სექსუალური შევიწროების პრეცედენტული საქმე სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო სასამართლომ სექსუალური შევიწროების პირველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და 12 დეკემბერს ძალაში დატოვა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საქმეზე – „თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შალვა რამიშვილმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამუშაო ადგილზე, სექსუალურად შეავიწროვა თათია სამხარაძე.

შესაბამისად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა შალვა რამიშვილის სააპელაციო საჩივარი და განხორციელებული ქმედებისთვის სასამართლომ მას სექსუალური შევიწროების მსხვერპლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 2 000 ლარის ოდენობით დააკისრა. თათია სამხარაძის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტები იცავდნენ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ პირველად იმსჯელა ქალის დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ, ეს საქმე პრეცედენტულია, – ის გზას უხსნის სხვა ქალებს თავიანთი უფლებების დასაცავად  და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საბრძოლველად.

  • საერთო სასამართლოებმა თათია სამხარაძის საქმე სექსუალური შევიწროების ფაქტზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით პირველად განიხილეს, რამაც  მსგავსი ტიპის დავების განხილვისთვის პრეცენდენტს წარმოადგენს.2018 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ მსგავსი ტიპის დავის განხილვისას მტკიცების სტანდარტთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი განმარტებები წარმოადგინა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებსა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ამ ფორმის მატერიალურ სამართლებრივ საფუძვლებზე. სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით გამოიყენა როგორც უცხოური, ისე საერთო სასამართლოების პრაქტიკა.

მნიშვნელოვანი აღნიშვნები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

  • პალატამ მნიშვნელოვანი განმარტებები წარმოადგინა ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვით შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების დროს მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს.
  • მოცემული დავის ხასიათიდან გამომდინარე,   სასამართლომ უკანონოდ მოპოვებული ფარული აუდიო ჩანაწერის დასაშვებობაზე განმარტა, რომ ფარულ (აუდიო/ვიდეო) ჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ცალკე დათქმას არ შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არც მტკიცებულებათა მოპოვების რაიმე წესს ადგენს. შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულად უნდა ჩაითვალოს მტკიცებულება, თუ მისი მოპოვებით ამა თუ იმ კანონით დადგენილი წესი ირღვევა ან თუ მისი მოპოვებით მხარეთა ან მესამე პირთა უფლებები ილახება. მტკიცებულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მისი მოპოვების არამართლზომიერება განაპირობებს და არა მტკიცებულების შინაარსი.
  • სასამართლოს განმარტებით კი, მოპოვების არამართლზომიერებაში, პირველ რიგში, მოწინააღმდეგე მხარის უფლებებში უნებართვო ჩარევა იგულისხმება, რითაც მხარის კონსტიტუციურ სამართლებრივი უფლებები ირღვევა. ერთი პირის სამოქალაქო უფლების დაცვა კი მეორე პირის კონსტიტუციით უზრუნველყოფილ გარანტიათა შელახვის ხარჯზე, დაუშვებელია. თუმცა, პალატა განმარტავს რომ, მითითებული აკრძალვა აბსოლუტურ ხასიათს არ ატარებს. ორმხრივი ინტერესის აწონ დაწონვისა და ურთიერთ შეჯერებული ანალიზის შედეგად, კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება შეიძლება დასაშვებ მტკიცებულებადაც იქცეს.
  • ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლოს განმარტება, რომლის ამბობს, რომ თუ პირადი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება საქმე, დაცულობის ხარისხი განსხვავებულია. თუ სახეზეა ინტიმური სფერო, იგი აბსოლუტური დაცვით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ჩარევა არცერთი საფუძვლით არ არის გამართლებული. თუ საქმე ინტიმს არ ეხება, მაშინ იგი აბსოლუტური პრივილეგიით არ სარგებლობს. მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში.

ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი ინტერესების აწონდაწონის შედეგად, სასამართლომ უკანონო გზით მტკიცებულების მოპოვება შეიძლება იმ პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით გაამართლოს, რამაც მხარეს მტკიცებულების უკანონოდ მოპოვება აიძულა.

სასამართლოს  მტკიცებულების დასაშვებობის დასადგენად მაგალითად მოყავს ისეთი შემთხვევა, როდესაც პირს გარიგებაზე იძულების ისეთი მეთოდების გამოყენების გზით მოაწერინეს ხელი, რომელიც ნების გამოხატვის თავისუფლებაზე ზემოქმედებს, თუმცა, განსხვავებით ფიზიკური ზემოქმედებისაგან, ე.წ. „კვალს“ არ ტოვებს. ასეთ ვითარებაში გარიგებაზე ხელმომწერი პირის მიერ ფარული აუდიო (სატელეფონო) ჩანაწერის შექმნა, მტკიცებულების არამართლზომიერად მოპოვებას ამართლებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, იგულისხმება, რომ მხარეს მტკიცებულების „მართლზომიერად მოპოვების“ შესაძლებლობა შეზღუდული აქვს და მტკიცებულების ამ გზით მოპოვება, თვითდახმარების ფარგლებში, გარდაუვალი აუცილებლობით არის განპირობებული. შესაბამისად, ფარული მოსმენის, გადაღებისა და ა. შ. გზით მოპოვებული მტკიცებულება მართლზომიერად მოპოვებულ და დასაშვებ მტკიცებულებად არ მიიჩნევა, თუ მხარეს მტკიცებულების შექმნის სხვა შესაძლებლობა შეზღუდული არ აქვს.

Leave a comment