სასამართლოს დროებითი განჩინებით ჯანდაცვის სამინისტროს შშმ ბავშვისთვის სერვისით უზრუნველყოფა დაევალა

5 მარტის დროებითი განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის სერვისით უზრუნველყოფის უწყვეტობა დაავალა. არასრულწლოვანი მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში PHR-ის იურისტები იცავენ და საქართველოს მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემასა და ზიანის ანაზღაურებას 2016 წლის 20 ივნისიდან ითხოვენ.

saqalaqo-sasamartlo.jpgსაქმის გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოში მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსარჩელე ს.ქ.-ა 2017 წლის 11 დეკემბრიდან სარგებლობდა  ერთ-ერთი დღის ცენტრის პირადი ასისტენტის მომსახურებით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღის ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, არ გააჩნია შესაბამისი სერვისი და არ ითვალისწინებს პერსონალური ასისტენტის მომსახურებას,  ს.ქ.-ას შეუწყდა ხელშეკრულება. PHR-ის იურისტებმა არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად სასამართლოს დროებითი განჩინების მოთხოვნით მიმართეს და მიუთითეს, რომ დღის ცენტრის მომსახურების შედეგად გაძლიერდა ს.ქ.-ას პოზიტიური ქცევა, აღნიშნული მომსახურების შეწყვეტა კი, გამოიწვევდა მიღწეული შედეგების გაბათილებას და ბავშვის ჯანმრთელობას შეუქცევად ზიანს მიაყენებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა PHR-ის მოსარჩელე არასრულწლოვნის მოთხოვნა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელებისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავალა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ს.ქ.-ასთვის პირადი ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა დღის ცენტრში.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ – „განჩინების მიზანს წარმოადგენს სამომავლოდ სადავოდ გამხდარი მდგომარეობის შეცვლა დაინტერესებული პირის უფლებების დაცვის მიზნით, ამასთან მისი მიღების დაყოვნებით მოსარჩელეს მიადგება ზიანი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის“. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოსარჩელე მხარის მიერ დროებითი განჩინებით მოთხოვნილი ღონისძიება საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას მოსარჩელის უფლების დროებითი დაცვისათვის სასიცოცხლო ზიანის ან არსებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით“.

Leave a comment