PHR-ის საჩივარი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო

2019 წლის 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტის განხილვის მიზნით.

აღნიშნულ შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ბავშვთა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შეხვედრის მეორე ნახევარში, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  წევრების ანა აბაშიძის და ანა არგანაშვილის მიმართ.

51708287_2302912326421955_4648752724358201344_n

ფოტო: UNICEF Georgia

კერძოდ, სოფიო კილაძემ საჯაროდ აღნიშნა: ,,ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ პირდაპირ გქონდათ, თქვენ და ანა არგანაშვილს, დავალებული პირდაპირ, რომ ამ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ, გამოსულიყავით მედიასაშუალებებში, გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა…“ პარლამენტის წევრმა ასევე პასუხი მოსთხოვა PHR-ის წარმომადგენლებს, მათ მიერ სოციალურ ქსელში, პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზე:  ,,კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი…“ შემდეგ კი ანა აბაშიძეს უფლება შეუზღუდა პასუხი გაეცა ბრალდებებზე: ,,თქვენ როცა იქნებით თავმჯდომარე, მაშინ შეგიძლიათ [ილაპარაკოთ} … რა არის ეს გამოხტომები. ანგაჟირებული დავალებული ადამიანებისგან არაფერს არ ვიღებ.  თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი და თქვენგან არაფერს არ ვიღებ და არც მოგისმენთ რა“.

მან ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ ვინ ავალებს არასამთავრობო ორგანიზაციას კანონ-პროექტზე კრიტიკული შენიშვნების გამოთქმას.

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო კილაძის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შეუსაბამო გამოთქმები  და საზოგადოებრივი პროტესტი ამაზე პირველი არ არის, მათი არასრული სია ასე გამოიყურება:

  1. 2018 წლის 01 მაისს „თანასწორობის მოძრაობის“ წევრებმა და მოძრაობის მხარდამჭერებმა პარლამენტთან გამართეს საპროტესტო აქცია და მოითხოვეს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა, ვინაიდან მან გააკეთა ადამიანის უფლებების სტანდარტისადმი შეუსაბამო განცხადება 17 მაისის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. [1]
  2. 2018 წლის იანვარში პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თანამშრომელმა, ელგა ფოლადაშვილმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი სოფიო კილაძის წინააღმდეგ, და იგი დისკრიმინაციის განხორციელებაში დაადანაშაულა.[2]
  3. 2018 წლის ნოემბერში თამაზ სოზაშვილმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი სოფიო კილაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე[3].
  4. 2019 წლის იანვარში, არასამთავრობო ორგანიზაციათა „კოალიციამ თანასწორობისათვის“ გაავრცელა საჯარო განცხადება[4] სოფიო კილაძის მხრიდან კომიტეტის შეხვედრაზე განხორციელებული უმოქმედობის შესახებ, რომლითაც მან ვერც ეთნიკური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება არ აღკვეთა კომიტეტის სხდომაზე და არც თავად გაემიჯნა სიძულვილის ენას.

მიგვაჩნია, რომ სოფიო კილაძის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევას გააჩნია სისტემატიური ხასიათი და აუცილებელია აღნიშნულს მიეცეს შესაბამისი შეფასება საქართველოს პარლამენტის მხრიდან.

საქართველოს პარლამენტმა, 2018 წლის 31 ოქტომბერს მიიღო დადგენილება, „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, რომლიც ადგენს პარლამენტის წევრის ქცევის წესს, მისი სტატუსიდან გამომდინარე.

საქართველოს პარლამენტის წევრის, სოფიო კილაძის ზემოთ მოყვანილი ქცევა სისტემატიურად არღვევს ეთიკის კოდექსის პრინციპებსა და წესებს.

იგი, როგორც პარლამენტის წევრი არ ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის გზით (მუხლი 2, პუნქტი „ა. ბ“). მისი მხრიდან ინსტიტუტების უპატივცემულობა გამოიხატება თავად პარლამენტის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტიტუციის რეპუტაციის შელახვით.

სოფიო კილაძე ასევე ხელს არ უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზით (მუხლი 2, პუნქტი „ა. დ“) და პერმანენტულად ღირსების შემლახველ მიმართვებს იყენებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ, რითაც აფერხებს მათი მხრიდან დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას.

პარლამენტარი ასევე არღვევს ეთიკის კოდექსის თანასწორობის პრინციპს და გამოხატავს უპატივცემულობას განსხვავებული შეხედულებების მქონე, გენდერული იდენტობის თუ სხვა ნიშნით განსხვავებული პირების მიმართ (მუხლი 2, პუნქტი „ბ. ა“).

პარლამენტის წევრი არ გამოხატავს პატივისცემას მოქალაქეების მიმართ და იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია განსხვავებული შეხედულების თუ ნიშნის მიუღებლობისკენ (მუხლი 2. პუნქტი „ბ. გ.“).

პარლამენტის წევრი არღვევს ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ხელს არ უწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას (მუხლი 2. პუნქტი 9 „დ“ ).

ქცევის კოდექსის პრინციპების უგულებელყოფით, პარლამენტარი, სოფიო კილაძე არღვევს ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტით გათვალიწინებულ ქცევის წესს, კერძოდ „პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახავი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, აგრეთვე სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება“.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს:

  • გთხოვთ, მისცეთ შეფასება ეთიკის კოდექსის დარღვევას, მიმართოთ სოფიო კილაძეს სარეკომენდაციო ბარათით და დარღვევის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოთ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე (ეთიკის კოდექსის დამრღვევი დეპუტატის სახელისა და გვარის მითითებით).

[1] წყარო: https://reginfo.ge/human-rights/item/6641-%E2%80%9Etanasxorobis-mowraobam%E2%80%9C-sopo-kilawis-gadadgoma-moitxova

[2] წყარო: http://www.tabula.ge/ge/story/128611-kiladze-diskriminaciis-braldebaze-es-piradad-chems-diskreditacias-isaxavda-miznad?fbclid=IwAR0k6JzmsNIzcxFTsDuw1a4An7DEIDxEHNSMRZS5BxWwn1Zr1A6nAYNDlrc

[3] წყარო: http://ghn.ge/com/news/view/217222/?fbclid=IwAR02Cey33jcGF7FjShpAD2qnn8E45wqOOtZlGp7vvwQFrfLBqTTojW80IwA

[4] წყარო: https://gyla.ge/ge/post/koalicia-tanastsorobisatvis-gmobs-saqartvelos-parlamentis-adamianis-uflebata-dacvis-komitetis-samushao-jgufis-skhdomaze-sidzulvilis-enis-gamoyenebas?fbclid=IwAR2cLTHA34jx4xMjdodbTYgsNwUZZmWOotJ9Df0rLeY7sFXdPqHc2xwq96Q#sthash.yonFSX3i.VGhl3q5y.dpbs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s