ქალის სხეული

TamarKuratishvili - Copyჩვენ, საქართველოში დაბადებული ქალები ვართ, იმ უთანასწორო გარემოში, სადაც კაცი პრივილეგირებულია – საკუთარი თავის პატრონია, ქალი კი – ქალი კაცის საკუთრებას წარმოადგენს. არც მთლად ისე მინდა, გამოვიდეს, თითქოს, უთანასწორობის პრობლემა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამ პრობლემის წინაშე დგას, ვერაფერ შვებას ვერ მაძლევს.

ყველა სახელმწიფოს თავისი კულტურა და ისტორია აქვს, მე ჩემი ქვეყნის კულტურიდან და ისტორიიდან ვიყურები და თვალის ახვევა არგუმენტით, თითქოს – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, – არ მიმაჩნია ამოსავლად. მით უფრო, როცა ამ ციტატაში „ლომის ლეკვები“ მოიაზრებიან, – სამეფო ოჯახის წევრები და მიუხედავათ ამ ნაწარმოების გენიალურობისა, ტექსტი მასაზე არ ზოგადდება.

გამოიარეს ქართველმა ქალებმა პერიოდი, როცა კაცის სათაყვანებელ არსებებად, სასიყვარულო ობიექტებად მიიჩნეოდნენ, გამოვიარეთ ომში მებრძოლი ქალების ეპოქა, გამოვიარეთ ხვნა-თესვაში აქტიურად ჩაბმული ქალების ეპოქა, და დიასახლისი ქალების ეპოქასა და საქმიანი ქალის ეპოქაში გავიჭედეთ. გავიჭედეთ იმიტომ, რომ სწორედ ახლა ვიწყებთ კაცებისგან დახსნას და სწორედ ახლა გადავდივართ დამოუკიდებლად არსებობის ეპოქაში, სადაც ქალს, კაცის მსგავსად, კაცის თანასწორად, თავისი სხეული და ცხოვრება თავად უნდა ეკუთვნოდეს.

როგორია, როცა არჩევანის გაკეთება გიწევს ოჯახის ყოლასა და კარიერულ წინსვლას შორის?! ქალს საზოგადოება გაცილებით მაღალ სტანდარტებს უწესებს, ვიდრე კაცს. ხშირად მომისმენია ფრაზა, რომ ქალს მუშაობას არავინ უშლის, ოღონდ მას შემდეგ, რაც ბავშვებზე იზრუნებს, მას შემდეგ, რაც სახლში სისუფთავე და წესრიგი იქნება, მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს გემრიელ სადილს დაახვედრებს. ამ სოციალური როლების გათვალისწინებით კი, კარიერასა და სამსახურზე ფიქრი არც ისე მარტივია. მით უფრო, რომ დასაქმების ადგილასაც, დამატებით, უთანასწორო პირობები არსებობს – ერთი და იგივე სამუშაოს შესრულებისთვის ქალის სამუშაო მამაკაცთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად ნაზღაურდება.

აქ პრობლემა მხოლოდ კაცებში არ არის. არც თავად ქალები არიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. მაგალითად, დიასახლისი ქალები არ პატიობენ დასაქმებულ ქალებს იმას, რომ პროფესიული განვითარებისთვის, თვითდამკვიდრებისთვის იბრძვიან. ქალები თავად უწევენ სხვა ქალებს წინააღმდეგობას, თავადვე უწესებენ მაღალ სტანდარტებს. ბავშვს დედის ყურადღება სჭირდება, ქმარს ცოლი, სახლს მოვლა – ამიტომ, ამ ყველაფრის შეთავსება როგორც არ უნდა ეცადო, კმაყოფილი არასდროს არავინ არ არის. შენც დადიხარ დანაშაულის გრძნობით სავსე და ვერ გაგირკვევია, მუშაობა გირჩევნია, თუ დიასახლისობა.

საზოგადოება გვაიძულებს, დავივიწყოთ, რომ ქალები ადამიანებად დავიბადეთ, თავისუფლებად და არა მხოლოდ ქალებად კაცებისთვის, დედებად შვილებისთვის. იმაზე უაზროდ და დროის ფუჭად კარგვად არაფერი მიმაჩნია, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე იმის მტკიცებაა, რომ შენც ისეთივე ადამიანი ხარ, როგორიც კაცი, შენც ისევე შეგიძლია გადაწყვეტილების მიღება, როგორც კაცს, შენც ისევე გჭირდება თვითდამკვიდრება, როგორც კაცს. ხოდა, ახლა დროა, ქალებმა საკუთარი სხეულები დავიბრუნოთ, საკუთარი თავის მმართველები თავადვე გავხდეთ, რადგან სხვანაირად ვერ მოვახერხებთ იმ უთანასწორობიდან გამოძრომას, რაშიც დღემდე გაჭედილები ვართ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s