როგორ შეასრულა ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის რეკომენდაციები?!

2017 წლის  27 თებერვალს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ – ზაზა სოფრომაძემ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავდა 50-ზე მეტ რეკომენდაციას. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, რომელმაც ის საკითხები გამოჰყო, რაც თემატურად ორგანიზაციის პრიორიტეტებად ისახება.

სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს ავალდებულებდა, მიეღო ყველა საჭირო ზომა, რათა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული არცერთი პაციენტის მიმართ აღარ ყოფილიყო გამოყენებული იზოლაცია, როგორც პაციენტის დასჯის მეთოდი. აღნიშნული რეკომენდაციის პასუხად მომხსენებელმა განაცხადა, რომ პაციენტის მიმართ მოპყრობის წესები განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული წესების დარღვევისთვის, ორ სამედიცინო დაწესებულებას ჩამოერთვა ლიცენზია.

ომბუდსმენის მორიგი რეკომენდაციების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გადაემზადებინა ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალი, ასევე, შეექმნა ნორმატიული ბაზა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაციების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიეღო ყველა საჭირო ზომა ფსიქიატრიული მომსახურების გაწევის ახალი მოდელის დასამკვიდრებლად, რომელიც პაციენტის თანხმობაზე იქნებოდა დამოკიდებული და ასევე, უნდა დაეწყო პაციენტების რესოციალიზაციის მიზნით, მათი საცხოვრისებში გადაყვანის პროცესი.

მინისტრის მოადგილის მოხსენებით, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს ფსიქიატრიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის შემუშავების საკითხი. მომზადებულია საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შეფასებითი ანგარიშიც, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს ამ სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ. ამასთან, ევროსაბჭოს დახმარებით მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულების შიდა მონოიტორინგის მექანიზმის შემუშავებაც. მომხსენებელმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ეხებოდა ფსიქიატრიული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, აღნიშნა, რომ 2016 წლის ბოლოს, განხორციელდა რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონერვული საავადმყოფოს პრივატიზება. მისი თქმით, ასევე, დაგეგმილია სხვა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ზემოაღნიშნული რეკომენდაცია დრო და დრო შესრულდება.

ქმედუნარიანობის რეფორმასთან დაკავშირებით ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის ინფორმირებისა და გადამზადების საკითხზე საუბრისას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, დღეისათვის, გადამზადებულია თბილისის 120 ჯანდაცვის წარმომადგენელი, ასევე, 2015-2016 წლებში ჩატარდა ტრენინგების 6 ციკლი ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალისა და სოციალური მუშაკებისათვის პაციენტის მოვლის საკითხებში; 2017 წელს კი, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა საკითხებთან დაკავშირებით პერსონალის განმეორებით გადამზადებას გეგმავს.

რაც შეეხება, სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც სამინისტროს ავალდებულებდა, სოციალურ მუშაკებს გაეძლიერებინათ კომუნიკაცია არასრულწლოვან პაციენტებთან, ზაზა სოფრომაძემ აღნიშნა, რომ ბავშვთა ზრუნვის 24 საათიან დაწესებულებებში ბავშვთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ სოციალურ მუშაკებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება, რომ ბავშვს აქვს ფსიქიატრიული საჭიროებები, იგი გადაყავთ თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა დეპარტამენტში, სადაც მას უტარდება სათანადო მკურნალობა. აღნიშნულ პროცესში, ბავშვის ინტერესებს იცავს სოციალრი მუშაკი და სწორედ ის ხდება ბავშვის წარმომადგენელიც. მინისტრის მოადგილემ დამატებით აღნიშნა, რომ იმ არასრულწლოვნებთან მიმართებით, ვინც არ იმყოფებიან სახელმწიფო მზრუნველობის მომსახურების ქვეშ, სოციალური მუშაკი ერთვება მშობლის მიერ ძალადობის რეფერირების პროცესში და დახმარებას უწევს არასრულწლოვანს.

მოხსენების ბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დამატებითი კითხვები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ მდგომარებაზე დაუსვა. მან აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს განეხორციელებინა ცალკეული პროგრამები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უვადოდ მოთავსებული პაციენტების მიმართ. ასევე, სახალხო დამცველი დაინტერესდა, შეიქმნა თუ არა ხანდაზმულთა დაწესებულებებში ძალადობის აღკვეთის სისტემა აღნიშნული ფაქტების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, რაზეც მომხსენებელმა უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, მიმდინარეობს მუშაობა, დაწყებულია რამდენიმე ფსიქიატრიული დაწესებულების პრივატიზება, რაც გააუმჯობესებს იქ არსებულ სიტუაციას.

სხდომაზე დასმულ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებასთან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც დაწყებულია სამუშაოები. ქვეყანაში უკვე არსებობს ორი დასაქმების კონსულტანტი და სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას.

iOS_app_iconიხილეთ ვიდეო 

Leave a comment