PHR-მა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 წლამდე ბავშვების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა

ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და 16 წლამდე ბავშვების სასამართლო კონტროლის გარეშე სტაციონარული ფსიქიატრიულ მკურნალობის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.  PHR-ს მიაჩნია, რომ 16 წლამდე ბავშვების არანებაყოფლობითი წესით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება უნდა ხორციელდებოდეს სხვა ასაკობრივი ჯგუფის მსგავსად. ორგანიზაციის სარჩელის რეგისტრაცია 2017 წლის 22 იანვარს განხორციელდა. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს 12 წლის არასრულწლოვანი საბა ქუთელია წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლო.jpgგამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 16 წლამდე ბავშვების ნებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობა არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს, იქმნება საფრთხე იმისა, რომ ბავშვი თვითნებურად იქნეს მოთავსებული სტაციონარში კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით ან კანონიერი წარმომადგენელი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო იძულებული იყოს მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კანონმდებლობაში არ არსებობს 16 წლამდე პირის სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების, განმაპირობებელი გარემოებების, ალტერნატიული საშუალებების შეფასების ნეიტრალური, დამოუკიდებელი ინსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც განიხილავდა ნებაყოფლობითი სტაციონარული მკურნალობის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა 16 წლამდე ბავშვს არ ანიჭებს ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ მშობლისა და ექიმების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, PHR-ს მიაჩნია, რომ ირღევა სასამართლოს ხელმისაწვდომობის (სასამართლოსათვის მიმართვის) უფლებას.

ორგანიზაციის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა ნორმა, რომელიც 16 წლამდე პირს არ აძლევს კანონიერი წარმომადგენლის თანხობის გარეშე ფსიქიატრიული დაწესებულების დატოვების შესაძლებლობას, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უფლებას.

ამასთან, PHR-ის იურისტები კონსტიტუციური სარჩელი ითხოვენ შესაბამისი ნორმების[1] არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც არასრულწლოვანს აკისრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულლებას. PHR-ი მიიჩნევს, რომ რადგან არასრულწლოვანს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს საკუთარი შემოსავალი და ფინანსურად დამოკიდებულია სხვა პირებზე, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისთვის არასრულწლოვანს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ უნდა ეკისრებოდეს და არსებული საკანონმდებლო ნორმა უნდა ჩაითვალოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით სარგებლობის დაუძლეველ წინააღმდეგობად. 


[1] „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

 

Leave a comment