სასამართლომ შსს-ს დაავალა, გასცეს ინფორმაცია ოჯახში მოძალადე პოლიტიკოსების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) არგუმენტები და შსს-ს დაავალა, გაეცა ინფორმაცია, ყოფილა თუ არა ოდესმე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერები პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

“ოჯახში  ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონი ძალაში 2006 წლის მაისში შევიდა. ორგანიზაცია შსს-დან ითხოვდა, რომ 2006 წლიდან დღემდე პოლიტიკოსების მიმართ გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.

როგორც PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, შსს-სგან ითხოვდნენ შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესახებ ინფორმაციას, როდესაც ისინი გამოიცა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პარლამენტის წევრებისა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონით განსაზღვრული სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

შსს-ს უარის შემდეგ მათ სასამართლოს მიმართეს.

“გვეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას. ჩვენ ეს არ ჩავთვალეთ ლეგიტიმურ პასუხად იმიტომ, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია მოიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, თუმცა საზოგადოების იტერესი იმის შესახებ, მოძალადეები მართავენ თუ არა მათ, არის იმაზე უფრო აღმატებული, ვიდრე პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესია,”- ამბობს ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, მოსამართლემ გაიზიარა მათი პოზიცია და დააკმაყოფილა მოთხოვნა.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა,  როდესაც გამოვითხოვთ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების შესახებ ამ ინფორმაციას, იქნება საჯარო და მოგვეწოდება ნებისმიერ დროს,”- ამბობს ანა აბაშიძე.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, არიან თუ არა მოძალადეები არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ რიგითი პოლიციელები და ძალოვანი სტრუქტურების სხვა თანამშრომლებიც:

“ჩვენი პროცესი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ეხებოდა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. თუმცა, ის, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდა,  სრულიად ქმნის საფუძველს, გავაფართოვოთ მოთხოვნა მომავალში და ალბათ ასეც იქნება იმიტომ, რომ პირადად მჯერა, რომ კონკრეტულ პოლიციელზე და საჯარო მოხელეებზეც უნდა გვქონდეს ინფორმაცია, იყვნენ თუ არა მოძალადეები ოდესმე,”- ამბობს ანა აბაშიძე.

გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს  გადაწყვეტილებას შსს – პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ინფორმაციას ორშაბათს, 28 ნოემბერს მიაწოდებდნენ.

წყარო: http://netgazeti.ge/news/157888/

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s