გადაწყვეტილება საქმეზე – PHR-ი მარი მალაზონიას წინააღმდეგ

გადაწყვეტილება  საქმეზე  N 124
01 აპრილი,  2017 წელი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მარი მალაზონიას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები:       ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი:      პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოპასუხე:                    მარი მალაზონია

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“, რომელიც მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 2017 წლის 27 იანვარს გასულ გადაცემაში   „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 და მე-10 პრინციპი.  გადაცემის წამყვანი და ავტორი არის მარი მალაზონია. სადავო გადაცემა შეეხებოდა D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობას ბავშვებში და შესაძლო ნეგატიურ შედეგებს. გადაცემაში მონაწილეობდა არასრულწლოვანი, რომლის ნახევრად შიშველი სხეული აჩვენეს კონკრეტულ დაავადებაზე საუბრისას.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი. განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მე-8  პრინციპის მიხედვით ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვისუფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვისინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ანრეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

განმცხადებელი მე-8 პრინციპის დარღვევას მიიჩნევდა შემდეგი არგუმენტაციით: „გადაცემაში მოწვეული ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლების დარღვევას. გადაცემის წამყვანმა ბავშვის სხეული გამოიყენა საჩვენებელ ობიექტად. შედეგად, მან ხელყო ბავშვის ღირსება, ხოლო მისი დეფორმირებული გულ-მკერდის ჩვენებით, გაუმართლებლად შეიჭრა ბავშვის პირად ცხოვრებაში. ამასთან, გადაცემაში ნაჩვენები კადრები, შესაძლოა, გამხდარიყო ბავშვებს შორის ბულინგის საფუძველი სასწავლო დაწესებულებაში“.

მოპასუხე მარი მალაზონიამ აღნიშნა, რომ გადაცემაში ბავშვის მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც დაავადება, არამედ ეს იყო გარდამავალი, შექცევადი მდგომარეობა, არ იყო აღნიშნული, რომ სწორედ ამ ბავშვს აქვს ე.წ. „ქათმის გულმკერდი“. დამატებით ასევე აღნიშნა, რომ გადაცემაში  ბავშვის მონაწილეობაზე არსებობდა მშობლის თანხმობა, აღნიშნული გარემოება დაადასტურა სხდომაზე დამსწრე არასრულწლოვნის დედამაც.  მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მათ მხოლოდ პოზიტიური განზრახვა ამოძრავებდათ და სურდათ საზოგადოების ინფორმირება იმ ფართოდ გავრცელებულ და ნეგატიურ შედეგებზე, რასაც არასრულწლოვნებში კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა იწვევს.

ქარტიის საბჭო ვერ დაეთანხმება მოპასუხის არგუმენტაციას და ქვემოთ მითითებული გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მაყურებელს დარჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დაავადება ზუსტად გადაცემაში მონაწილე არასრულწლოვანს აღენიშნებოდა:

  1. წამყვანი მარი მალაზონია გადაცემაში აშიშვლებს არასრულწლოვანის გულმკერდს და პარალელურად ამბობს – „მშობლები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას როგორ გამოიყურება ბავშვის მუცელი და გულმკერდი“, შემდეგ არასრულწლოვანი გადაინაცვლებს მოწვეულ ექიმთან, რომელიც ხელით მინიშნებას აკეთებს არასრულწლოვანის სხეულზე და აღნიშნავს, რომ „თვალნათელია გულმკერდის დეფორმაცია, ადრე მას ქათმის, მეწაღისებურ გულმკერდს ეძახდნენ“.
  2. შემდეგ უკვე მარი მალაზონია მიმართავს მაყურებელს და სთხოვს ყურადღებას ბავშვის სხეულზე, მოწვეული ექიმი კი აგრძელებს, რომ „გამოხატულია ჰარისონის ღარი, რომელიც ერთ – ერთი დამახასიათებელი ნიშანია კალციუმის ნაკლებობის“. „ხშირად მშობლები ამის გამოსწორებას [და უთითებს ისევ ბავშვის გულმკერდზე]  ცდილობენ მასაჟებით“, შემდეგ უკვე საჩვენებლად იყენებს ბავშვის მაჯას  და აღნიშნავს რომ ერთ – ერთი ნიშანია რაქიტის განვითარების.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დაირღვა ბავშვის ინტერესი, კერძოდ საზოგადოებამ იგი აღიქვა როგორც პირი, რომელსაც აქვს კონკრეტული დაავადებები, იმის  მიუხედავად, რეალურად იყო თუ არა დაავადებული იგი, მთავარია თუ რა ინფორმაცია გავრცელდა მის შესახებ. პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოდ დაცვა თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ რეალურად არსებული დაავადების გაუმჟღვანებლობას, არამედ იმასაც, რომ პირდაპირ ან ირიბად არ უნდა მოხდეს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ თითქოს კონკრეტულ პირს  დაავადება აქვს, ვინაიდან ორივე შემთხვევას პირადი ცხოვრების საიდუმლოების და ღირსების დაცვის კუთხით ერთი და იგივე ნეგატიური შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს ტერმინ „ქათმის მკერდის“, „რაქიტის“ გამოყენებაზე და დაეთანხმება განმცხადებელს, რომ ეს შესაძლებელია იყოს ბულინგის წინაპირობა, ბავშვი შეიძლება სხვადასხვა პირის მიერ მოხსენიებული იყოს როგორც „რაქიტიანი“, „ქათმის მკერდიანი“.

დაავადების პრევენციის მიმართ შესაძლებელია არსებობდეს საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ ამან არ უნდა ხელყოს თავად ბავშვის ინტერესი. მისი სხეულის ჩვენება და აზრის შექმნა, რომ მას აქვს სხეულის დეფორმაცია, დიდი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს მისი ღირსების შემლახველი როგორც ახლო მომავალში, ისე ზრდასრულ ასაკში.

რაც შეეხება მშობლის თანხმობას, საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ბავშვთან დაკავშირებით არსებითია არა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, არამედ თავად ბავშვის ინტერესი. ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს ბავშვის ინტერესზე. მშობლის თანხმობა არ უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად, როცა ლოგიკური განსჯის შედეგად ცალსახაა, რომ არ არსებობს არასრუწლოვნის პირადი ინტერესი და მეტიც, ხდება მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა. ცალსახაა, რომ ბავშვი ვერ აცნობიერებს მის გადაცემაში მონაწილეობის შედეგებს. შესაძლებელია თავად მისთვის სახალისო და მოსაწონი იყოს ტელეეკრანზე გამოჩენა და იგივე მოტივი ამოძრავებდეს მშობელსაც, მაგრამ უნდა შეფასდეს რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მას ზრდასრულ ასაკში, როცა ბავშვობისას მასზე მიუთითებდნენ როგორც „ქათმის მკერდიანს“ და სხეულდეფორმირებულს. პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ქმედუნარიანი პირის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს ბავშვი და ხშირად მშობლის ინტერესი და თანხმობა შეიძლება არ იყოს შესაბამისობაში ბავშვის ინტერესთან.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. მარი მალაზონიამ დაარღვია ქარტიის მე-8 პრინციპი.

წყარო: http://qartia.org.ge/124-2/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s