როცა ჟურნალისტს ვხვდები

Scroll down for English version ⤵

First printed in “Georgia Today Education”.

აბა, გაიმეორე სიტყვა – „ჰიდროელექტროსადგური“ – გვთხოვდნენ ხოლმე უფროსები და ჩვენც ვიმეორებდით როგორც შეგვეძლო – „ჰიტოსაგური“ და ისინიც დაგვცინოდნენ. ხან ჩვენც გვეცინებოდა, ხან კი, ვბრაზდებოდით. მერე ამ პრაქტიკამ ტელევიზორშიც გადაინაცვლა და გაჩნდა გადაცემები, სადაც ბავშვებს ჯერ სიტყვის მნიშვნელობას ახსნევინებენ, მერე ამ ახსნილს უფროსებს აჩვენებენ ჩაფიქრებული სიტყვის ამოსაცნობად. ახლა უკვე, გაცილებით მეტს ეცინება ბავშვების იმ ასოციაციებზე, რაც მათ კონკრეტული სიტყვების მიმართ უჩნდებათ.

ჟურნალისტებს უყვართ, ბავშვების წარმოჩენა პატარა, საყვარელ, სასაცილო არსებებად, რითიც მათ მიმართ სტერეოტიპებს ქმნიან. სტერეოტიპები კი, ბავშვს ხელს უშლის თვითდამკვიდრებაში. მედიის მკვლევარებმა სწორედ ასეთი ხელისშემშლელი სტერეოტიპები აღმოაჩინეს, რასაც ჟურნალისტები ბავშვების მიმართ იყენებენ და მათ „შვიდი მომაკვდინებელი სტერეოტიპი“ დაარქვეს (Children’s Express; 1998). როგორც აღმოჩნდა, მედია ბავშვებს ყველაზე ხშირად წარმოაჩენს „მსხვერპლ ბავშვებად“, – რითიც გვაჩვენებს, რომ ისინი გარემოს მსხვერპლები არიან, საწყალი, დაუცველი არსებები, ვისაც სამყარო სასტიკად ექცევა. ასევე, ხშირია, ისეთი სტერეოტიპების გამოყენება, როგორიცაა – „საყვარელი ბავშვები“, „პატარა ეშმაკები“, „ბავშვები შესანიშნავები არიან“, „ბავშვები, როგორც აქსესუარები“, „დღევანდელი ბავშვები“, „პატარა ანგელოზები“.

stereotypes

ერთი შეხედვით, ყველა მათგანი უწყინარი ჩანს, მაგრამ საწყენი ისაა, ჟურნალისტი რომ ბავშვს ვერ აღიქვამს ადამიანად, ვისაც გარკვეულ საკითხებზე თავისი მოსაზრება შეიძლება ჰქონდეს და არც ამ მოსაზრებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად. წარმოიდგინე, ჟურნალისტმა დაგისვა კითხვა – რა პრობლემებს ხედავ განათლებაში? – შენ ცდილობ, რომ პასუხში ყველა შენი გამოცდილება გადმოსცე, ყველა პრობლემას მოუყარო თავი კითხვაში, იმსჯელო პრობლემებზე, და ბოლოს, ჟურნალისტი გეუბნება – ვაი მე, რა საყვარელი ხარ?! ან – „პატარა ანგელოზი ხარ“ და შენი პასუხის მნიშვნელობაც სადღაც იკარგება, რადგან ამ შეფასებით ჟურნალისტმა გადაგაქცია ბავშვად, რომელიც უფრო საყვარელია, ვიდრე გონიერი. შესაბამისად, ბავშვის აზრს არც სათანადო ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება და, არც არავინ იწყებს მათი მოსაზრებების გათვალისწინებას. თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს და მათთვისაც მხოლოდ იმიტომ ხდები მნიშვნელოვანი, რომ „საყვარელი ბავშვი“ ხარ.

ჟურნალისტები ასე, ხშირად გადაფარავენ ხოლმე, ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს, რითიც, საშუალებას არ აძლევენ მათ, სერიოზულად ისაუბრონ იმ საკითხებზე, რაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია; რითიც, ხელს უშლიან მათი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების სრულყოფილად განხორციელებას. არა და, ბავშვებს ამის უფლება ნამდვილად აქვთ. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის რამდენიმე ძირითადი მუხლი ეხება მედიისა და ბავშვების საკითხებს (გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია) : – კონვენციის მე-12 მუხლი აღიარებს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. მე-13 მუხლი ამკვიდრებს გამოხატვის თავისუფლებას: „ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს ან გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან ბეჭდვითი ფორმით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ“.

ეს მუხლები ემსახურება არა მარტო კარგად ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბებას, არამედ იმასაც, რომ ახალგაზრდების ხმა უფრო ხშირად ისმოდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და ამავე დროს, გვაძლევს მკაფიო გზავნილებს, რომ ბავშვები არა მარტო წარმოდგენილები უნდა იყვნენ საინფორმაციო სივრცეში, ისინი უნდა იყვნენ უშუალო მონაწილეები. ის, თუ როგორ წარმოადგენენ მათ ჟურნალისტები ამ პროცესში, განსაკუთრებული გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.

     თამარ კურატიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s