ბავშვების ადგილი კონსტიტუციაში

7

                                                                                                       ავტორი: ანა არგანაშვილი


რა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო, რაც შეგვიძლია მივცეთ ბავშვებს?-იკითხა 1987 წელს ამერიკელმა ბავშვთა უფლებათა დამცველმა, მეი ჰარლიმ და თავადვე უპასუხა კითხვას – სამართლიანობა, მშვიდობა, კეთილდღეობა და თავისუფლება, ანუ კონსტიტუციის პრეამბულით დაცული სიკეთეები[1].

მიუხედავად ამისა, ბავშვთა უფლებები კონსტიტუციაში, ჯერ კიდევ, იშვიათად ხდება კანონმდებლების ყურადღების საგანი.

2008 წელს, როდესაც UNICEF-მა ბავშვთა უფლებების კუთხით იკვლია სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციები, ისინი 3 ტიპად დააჯგუფა:

კონსტიტუციები „უხილავი ბავშვებით“ – სადაც, ძირითადად, 1945-წლამდე მიღებული კონსტიტუციის ტექსტებია და მათში ბავშვების შესახებ, ფაქტობრივად, არაფერია ნათქვამი.

კონსტიტუციები ბავშვების „სპეციალური დაცვის“ ნორმებით, უმეტესად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღეს, მათში ყურადღება გამახვილებულია არა იმდენად ბავშვზე, როგორც უფლებების სუბიექტზე, არამედ, როგორც ობიექტზე, რომელიც განსაკუთრებულ დაცვასა და მოფრთხილებას საჭიროებს. ამ მიდგომას 1948 წლის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ტექსტიც იზიარებს, სადაც, ვკითხულობთ:

“ დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით(25,2).

მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება, აირჩიონ  რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის(26,3)“.

როგორც ვხედავთ, აქ ბავშვი თავად აზრს არ გამოხატავს, არ ირჩევს, არ მონაწილეობს საკუთარი  ცხოვრების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა დაცვის ვალდებულება, თავისთავად, ბავშვთა უფლებებთან შეუთავსებელი არ არის, იგი არასაკმარისია და სწორედ, ეს მიდგომა აქცევს ბავშვებს დაცვის „ობიექტებად“.

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი მყარად აგრძელებს ტრადიციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინეს ქვეყნებმა და ამბობს::

დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“, – ეს ჩანაწერი, ისევე როგორც ჩანაწერი არასრულწოვანთა შრომის პირობების განსაზღვრის შესახებ, მე-2 ტიპის კონსტიტუციებს ახასიათებთ.

1989 წლიდან მიღებულ კონსტიტუციებში ნელ-ნელა ჩნდება „ბავშვთა უფლებების“ ამსახველი ნორმები და, შესაბამისად, ის კონსტიტუციების მესამე ჯგუფს აერთიანებს. ეს ის კონსტიტუციებია, რომლებიც ბავშვებს არა ვინმეს “პროექტად“ თუ „ობიექტად“ მოიაზრებს, არამედ – სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტად. ბავშვს მაშინაც აქვს განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების უფლება, თუ მასზე ოჯახი არ ზრუნავს, თუ მის თვითგამოხატვას უფროსები არ ეთანხმებიან, თუ მასზე განხორციელებული ძალადობის გამო იგი მშობლისგან დაცვას მოითხოვს, – რადგან სახელმწიფო იცავს მისი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნების უფლებებს.

ამგვარ კონსტიტუციაში ასახული ბავშვთა უფლებების დაჯგუფება შემდეგნაირად შეგვიძლია:  

ა) ნორმები, რომლებიც ბავშვების აზრის გათვალისწინებისა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლებას აფუძნებენ;

ბ) ნორმები, რომლებიც ბავშვების სიცოცხლისა და განვითარების უფლებას უზრუნველყოფენ;

გ) ნორმები, რომლებიც ბავშვებს ძალადობისა და ექსპლუატაციისგან დაცვის გარანტიებს წარმოადგენენ.

კონსტიტუციური რეფორმა ბავშვთა უფლებების პერსპექტივით

კონსტიტუციური რეფორმის ჭრილში, გაეროს ბავშვთა ფონდი განიხილავს ბავშვთა უფლებების კონსტიტუციაში ასახვის ორ მნიშვნელოვან გზას[2]: გაეროს ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპების ინკორპორაცია კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ბავშვთა უფლებების სპეციალური ნორმების შემოღება. მაგალითისთვის, განვიხილოთ კონსტიტუციის თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა-პრინციპი, რაც მნიშვნელოვანია, ასევე, მოიცავდეს  ბავშვთა დისკრიმინაციისგან დაცვის  შესაძლებლობას.

მაგალითად, დისკრიმინაციის სპეციალური ფორმა, რომელიც მხოლოდ და უპირატესად ბავშვებისათვის შეიძლება იყოს დამახასიათებელი, გახლავთ -ბავშვთა დისკრიმინაცია მშობლების ქორწინების სტატუსის საფუძველზე. აქ, მოიაზრებიან ის ბავშვები, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ და რომლებიც ამის გამო, ხშირად ხდებიან  დისკრიმინაციის მსხვერპლები. აღნიშნულისგან ბავშვთა დაცვის მიზნით, ბრაზილიის კონსტიტუცია მიუთითებს, რომ – „ბავშვები, რომლებიც ქორწინების გარეშე დაიბადნენ ან შვილად აიყვანეს, სარგებლობენ სხვა ბავშვების მსგავსი უფლებებით, დისკრიმინაცია აღნიშნული საფუძვლით, აკრძალულია (227, VII (6))“.

ხოლო, უკრაინის კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ – „ბავშვები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და მათი მშობლების ქორწინების სტატუსისა(52 (1))  .

გაეროს ბავშვთა უფლებების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი – „ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვა“, კონსტიტუციებში უზრუნველყოფილია, ბავშვთა  უფლებების შესახებ სპეციალური ჩანაწერით:

სამხრეთ აფრიკის კონსტიტუცია ამბობს, რომ – „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს გააჩნია უზენაესი მნიშვნელობა ყველა საკითხის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება(28 (2))“.ეთიოპიის კონსტიტუციაში კი, ვკითხულობთ – „საჯარო და კერძო პირების მიერ, სოციალური დაცვის სააგენტოების, სასამართლოსა თუ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ,  ყველა საკითხის განხილვისას, რომელიც ეხება ბავშვს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს(36(2))“.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ბავშვის სიცოცხლის, განვითარებისა და დაცვის უფლებებს ეხება,  მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში ბავშვის შემდეგი უფლებების ასახვითა და გარანტირებით იყოს დაცული:

  • ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სოციალური დაცვის სისტემა და სოციალური სერვისები;
  • განისაზღვროს ოჯახისა და მშობლების როლი ბავშვის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვაში;
  • ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობის, უგულებელყოფისა და ექსპლუატაციისგან.

ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლების ერთ-ერთი საუკეთესო ფორმულირებას ვხვდებით სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც – „ყველა ბავშვს აქვს უფლება, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, ძალადობის, დამცირებისგან, შრომითი ექსპლუატაციისგან, იმგვარი მომსახურების გაწევის მოთხოვნის ან ნების დართვისგან, რომელიც შეუფერებელია ბავშვის ასაკისათვის ან რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას, განათლების მიღებას, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას ან სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას (28(1))“.

კონსტიტუციის ზოგადი ნორმები – თავისუფლების შეზღუდვის, სამართლიანი სასამართლოსა თუ დაცვის უფლების შესახებ, ასევე, უნდა მოიაზრებდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რელევანტურ პრინციპებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ინტერესების დასაცავად.

ბავშვის აზრისა და შეხედულების პატივისცემა, ის გადამწყვეტი მნიშვნელობის პრინციპია, რომლის გაუთვალისწინებლობაც კონსტიტუციას ბავშვებისათვის არამეგობრულად აქცევს. ამ პრინციპის გათვალისწინებას მსოფლიოს კონსტიტუციებში არც ისე დიდი ისტორია აქვს, თუმცა, მისი ამოკითხვა კონსტიტუციის ტექსტში ცალსახად მიანიშნებს კონსტიტუციის შესაბამისობაზე ბავშვთა უფლებების უმაღლეს სტანდარტთან. გარდა იმისა, რომ ბავშვები უნდა სარგებლობდნენ კონსტიტუციებით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით, ამავდროულად, ბავშვის აზრის გათვალისწინება, სპეციალურ ნორმაში ასახვის თემაა, რომელიც უნდა გულისხმობდეს ბავშვის მონაწილეობას ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რაც ქვეყანაში მათ შეეხებათ.

ვინ გახდის კონსტიტუციას ბავშვებზე ორიენტირებულს

თუ, ჩვენ, უფროსები, მართლაც ორიენტირებულეები ვართ ბავშვებს მივცეთ საუკეთესო, საქმე ბავშვთა უფლებების კონსტიტუციური უფლებების რანგში აყვანით დავიწყოთ.

თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ უფროსებს ბავშვებისათვის კონსტიტუციის პრეამბულით დაცული სიკეთეების გაყოფა არს სურთ: 2001 წელს ტიმორ-ლესტეში, აზიის ერთ-ერთ პატარა კუნძულზე მდებარე სახელმწიფოში, ასზე მეტმა ბავშვმა მოაწყო აქცია  კონსტიტუციური ასამბლეის შენობის წინ. ბავშვები მოითხოვდნენ  თავიანთი ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებას კონსტიტუციაში: – ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის ნორმების შეტანას. საბოლოოდ, პროცესი სწორედ ამ ბავშვების გამარჯვებით დასრულდა და ამ სახელმწიფოს კონსტიტუციაში აისახა ბავშვთა უფლებები.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში კანონმდებლები ბავშვებისათვის საუკეთესოს მიცემაზე უარს არ იტყვიან. საკუთარი ინიციატივითა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გახდიან საქართველოს კონსტიტუციას ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დამფუძნებელ დოკუმენტად.


[1] Hurley, M.B. (1987). Hamline Law Review, Vol. 10, Issue 1 (February 1987), pp. 131-132

[2] UNICEF (2008). Handbook on Legislative Reform: Realizing Children’s Rights.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s