ძალადობის მოწმე ბავშვების გაქცევა დიდობაში

„ძალადობის მსხვერპლი ბევრი ბავშვის იმედია დიდობა. ისინი ფიქრობენ რომ გაიზრდებიან და ამით გაექცევიან ძალადობას, მოიპოვებენ თავისუფლებას. მაგრამ. ისინი თავის ბავშვობის პატიმრებად რჩებიან. ახალი ცხოვრების დაწყების ყოველი ახალი მცდელობის დროს კი ხელახლა შეეჩეხებიან ტრავმას, რომელიც ერთხელ უკვე გადაიტანეს“.

ჯუდიტ ჰერმანი, “ტრავმა და ტრავმისგან განკურნება”

„ბავშვებმა არ დაინახონ“


„ბავშვებმა არ დაინახონ“ –  ფრაზა, რომელსაც სტანდარტულად ყველა ოჯახში მოისმენთ, იმის დასტურია, რომ ბავშვებს ყოველთვის ესმით და ხედავენ ძალადობას, რომელიც მათ სახლში ხდება. ესმით, როდესაც მოსალოდნელი ჩხუბის დროს აგზავნიან „დასაძინებლად“, როდესაც იღვიძებენ და დედის სახეზე ხედავენ  დალურჯებებს, ხედავენ დამტვრეულ ჭურჭელს…

თუ ვინმე რამეს ვერ ხედავს და არ ესმის, უმეტესად ჩვენ ვართ, – უფროსები,  ვინც ვერ ვხედავთ ძალადობის მოწმე ბავშვების შეშინებულ სახეებს.

რა დაინახეს უფრსებმა[1]


ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ 1988 წელს  ჩატარებულმა კვლევამ,[2] 661 ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე გამოავლინა, რომ ბავშვებმა იმაზე მეტი იციან სახლში მომხდარი ძალადობის შესახებ, ვიდრე ეს რომელიმე მშობელს წარმოუდგენია. ძალადობის მსხვერპლთა 90%-მა დაადასტურა, რომ ბავშვები შესწრებიან ოჯახში ძალადობას.

კვლევებით დადგენილია ისიც, რომ ბავშვები ხშირად თავად ხვდებიან ძალადობრივ ინციდენტში, რომელიც მათი ოჯახის წევრის მიმართ არის გამიზნული. ბავშვებს სცემენ, როდესაც ისინი ცდილობენ დედას დაეხმარონ და გადაარჩინონ…

ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობა სამართალდამცავების ყურადღებას იქცევს მაშინ, როდესაც ძალადობის ზრდასრული მსხვერპლი გადაწყვეტს, რომ დროა, მოძალადემ აგოს  პასუხი თავის ქცევაზე და ამის შესახებ პოლიციას ატყობინებს. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალი მალავს ძალადობრივ ინციდენტს, რადგან იგი მზად არ არის ამ ყველაფერს გაუმკლავდეს?! რა ხდება, თუ ძალადობის მსხვერპლი ქალი ფიქრობს, რომ წინა ღამით ბავშვებს არაფერი დაუნახავთ და გაუგონიათ?!

 ძალადობის ზეგავლენა ძალადობის მოწმე ბავშვებზე


კვლევებმა მრავალგზის დაადასტურა, რომ ბავშვებს, რომლებიც შესწრებიან დედაზე ძალადობას ეწყებათ ქცევის მნიშვნელოვანი დარღვევები, აქვთ შფოთვის მაღალი დონე, დეპრესიის ეპიზოდები და იტანჯებიან დაბალი თვითშეფასებით[3]. მნიშვნელოვნად იზრდება თავად ბავშვების მხრიდან აგრესიული ქცევის განხორციელების რისკიც.  ძალადობის მოწმედ ყოფნის შედეგები ბავშვებში გამოვლინდა ღამის კოშმარებში, კვების დარღვევაში, თვით-დაზიანების მიყენებაში, აკადემიური მოსწრების გაუარესებაში, თვითიზოლაციასა და ჩაკეტვაში.

ბავშვები განიცდიან პასუხისმგებლობას ოჯახში ჩადენილი ძალადობის გამო


რათა გავიგოთ მექანიზმი, რომელიც ძალადობის შემსწრე ბავშვს ძალადობის მსხვერპლად აქცევს, უნდა გავაანალიზოთ ბავშვების მიერ ძალადობის აღქმის სტრუქტურა: ბავშვები არ არიან ოჯახში მომხდარი ძალადობისგან გამიჯნული მესამე პირები; ემოციურ დონეზე, ისინი თავს სრულად ჩართულად გრძნობენ ძალადობის სცენაში. ბავშვები ფიქრობენ, რომ ერთი მშობლის მიერ მეორე მშობელზე ძალადობა მათ გამო მოხდა, თავს იდანაშაულებენ, რომ ვერ შეძლეს ამ ძალადობის შეჩერება.

8 წლის ასაკამდე ბავშვები, მოვლენების ინტერპრეტაციას საკუთარ მესთან დაკავშირებით ახდენენ. ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევაში მოყვანილი რეალური ისტორია გვიამბობს,[4] პატარა გოგონას შესახებ, რომელიც მამის მხრიდან დედაზე ძალადობას ასე ხსნიდა: „მამას არ მოსწონდა, როდესაც ჩემს სამთვლიან ველოსიპედს შუა გზაზე ვტოვებდი, ერთხელ კი ისე გავაბრაზე ჩემი ველოსიპედით, რომ მან დედა სცემა“.

ბავშვები განიცდიან უფროსებისთვის გაუგებარ სულიერ ტკივილს, რომელთანაც ხშირად მარტო, პროფესიონალების დახმარების გარეშე უწევთ გამკლავება.

დახმარების გარეშე დარჩენილი ძალადობის მოწმე ბავშვები საქართველოში


ძალადობის მოწმე ბავშვების მიტოვება პროფესიონალების ჩართულობის და დახმარების გარეშე თვალსაჩინოდ გამოავლინა 2016 წელს ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა მცირემასშტაბიანმა კვლევამ, რომლის თანახმადაც, 2015 წელს, ძალადობისგან დაცვის სახელმწიფო თავშესაფარში განთავსებული 122 ბავშვიდან, ფსიქორეაბილიტაცია მხოლოდ ერთმა ბავშვმა გაიარა. აღნიშნული ხარვეზის უმთავრეს მიზეზს კი წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ძალადობის შემსწრე მოწმე ბავშვი არ იყო მიჩნეული ძალადობის მსხვერპლად, შესაბამსად, მის მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები არ ხორციელდებოდა.

სახელმწიფოს მიერ მოწმე ბავშვების დაცვის დაგვიანებით აღიარებული ვალდებულება


რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემას მკვლევარები რეტროსპექტიულად შეაფასებენ, შესაძლოა, 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთ მნიშნელოვან ნაბიჯად მიიჩნიონ ბავშვთა დაცვის მიმართულებით. 2017 წლის 4 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ მომზადებული საკანონმდელო ცვლილებების პაკეტი. 20-ზე მეტი კანონპროექტიდან კი – ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალადობის მოწმე ბავშვების დასაცავად ქვეყანაში აქამდე არსებული პოლიტიკის შესაცვლელად.

„მსხვერპლად ჩაითვლება აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“ ვკითხულობთ, „ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ახალ შესწორებაში და გვახსენდება ის ასეულობით ბავშვი, რომელთა შეშნებული თვალები ვერ შევამჩნიეთ ვერც ჩვენ და ვერც სხვებმა, ვისაც მათი დაცვა ევალებოდა.

ვინ აღასრულებს სახელმწოფოს ნებას ძალადობის მოწმე/მსხვერპლი ბავშვების დასაცავად


ძალადობის მოწმე/მსხვერპლი ბავშვები კანონს თავად ვერ  აღასრულებენ. ის მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომელიც 2017 წლის პირველ ივნისს შევა ძალაში, თავისთავად, ბავშვებს ვერ დაიცავს, თუ მისი განხორციელება სახლემწიფო სტრუქტურებმა აღსრულების ეფექტური მექანიზმებით ვერ შეძლეს. იმისათვის, რომ ძალადობის მოწმე/მსხვერპლი ბავშვები საკუთარი ტრავმის პატიმრობიდან გავათავისუფლოთ თითოეულმა პოლიციელმა, სოციალურმა მუშაკმა, ფსიქოლოგმა და ექიმმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ქმედების მნიშვნელობა ბავშვთა დაცვის სფეროში. ბავშვები არ უნდა გარბოდნენ „დიდობაში“ ძალადობის ტრავმებისგან თავდასახსნელად. მათი გათავისუფლება ძალადობის მტანჯველი გამოცდილებიდან დიდებმა აქვე, დღეს და ამჟამად უნდა მოვახერხოთ.


[1] ბლოგში გამოყენებულია მასალა სტატიიდან: Parkinson, P (1998). Children who witness domestic violence – the implications for child protection. Child and Family Law Quarterly, vol 10. #2

[2] Queensland Domestic Violence taskforce, Beyond These Walls (Ministry of Family services, Brisbane,  1988)

[3] Jaffe, Wolfe and Wilson, Children of Battered Women (Sage, 1990); Nolan, ‘Family violence – a child protection issue’, in Family Violence Professional Education Taskforce, Family Violence: Everybody’s Business, Somebody’s Life (Federation Press, 1991); Blanchard, ‘Violence in families: the effects on children’ (1993) 34 Family Matters 31.

[4] იგივე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s