ოჯახში მოძალადეს პირად ცხოვრებასა და თავისუფლებაში ჩარევა დამცავი ორდერით აეკრძალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით. ძალადობაგამოვლილი ქალის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავდნენ.

2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა საქმეში წარდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსხვერპლის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების უკანონოდ მიჩნევის შესახებ და დაადგინა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით ქალის მუდმივი დაშინება, მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დამცირება, იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას, აღნიშნული კი, წარმოადგენდა ფსიქოლოგიურ ძალადობას.

დამცავი ორდერის მოთხოვნის საფუძველი მშობელსა და შვილს შორის ოჯახში არსებული კონფლიქტი გახდა, რაც გამოიწვია შვილის არატრადიციულმა რწმენამ. არატრადიციული რწმენა და  მსოფლმხედველობით ცხოვრება კი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე არაერთხელ გახდა მსხვერპლის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არაკანონიერად  მოხვედრის საფუძველი, რადგან საპატრულო პოლიციისთვის საკმარისი აღმოჩნდა მოძალადესთან გასაუბრება, რომელმაც მსხვერპლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითა და ძალადობა არ გამოიკვლია. პოლიციის მიერ ადეკვატურად ვერ შეფასდა ოჯახში არსებული ძალადობრივი ვითარება.

სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო რეაგირებაზე მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიში[1], რომელშიც ნათქვამია, რომ ოჯახში ძალადობისას სამართალდამცავების გამოწვევას წარმოადგენს განსაკუთრებით ის შემთხვევები, რომლებიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პოლიციისთვის საკმარისია მოძალადესთან გასაუბრება, რომელიც მსხვერპლის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს და ამ საფუძვლით ძალადობას უარყოფს. ჩვენი ორგანიზაციის იურისტებმა სწორედ სახალხო  დამცველის ანგარიშში გამოვლენილი პრობლემის სამართლებრივი გზით გადაჭრის პრეცედენტი შექმნეს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან სასამართლომ ფსიქოლოგიური ძალადობის სპეციალურ ფორმად მიიჩნია მსხვერპლის დაშინება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებით. შესაბამისად, მოძალადეს აეკრძალა ძალადობაგამოვლილ ქალთან როგორც ვერბალური კომუნიკაცია (მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება), ისე მსხვერპლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პირად ცხოვრებაში ჩარევა.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში/ 2016 / „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ – გვ. 632-633

Leave a comment