სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს წევრის, ანა არგანაშვილის მოსაზრება, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ,,სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ’’.


საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიშები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, ფაქტობრივად, ერთადერთი და უნიკალური წყაროა. ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სტანდარტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ადამიანის საზოგადოებიდან გარიყვა და ერთ შენობაში გამოკეტვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცის მე- 19 მუხლის აღნიშნავს „წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარ უფლებას, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში და იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში“.

სწორედ აღნიშნული კონვენციის მე-19 მუხლის,  საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იზოლირებული დაწესებულებების არსებობა. მათი მეშვეობით, ეს ადამიანები მოწყვეტილნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებას, დარღვეული აქვთ განათლების, დასაქმების, რეაბილიტაციის, პირადი ცხოვრების უფლებები, ექვემდებარებიან ძალადობასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას.

სახალხო დამცველის ანგარიში ამ დაწესებულებების შესახებ წარმოადგენს სისტემურ და ობიექტურ სურათს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი თუ სხვა დაინტერესებული პირები ეცნობიან. მასში აღწერილია ადამიანის უფლების დარღვევისა და დისკრიმინაციული მოპყრობის ისეთი შემთხვევები, რომელიც ზოგჯერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევასაც კი იწვევს.

რომ არა სახალხო დამცველის ეს ანგარიში, საზოგადოებისათვის დიდი ხნის მანძილზე უცნობი დარჩებოდა ის ფაქტი, რომ, „მაგ. დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციართა გადმოცემით, წლების განმავლობაში დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემებისა და მათი უფლებების დარღვევის გამო (ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა ან სპეციალური დამხმარე საშუალებების და ორთოპედიული ფეხსაცმლის, სხვა ბენეფიციარის მიერ მასზე გახორციელებული ძალადობა, სერვისის მიმწოდებლების მხრიდან არაჰუმანური მოპყრობა, უფლებების რეალიზების მიზნით მხარდაჭერაზე უარი), ინდივიდუალურად ან ჯგუფურად მიმართავდნენ ფილიალის ხელმძღვანელობას, მაგრამ პრობლემების გადაჭრის ნაცვლად… თანამშრომლები მათ ,,უმადურებს“ უწოდებდნენ ან ამადლიდნენ პანსიონატში ცხოვრებასა და ,,ამდენ პატივისცემას“, რის გამოც ბენეფიციარები პერიოდულად პროტესტის უკიდურეს ზომას (შიმშილობა, თვითდაზიანება, გზის გადაკეტვა, პოლიციის გამოძახება) ან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ“.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და მასში გამოვლენილი დარღვევები ჯერ კიდევ არ ხდება სათანადო რეაგირების საგანი სამართალდამცავების და სხვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. გადაუჭრელია მასში აღწერილი არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ფაქტები.

აღნიშნული მოვლენა კი, იმითაა გამოწვეული, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებები, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, რომელიც მათი ფორმალური ნებაყოფლობითი ხასიათს მიუხედავად, სავალდებულოა ადამიანის უფლებების სტანდარტისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელსაც მე წარმოვადგენ და მრავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სწორედ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს სამუშაო პრიორიტეტებს, სამართლებრივი საქმისწარმოების მიმართულებებსა და ადვოკატირების სტრატეგიებს. ამ უკანასკნელთა განხორციელებაში კი ხშირად ყველაზე ძლიერ და სანდო პარტნიორად, კვლავ სახალხო დამცველის აპარატი მოიაზრება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციების შესახებ რეგულარული ანგარიშების გამოქვეყნება, გახლავთ აუცილებელი ამ ადამიანების უფლებების დაცვის სისტემური რეფორმების დასაჩქარებლად. იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებით იკისრა სახელმწიფომ. ამ ადამიანების ხმებისა და ცხოვრების ისტორიების ჩვენამდე მოსატანად, რომელიც ნათელს ხდის რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ახერხებს განსხვავებულის თანასწორად მოპყრობას, ხოლო სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათთვის ღირსეული ცხოვრების მინიმალური პირობების შექმნას.


პირველწყარო: საქართველოს სახალხო დამცველი – პრევენციის ეროვნული მექანიზმი – ბიულეტენი N7

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s