შენიშვნები “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ ეხმიანება საქართველოს პარლამენტში “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით წარდგენილ კანონპროექტს. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაგეგმილია 2016 წლის26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.

პირველ რიგში, მივესალმებით ყველა მცდელობას, რომელიც მიმართულია ბავშვის უფლებათა კონვენციასთან და სხვა რელევანტურ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისკენ. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პროცესში საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობით, თავიდან იქნეს აცილებული კონვენციასთან შეუსაბამო რეგულაციების შემოღება.

ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტის სახით:

სუბსიდიარობის პრინციპის დაცვა

“ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ვიდრე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის გაშვილების შესახებ, მანამდე, ამოწურული უნდა იყოს ყველა შესაძლებლობა ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრების შენარჩუნებისა. აღნიშნული მიანიშნებს, რომ ბავშვის გაშვილება არ უნდა მოხდეს, თუ ოჯახის ფინანსური გაძლიერება ბავშვს შეუნარჩუნებს ბიოლოგიურ მშობლებს. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები სუბსიდიარობის პრინციპს საკმარისად არ აკონკრეტებს, დაჩქარებული ვადები კი, ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით, მოიცავს აღნიშნული პრინციპის დარღვევის საფრთხეს.

“ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის“ პრინციპის დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის არაერთი მუხლი დეკლარირებულად უსვამს ხაზს, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დაცვის აუცილებლობას. თავად კანონპროექტში განსაზღვრული არ არის, თუ რა წარმოადგენს “ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს”, რა მეთოდოლოგიით უნდა მოხდეს მისი დადგენა ან გადამოწმება. ასევე, არ არის ხაზგასმული,  რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით მოქმედება ევალება არა მხოლოდ მესამე პირებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმ სახელმწიფოს ტრუქტურებს, რომელთა მიერ სწორი ბიუჯეტირებისა დაბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა, დაიცავს ბავშვებს ბიოლოგიურ ოჯახებთან დაშორებისგან.  ხოლო, ამ ღონისძიებების ნაკლებობა კი, უნდა შეფასდეს, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის დარღვევად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

დისკრიმინაციისგან დაცვის პრინციპი

კანონპროექტი, არ უზრუნველყოფს ბავშვთა გაშვილებისა და მინდობითი აღზრდის პროცესში, გენდერული, ეთნიკური, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციისგან ბავშვთა და ოჯახების დაცვის ღონისძიებებს, რომელიც, შესაძლოა, მდგომარეობდეს, როგორც დისკრიმინაციის პრევენციის, ისე ზედამხედველობის, აღმოფხვრასა თუ შედეგების რეაბილიტაციაში.

ტერმინოლოგია

კანონპროექტში გამოყენებულია დისკრიმინაციის წამახალისებელი ტერმინი “განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი”, რომელიც აღნიშნავს როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ასევე, ჯანმრთელობის გამოწვევების მქონე ბავშვებსაც. საზოგადეობაში არსებული სტერეოტიპული აღქმების განმტკიცებას, პირველ რიგში, საკანონმდებლო ტერმინოლოგია და პოლიტიკოსთა მხრიდან გამოყენებული ენა განაპირობებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შშმ პირთა კონვენციის შესაბამისად მოხდეს ტერმინის გასწორება, რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, შესაძლოა, არ ფლობდეს სამედიცინო და/ან ჯანმრთელობის გამოწვევებს. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობა წარმოშობს არა განსაკუთრებულ, არამედ, – განსხვავებულ საჭიროებებს.

ბავშვის მონაწილეობა

ბავშვთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყევტილების მიღების დროს, ბავშვის ჩართულობასა და მისი ნების პატივისცემას კანონპროექტი ბავშვის კონკრეტულ ასაკს (10 წელი) უკავშირებს,  რაც არ შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის სტანდარტებს. კონვენციის  თანახმად, ბავშვის ჩართვა პროცესებში და მისი აზრის არსებითი გათვალისწინება უნდა მოხდეს ბავშვის მომწიფებულობის, განვითარების ხარისხის გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, არ საჭიროებს კონკრეტული ასაკის მითითებას, რადგან ის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს ბავშვთან მიმართებით. გარდა ამისა, კანონპროექტი, ცალსახად, უნდა მიუთითებდეს ბავშვის ინფორმირების პრინციპზე, როგორც წესზე, ბავშვთან დაკავშირებული გაშვილების/მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს, რაც ასევე, იქნება პრევენციული საშუალება ბავშვისთვის ამ ინფორმაციის მომავალში არასასურველ დროსა და არარელევანტური ფორმით მიწოდებისა.

მიტოვებული ბავშვის სტატუსის განსაზღვრა

კანონპროექტი განსაზღვრავს პირობებს, – თუ რა დროს უნდა განისაზღვროს “მიტოვებული ბავშვის” სტატუსი, მაშასადამე, ბავშვი დაექვემდებაროს გაშვილებას. ეს პირობები ურთიერთგადამფარავი და ბუნდოვნად ჩამოყალიბებულია. ხშირ შემთხვევაში, ერთ-ერთი პირობის დადგომა, თავისთავში, მოიცავს სხვა პირობების დადგომასაც ან/და გამორიცხავს მათ, ანალოგიურად, გაურკვეველია, თუ რატომ ითვლება “მიტოვებულ ბავშვად” სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვი და ამგვარი სტატუსი არ ენიჭება კერძო პირის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა დაწესებულებაში მოთავსებულ ბავშვს. ამ კუთხით, კანონპროექტი მოიცავს დისკრიმინაციული მიდგომის განხორციელების საფრთხეს (მუხლი 14, პირველი პუნქტი).

სავალდებულო მომზადება

კანონპროქტს შემოაქვს სავალდებულო ტრენინგები შვილად ამყვანთა და მინდობით აღმზრდელ კანდიდატთათავის, რაც მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი ვალდებულებისგან თავისუფლდებიან უპირატესი უფლებით მოსარგებლე ადამიანები, როგორებიც არიან – ა) მშვილებლები ვისაც სურთ შვილად აიყვანონ მათი მეუღლის შვილი ბ) ბავშვის ნათესავები გ) მშვილებელი, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს ბავშვი და სხვა. უნდა ითქვას, რომ სავალდებულო ტრენინგების მიზანი არის, ერთი მხრივ, სახელმწიფო მხრიდან ხარისხის კონტროლი და, მეორე მხრივ, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი – იზრდებოდეს უსაფრთხო და შესაბამისი უნარ-ჩვეევბით აღჭურვილ ადამიანებთან. შესაბამისად, ნათესავების ან სხვა პირების გამორიცხვა ამგვარი პროცესიდან, არ არის დასაბუთებული და სამართლიანი.

მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ცვლილება

კანონმდებელი მშვილებლებს უფლებას აძლევს ბავშვს შეუცვალონ მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია სრულად, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომლის თანახადაც, ბავშვის პიროვნება და მისი ინდივიდუალობა უნდა იყოს პატივცემული, რაც მოიცავს – მისი დაბადების ადგილის, რეგისტრაციის, სახელის, წარმომავლობის შენარჩუნებასა და პატივისცემას.

დისკრიმინაცია მხარდაჭერის მიმღებ პირთა მიმართ

დისკრიმინაციის საფრთხის შემცველია, კანონპროექტის ჩანაწერი, რომელიც სახელმწიფოს აძლევს უფლებამოსილებას, მხარდაჭერის მიმღები პირის სტატუსის მქონე ადამიანის შვილი განათავსოს მინდობით აღზრდის პროგრამაში ისე, რომ არ განახორციელოს არცერთი პოზიტიური მოქმედება იმისათვის, რომ ბავშვი და მშობლები არ დააცილოს ერთმანეთს. ამგვარი რეგულაცია წინააღმდეგობაში მოდის გაეროს შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირთა კონვენციასთან.

შეჯამების სახით, გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება და პროგრამა არ იქნება ეფექტური, თუ მის განსახორციელებლად არ გამოიყოფა შესაბამისი რესურსი და არ გაკონტროლდება ხარისხი. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, სოციალური მომსახურების სააგენტოს როლის გაძლიერება და ამ უწყებაში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა, რაც კანონით უნდა იყოს გარანტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოთავაზებული კანონპროექტის იდეა ვერ განხორციელდება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სამართლისა და კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s