PHR-ის სამართლებრივი დახმარება მხარდაჭერის მიმღების საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის პროცესში

2017 წლის პირველ სექტემბერს გამართულ პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტის პოზიცია ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდაჭერის სფეროებისა და ფარგლების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს მხარდაჭერა ყველა სფეროში ესაჭიროებოდა, სასამართლომ მხარდაჭერა დააწესა მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებიც PHR-ის იურისტების პოზიციით, აუცილებელი იყო მხარდაჭერის მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.

საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური პაკეტის (პენსია) აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროებში მხარდამჭერის დანიშვნის დროს PHR-ის იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რაც მხარდაჭერის მიმღებ პირებს წარმოეშობათ პენსიის მიღებისა და განკარგვის პროცესში, თუკი სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული მხარდამჭერის უფლებამოსილების ფარგლები კონკრეტულ სფეროსთან მიმართებით, მოქმედებს ის დამოუკიდებლად, მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად თუ – მხარდაჭერის მიმღები პირი დამოუკიდებლად ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას.

PHR-ის იურისტის მოსაზრებით, მხარდამჭერის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრა უნდა მოხდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და მიზნად ისახავდეს მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. სასამართლომ მოცემულ საქმეზე სრულად გაიზიარა PHR-ის პოზიცია და მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრის დროს დაეყრდნო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

სამართლებრივი დახმარება განხორციელდა პროექტის ,,ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც PHR-ის მიერ ხორციელდება ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.

 

Leave a comment