რა ზიანის მოტანა შეუძლია სახელმწიფო უწყებების არააკოორდინირებულად მუშაობას გენდერული სტატისტიკის წარმოებისას

ავტორი: სოფიო მენაბდიშვილი

ავტორი: სოფიო მენაბდიშვილი

მე იურისტი ვარ, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ხშირად სამართალწარმოების პროცესში, იმისთვის რომ ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემის აქტუალობასა და მასშტაბურობას გავუსვა ხაზი, მჭირდება სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ვითხოვ. ამ პროცეში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ  გენდერული სტატისტიკის დამუშავების დროს უწყებებს შორის არ არსებობს კოორდინირებული მუშაობა, რაც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეყანაში ქალების ძალადობისგან დაცვისა და გენდერული ძალადობის დაძლევის მიმართულებით.

გენდერული სტატისტიკა, რომელიც გენდერული მონაცემის ერთ-ერთი ფორმაა, ეხება ცხოვრების ყველა სფეროს და ასახავს ქალების და კაცების მდგომარეობას საზოგადოებაში, ასევე ამ მდგომარეობის გამომწვევ ფაქტორებს.[1] გენდერული სტატისტიკის შეგროვებას საქართველოში მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. მის მნიშვნელობაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკა უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. თუმცა, ჩვენი სახელმწიფოს რეალობაში ეს  ჯერ კიდევ განუხორციელებელი ვალდებულებაა.

დღევანდელ მოცემულობაში, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ერთ-ერთი პრობლემა  უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის ნაკლებობაა. ისინი ხშირად ვერ თანხმდებიან ძალადობის დეფინიციებზე, კატეგორიებზე და სხვადასხვა, არაშედარებად მონაცემებს აგროვებენ, რაც არ გვაძლევს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ერთიან მონაცემებს.  ასევე არაკოორდინირებულობაზე  საუბრისას, მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უწყებები ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესში, ფაქტობრივად, არ ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი  ქალების საკითხს.

გენდერული სტატისტიკის შეგროვება რთული და მრავალსაფეხურიანი პროცესია. არსებობს უწყებების მიერ გენდერული სტატისტიკის განსხვავებულად აღქმის რისკი,   რაც შეუძლებელს გახდის ზუსტად და ეფექტურად მონაცემების შეგროვებას. სწორედ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად სჭირდებათ უწყებებს კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებული სტანდარტებით მუშაობა.

გენდერული ნიშნით ძალადობის დროს სტატისტიკის მიზნობრიობაზე მსჯელობისას, აუცილებლად  გამოიკვეთება ის ლოგიკური ჯაჭვი, რაც სხვადასხვა უწყებას გენდერული სტატისტიკის მოსაპოვებლად სჭირდება. სახელმწიფო გენდერულ სტატისტიკას საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გაწერილი ვალდებულებების გამო კი არა, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შეფასებისა და შეგროვილ მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის უნდა აწარმოებდეს, რაც გენდერული თანასწორობის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა.

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნაა, იმ უწყებებმა, რომლებიც გენდერული ძალადობის შესახებ ადმინისტრაციულ მონაცემებს აგროვებენ, კოორდინირებულად იმუშაონ. დაუშვებელია, მაგალითად, ქალთა მკვლელობების შესახებ, სხვადასხვა უწყება სხვადასხვა სტატისტიკას აქვეყნებდეს. შესაბამისად, უწყებებს შორის უნდა არსებობდეს შეთანხმება სტატისტიკის იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა შეგროვებაც სრულფასოვნად აღწერს ამა თუ იმ მოვლენას.

მნიშნველოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უწყებები ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის შესახებ მონაცემების დამუშავების პროცესში, ფაქტობრივად, არ ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ქალების საკითხს. სტატისტიკა მიუთითებს, რომ საერთაშორისო მონაცემების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც შშმ ქალები მინიმუმ ორჯერ უფრო ხშირად ხდებიან გენდერული ძალადობის მსხვერპლები, საქართველოში ამგვარ დანაშაულზე ფაქტობრივად არ იწყება გამოძიება. სტატისტიკა ბადებს კითხვებს, თუ რამდენად ეფექტურია სამართალდამცავთა მუშაობა ამ მიმართულებით და რამდენად აქვთ შესაძლებლობა შშმ ქალებს ისარგებლონ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს?!

თანამედროვე ეპოქაში სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის არაეფექტურობას განაპირობებს როგორც სათანადო ინფორმაციის უქონლობა, ისე საკანონმდებლო ნორმათა არასწორი ინტერპრეტაცია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის ტრადიციული განმარტებები არ შეესაბამება პრაქტიკაში არსებულ სიძნელეებს. ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ესა თუ ის ფორმა შესაძლოა, გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში, რომლებშიც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია ძალადობის რაიმე ნიშნის დანახვა. სინამდვილეში ამ ქმედებას შეიძლება მოყვეს სავალალო და დამაზიანებელი შედეგი.

გენდერული სტატისტიკა ყველაზე სანდო წყაროა მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მისაღებად. სტატისტიკური მონაცემი არის ის მტკიცებულება, ინფორმაცია, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შემქმნელებმა დაინახონ და აღიარონ ქალსა და კაცს შორის არსებული განსხვავების რეალური სურათი და მისი გავლენები ყველა სფეროზე და უბიძგებს მათ, მიიღონ სათანადო, გენდერულად სენსიტიური გადაწყვეტილებები და ასევე გახადონ კანონმდებლობა მეტად გენდერულად სენსიტიური.[2] ყოველივე ამის გამო, სავალდებულოა, კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის და ამასთან, კოორდინაციის გამოყენება როგორც სხვა, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობის საქმეეში.

[1] UN ECE, Developing gender statistics, a practical tool. 2010. p.8 http://www.unece.org/fileadmin/DAM/stats/publications/Developing_Gender_Statistics.pdf

[2] Gender indicators in evidence-based policymaking. Global forum on gender statistics. 26-28 January 2009.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s