, რომ, როგორც პიროვნებებმა, ინდივიდებმა, იბრძოლონ და იზრუნონ საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად?მხოლოდ ხედვის პრინციპების ცვლილებით, მეტი გულითადობით, ყურადღებით, არაგულგრილობით, არის შესაძლებელი იმის მიღწევა, რომ განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ცვლილებები, რათა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირებად მიჩნეულ არასრულწლოვანთა საჭიროებები სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ინსტიტუტებმა უფრო სრულფასოვნად და სათანადოდ დააკმაყოფილონ.

Leave a comment