საქართველოში ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება

პოლიტიკური თანამდებობის პირებზე ოჯახში ძალადობის გამო გაცემული შემაკავებელი ან დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა და არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი დააკმაყოფილა.

1ff84fd69639ddc16b371998e26cef18_thumbnail-images-white_2560-1440

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ინფორმაციის გაცემა, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებსაც წარმოადგენენ: – „საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები”.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია: აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნით, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2016 წლის მარტის თვეში მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა, სამინისტრომ უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ, მათი აზრით, მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნებოდა პერსონალური მონაცემების შემცველ, დახურული ტიპის საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემაც შესალებელია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.

სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება: ორგანიზაციას უკვე ჩაბარდა სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება.  PHR მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის პრეცედენტული და წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლების კონტროლისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდის კუთხით, ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ, საზოგადოებისთვის გაგვეცნო, თუ რა მსჯელობას დაეყრდნო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში.


სასამართლომ ჩათვალა, რომ კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა შესახებ ინფორმაციის მიღების თაობაზე, უნდა განიმარტოს ფართოდ ▼


სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მისი კანდიდატად წარდგენის დროიდან უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და აცნობიერებდეს, რომ მისი სამომავლო საქმიანობის ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის არსებობის პირობებში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს  არამხოლოდ პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, არამედ მის მორალურ თვისებებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაც. საზოგადოებას უნდა შეექმნეს რწმენა, რომ მისი უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა აიღო მორალურად გაწონასწორებულმა თანამდებობის პირმა, რომელიც თავად არ ყოფილა მხილებული ძალადობის ფაქტზე. ხოლო, რწმენის შექმნას სწორედ რომ უზრუნველყოფს მსგავსი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.


ხელისუფლების კონტროლი/ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე: გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ – ხალხის მიერ ხელისუფლების კონტროლი ვერ განხორციელდება და არც ხელისუფლება იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე,თუკი, საზოგადოება არ იქნება ინფორმირებული სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის შესახებ და სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება თანამდებობის პირებთან მიმართებით პერსონალური მონაცემების ღიაობა. სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სწორედ რომ უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ პირებთან მიმართებით ნდობის ამაღლებას და განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს.

სასამართლომ, ასევე, ჩათვალა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში განსაკუთრებული სამეთვალყურეო ფუნქციები გააჩნიათ, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ხდება მედიის დაინტერესების საგანი, რითაც, იზრდება მოქალაქეების ინფორმირებულობის ხარისხი. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საზოგადოების მაღალი ინტერესი და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.


ოჯახის წევრების იდენტიფიცირების საკითხი: სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ მითითებული ინფორმაციის გაცემით არ არსებობს საფრთხე, არაპირდაპირ მოხდეს ოჯახის წევრის (სავარაუდო მსხვერპლის), რაიმე ნიშნით იდენტიფიცირება, რამდენადაც, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი „ოჯახის წევრებსა“ და „მსხვერპლს“ შორის მოიაზრებს ფართო პირთა წრეს.


სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით: სასამართლომ ჩათვალა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის გაცემისას, გამოთხოვილი ინფორმაციის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის არსებობისათვის უპირატესობის მინიჭება წინააღმდეგობაში არ მოდის მითითებულ პირთა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის ინტერესთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემა.  

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s