სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვნის დაცვის მიზნით გამოცემული დამცავი ორდერი ძალაში დატოვა

2319804337 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახში ძალადობაგამოვლილი არასრულწლოვნის მ.ს.-ის საქმე განიხილა, რომლის დაცვის მიზნითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ოქტომბერს დამცავი ორდერი მაქსიმალური – 6 თვის ვადით გამოსცა, რითაც მოძალადე მშობელს შვილთან ყოველგვარი კომუნიკაცია აეკრძალა. მშობელი არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დამცავი ორდერის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასრულწლოვანზე მოძალადე მშობლის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.  

დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით არასრულწლოვანმა მ.ს.-მ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს განცხადებით თავად მიმართა. მოსამართლემ გაითვალისწინა არასრულწლოვანი მოსარჩელის შუამდგომლობა და მის წარმომადგენლად,  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი დანიშნა. საქმე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ოჯახში ძალადობაგამოვლილმა არასრულწლოვანმა, თავად შეძლო იურიდიული დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მიემართა და სასამართლოს გზით თავად დაეცვა საკუთარი უფლებები.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით[1] ბავშვს „ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით“.

მოსამართლემ სასამართლო პროცესზე მოუსმინა არასრულწლოვანს და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა მისი პოზიცია.  რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა თავად არასრულწლოვანი მოსარჩელისთვის. გთავაზობთ მის შეფასებას:

„მე მომეცა შესაძლებლობა, მესარგებლა ჩემი უფლებით და თავისუფლად გამომეხატა ჩემი აზრი და შეხედულება იმ საკითხის შესახებ, რაც მე მეხებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, როცა გვექცევიან ისე, როგორც ზრდასრულებს და იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს. მიხარია, რომ ჩემი უფლებების დაცვის დროს, სასამართლოში მომეცა საშუალება, გამეზიარებინა და გადმომეცა ჩემი განცდები. ასაკი არ უნდა იყოს ბარიერი და შემზღუდველი ბავშვისთვის, რადგან ბავშვების განვითარებისა და უსაფრთხოების დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციის მოსმენა“.

PHR-ი აგრძელებს არასრულწლოვნების დაცვას, რომლებსაც უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს. თავიანთი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, არასრულწლოვნებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე:  2 33 13 56


[1] ბავშვის უფლებათა კონვენცია – მუხლი მე-12/2

Leave a comment