კერძო სკოლებში ძალადობისა და ბულინგის ფაქტების იდენტიფიცირებისთვის ეფექტური რეაგირების მექანიზმი შეიქმნება

ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტის აღმოსაფხვრელად წერილობით მიმართა. ორგანიზაციამ წერილში, ასევე მიუთითა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების ნორმატიულ საფუძვლებსა და მათი პრაქტიკაში აღსრულების შესაბამისი ცვლილებების შეტანის აუცილებლობის შესახებ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ კერძო სკოლაში ბულინგისა და ძალადობის შემთხვევის საფუძველზე მიმართეს. ამავე საქმეზე, ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოუწოდა, შექმნას კერძო სკოლებში ბავშვთა ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი: – „მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში არსებობდეს ბავშვის ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დაცვის მაღალი სტანდარტი. შესაბამისად, აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია განისაზღვროს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი მონიტორინგის ორგანოს ფუნქციები და პროცედურები ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხების მოკვლევის პროცესში; ასევე, გაიწეროს კერძო სკოლის პედაგოგთა და არასრულწლოვანთა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

როგორც ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 10 ოქტომბერს აცნობა – „დაწყებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი დებულების შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში განსაზღვრულია კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმი. ასევე, სკოლებს მოეთხოვებათ, კონკრეტულად გაწერონ ბავშვის მიმართ ძალადობის მოკვლევის პროცესის მიზნები, ფუნქციები და პროცედურები“.

PHR-ის იურისტები ბავშვებს სკოლებში არსებული ბულინგისა და ძალადობისგან სამართლებრივი ადვოკატირების გზით დაიცავენ.

Leave a comment