ჟღარუნი რკინის ჭიქაში

ჩვენს საზოგადოებას დილით კბილის პასტის და საღამოს ოფლის სუნი აქვს. მექანიკურად მიჰყვება იმას, რასაც მიაჩვიეს და იმას, რასაც მისგან ითხოვენ – ფხიზლობასა და მოძრაობს. მხოლოდ, ამ სიფხიზლესა და მოძრაობაში ის სულისკვეთება არა ჩანს – “მოძრაობა და მოძრაობაა ჩემო თერგო” და მისთანანი. ეს, თვალგახელილი ადამიანის სიფხიზლეა და საშოვარზე გასული ადამიანის მოძრაობა, რომელიც მექანიკურად უვლის ფორთოხალს გარს. გვერდით სიმყრალე არ აწუხებს და ცხვირწინ ის მუხლმოყრილი ბაშვები, მოწყალების თხოვნას იმდენად რომ გაუბოროტებია, ბრჭყვიალა ყელსაბამსაც ვეღარ იტანენ შენს ლამაზ ყელზე.

ამას წინათ, მეც გავაყოლე მთელი რიგი ჩემი პასუხისმგებლობებისა 20-თეთრიანს, რომელმაც 7-8 წლის გოგონას რკინის ჭიქაში გაიჟღარუნა და ის 3-4 თვის ჩვილი შეაკრთო, დიდი დაიკოს პატარა მხარზე რომ ჩამოედო თავი. ასე 20-20 თეთრებად ვიშორებთ თავიდან ზრუნვისა და თაობების აღზრდის ვალდებულებას, რადგან 20 თეთრის საშოვნელად იმხელა გარჯა არა გვჭირდება, როგორც თანასწორობის დანერგვაში.

რაც არა ჩანს არ არსებობსო – უჩინარი ბავშვები დაგვირქმევია მათთვის და ისინიც ასე, სისტემისთვის უჩინარად განაგრძობენ ცხოვრებას. თითქოს, ბაღში სიარული პრივილეგია იყოს, ან დედა ენის მოხაზვა უჯრებიან რვეულებში. თითქოს, ყველა ბავშვი არ იმსახურებდეს სათამაშოს ან კანფეტს საკნატუნოდ. ვისვრით 20-თეთრიანებს და გვგონია, ყველაფერი გვარდება, – მშიერ ბავშვებს კუჭი ევსებათ და გონება უნათდებათ, მაგრამ ჩვენი მოწყალება არაფერს ცვლის. ისიც კი არ ვიცით, ვის ჯიბეში ჩაედინება ჩვენი ეს მოხდილი ვალდებულებები, რომელიც, უფრო შეწუხებული სინდისის ქენჯნაა, ვიდრე გაწვდილი დახმარების ხელი. ქენჯნა იმის გამო, რასაც ვხედავთ, რაც არ მოგვწონს, რაც გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვცვლით.

ვერ ვცვლით იმიტომ არა, რომ შეუძლებელია, – ჯერ ამისთვის არა გვცალია და იმიტომ. დრო არა გვაქვს, ყველაზე უწყინარი ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის არა გვაქვს დრო და ისინიც ამ უყურადღებობაში მეამბოხეებად ყალიბდებიან. აი, ისეთებად, სამართლიანად რომ მიაჩნიათ, ყელსაბამი ჩამოგგლიჯონ ან საფულე ამოგაცალონ იმავე მეტროს ვაგონში, წლების წინ რკინის ჭიქაში ხურდა ფული რომ ჩაუჟღარუნე.

ავტორი: თამარ კურატიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s