ახლა ადევნება დასჯადია!

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი გოგო მოკლეს. ფაქტმა ზოგში აღშფოთება, ზოგში ბრაზი, ზოგში კი, შეცოდება და თანაგრძნობა გამოიწვია მკვლელის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებითაც კი ბევრი მათგანი იმუქრებოდა, განაჩენი წინასწარ გამოჰქონდათ. ასეთი მწვავე რეაქციები საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ქალს კლავენ. მაგრამ მანამ სად ვართ, სანამ ქალს მოკლავენ?! ვერაფრით მიგვიღწევია იმისთვის, რომ მსგავსი აღშფოთებითა და სიმკაცრით განვეწყოთ მაშინაც, როცა საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ ხდება ქალი ნებისმიერი ფორმით ძალადობის მსხვერპლი.

არა და, საქართველოში ყოველ დღე, თუ ყოველ წუთას არა, ქალები ძალადობის მსხვერპლები არიან  და ამაზე დუმს ყველა. იყო დრო, როცა კანონიც დუმდა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებიც. დღეს ამ მიმართულებით ბევრი რამ შეიცვალა და. ქალთა ძალადობისაგან დაცვის გარანტიები გაცილებით  გაიზარდა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ.

ალბათ, თქვენამდეც მოაღწევდა ინფორმაცია, რომ თუ აქამდე სატელეფონო საშუალებით შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამოგზავნა და თვალთვალი, რაც ფსიქოლოგიურად თრგუნავდა ქალს და ხშირად იძულებულს ხდიდა  ცხოვრების წესიც კი შეეცვალა – დასჯადი არ იყო, დღეს ადევნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის მიხედვით წარმოადგენს დანაშაულს. აღნიშნული მუხლი ძალაში  შევიდა 2017 წლის პირველ ივნისს. ადევნება იცავს ადრესატის ფსიქიკურ ხელშეუხებლობას, სიმშვიდეს და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებას.

ადევნებას, ისევე როგორც სხვა სახის შევიწროებას, ძირითადად, ქალები განიცდიან, რასაც კულტურული, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები განაპირობებს. სამწუხაროდ, საზოგადოება  ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ მამაკაცი დომინანტია და ქალი ვალდებულია მას დაემორჩილოს, მამაკაცს აქვს უფლება აკონტროლოს ქალის ცხოვრება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.  შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებები ხელს უშლის ზოგადად ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის  სათანადოდ აღქმას. უფრო მეტიც,  ამ დრომდე, შესაბამისი კანონის არ არსებობაც და აქედან გამომდინარე სამართალდამცავების მხრიდან არაეფექტური რეაგირება, ერთგვარად ხელშემწყობ ფაქტორსაც კი  წარმოადგენდა.  

მნიშვნელოვანი და დროული ცვლილებაა ადევნების დასჯადობა. აღნიშნული მუხლის უნივერსალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სჯის ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს. ეს შეიძლება იყოს უშუალოდ ნათესავი, მეგობარი, კოლეგა, მეზობელი და სხვა. მაგალითად, თუ თქვენი კოლეგა თქვენთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებს ანუ გიგზავნით უხამს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ან ვერბალურად გავიწროებთ, რაც ფსიქიკურ ტანჯვას გაყენებთ და  გაიძულებთ, შეიცვალოთ სამსახური, იცოდეთ რომ ეს ადევნებაა და  ისჯება კანონით.

ვის იცავს ადევენების მუხლი? – ნებისმიერ პირს ანუ ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე პირს, მის ოჯახის წევრსა და ახლო ნათესავს.   

უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ადევნება გულისხმობს – უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, – ტელეფონის, სოციალური ქსელის, ელექტრონული ფოსტის თუ სხვა საშუალებით, ასევე, ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას. მნიშვნელოვანია, ჩამოთვლილი ქმედებებიდან რომელიმე ერთი მაინც სისტემატურად ხორციელდებოდეს და ამავდროულად, ადრესატში იწვევდეს ფსიქიკურ ტანჯვას ან/და მისი ან მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც თავის მხრივ, პირს აიძულებს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ადევნების ყველაზე გავრცელებული შემთხვევებია, როდესაც ქალს  საცხოვრებელთან სისტემატურად ხვდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ან ემუქრებიან, რაც ამ უკანასკნელს აიძულებს, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი ან შეწყვიტოს სწავლა, მოკლედ რომ ვთქვათ, აიძულებს, აღარ აკეთოს ის, რისი კეთებაც სურს.

ადევნების კრიმინალიზაცია, მხოლოდ საზოგადოებისთვის კი არა, სამართალდამცავებისთვისაც სიახლეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, სამართალდამცავებს უჭირთ ქმედების ადევნებად აღქმა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, წინგადადგმული ნაბიჯია  151-ე პრიმა მუხლის არსებობა, თუმცა, მთავარი მისი პრაქტიკაში გამოყენება და ეფექტური რეაგირებაა, რაც ერთი მხრივ საზოგადოების მხრიდან მაღალ სამოქალაქო აქტივობასა და მსგავსი ფაქტების შესახებ თვალის არ დახუჭვას გულისხმობს, და მეორე მხრივ კი, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ნორმის ეფექტურად გამოყენებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s