“გთხოვთ იყოთ ჩემი ადვოკატები” – PHR-ის იურისტები ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნას ითხოვენ

2018 წლის 13 იანვარს ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 13 წლის გოგონა დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. არასრულწლოვანის მონათხრობის მიხედვით, იგი მინდობით აღზრდაში ცხოვრობდა. არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენელმა, სოციალური მომსახურების სააგენტომ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სურვილებისა და აზრის გათვალისწინების გარეშე, დაიწყო ბავშვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პროცესი, რაც მისი საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას უკავშირდებოდა. საქმის ყველა ეტაპზე არასრულწლოვანი წინააღმდეგობას გამოხატავდა იმ სახლიდან წასვლაზე, სადაც, ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა გაატარა.  არასრულწლოვანი თავისივე ხელით დაწერილ წერილში მოგვმართავს – “გთხოვთ იყოთ ჩემი ადვოკატები, იმიტომ რომ არ მინდა არსად წასვლა”.

აღნიშნულის საფუძველზე PHR-ის ადვოკატებმა მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და საპროცესო წარმომადგენლად დანიშვნა ითხოვეს, რაზეც სააგენტომ კატეგორიული უარი განაცხადა და იურისტებს  ბავშვთან ყოველგვარი კომუნიკაცია აუკრძალა. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენლად ჩართვის მოთხოვნით ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

child_justiceსასამართლომ გაიზიარა ჩვენი ორგანიზაციის იურისტების პოზიცია და 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ დაუსაბუთებლად განაცხადა უარი კომუნიკაციის აკრძალვისა და არასრულწლოვნის წარმომადგენლად დანიშვნაზე. სასამართლომ იმსჯელა ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის დარღვევასა და მისი როგორც იურიდიული პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზე, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოტანილი აქტები და დაავალა, საქმის ყოველმხრივ შესწავლის შედეგად, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

PHR-ი სასამართლო პროცესზე არგუმენტირებისას ეყრდნობოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას – „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“[1]. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლობის განხორციელება არაერთ ნორმატიულ ხარვეზთან, პრაქტიკულ გამოწვევებთან, მოვალეობების არასათანადო შესრულებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში კი – ინტერესთა კონფლიქტთან არის დაკავშირებული, რაც აგრეთვე მიანიშნებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან არსებობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულვებელყოფის სისტემური, სერიოზული საფრთხე.

არასრულწლოვნისთვის სამართლებრივი რჩევის მიღებისა და იურისტებთან კომუნიკაციის შეზღუდვა სისტემური დარღვევის კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს. მშობლების ზრუნვას მოკლებული და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების უმრავლესობა დღეს მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. იმ შემთხვევებში, როდესაც არასრულწლოვნების უფლებებს, შესაძლოა, თავად სახელმწიფო უწყებები არღვევდნენ, რომლებიც მათ კანონიერ წარმომადგენლებად გვევლინებიან, ბავშვებისთვის, ფაქტობრივად, მიუწვდომელი ხდება საკუთარი უფლების დასაცავად საჭირო ყოველგვარი მექანიზმი.

განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანი იყო, ჩართულიყო დამოუკიდებელი, ნეიტრალური მხარე, რომელიც მიმდინარე პროცესში შეეცდებოდა, დაეცვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. ნაცვლად ამისა, მოცემულმა შემთხვევამ აჩვენა, რომ 14 წლამდე ბავშვები, რომელთაც სასამართლოსთვის დამოუკიდებლად მიმართვის უფლებას კანონი არ ანიჭებს მართლმსაჯულების გარეშე რჩებიან.

როგორც აღნიშნული შემთხვევა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ რჩებიან ბავშვები სასამარლოს ხელმისაწვდომობის გარეშე მაშინ, როდესაც მათ უფლებებს, შესაძლოა, თავად მშობელი ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენელი (სახელმწიფო) არღვევდეს. შესაბამისად, მათი, როგორც ბავშვების უფლებები, ხშირად, არათუ დაუცველი რჩება, არამედ მათი სავარაუდო დარღვევის შემოწმების შესაძლებლობაც არ არსებობს.


[1] 2016 წლის 02 თებერვალი, #71776/12

Leave a comment