მათ ჯერ ეცოდები, მერე შეგარცხვენენ, მერე გებრძვიან და ბოლოს იმარჯვებ

ავტორი: ანა არგანაშვილი

წყარო: http://www.jam-news.net/

მაჰათმა განდის რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა და ენახა, როგორ ექცევიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, თავის ცნობილ გამოთქმას – “ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, მერე იმარჯვებ” – აუცილებლად რამდენიმე სიტყვას დაამატებდა.

განდი დაინახავდა, რომ მჩაგვრელებმა, კარგა ხანია, თავიანთი სტრატეგია შეცვალეს და დღეს ბევრად უფრო ეშმაკურად და დახვეწილად მოქმედებენ. ისინი “პოლიტკორექტულები” გახდნენ და უარი თქვეს დაცინვასა და დაიგნორებაზე. სანაცვლოდ, მათ არსენალში “შეცოდება” და “შერცხვენა” გაჩნდა. ისინი ისე იქცევიან, თითქოს შენზე მეტად შესტკიოდეთ გული შენს ცხოვრებაზე.

მაგალითად, თუ ქალი ხარ და კაცი გჩაგრავს, ის თან გჩაგრავს და თან გეუბნება, რომ ამას შენსავე სასიკეთოდ აკეთებს.

ზუსტად ამ სცენარით ვითარდება ისტორია, თუ შენ აუტიზმის მქონე ბავშვის დედა ხარ და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლას გადაწყვეტ. თავიდან გესმის ჩურჩული, – “ვაიმე, საწყალი, ვაიმე უბედური.” შემდეგ, ბავშვმა თუ იცელქა ან რაიმე განსხვავებული გააკეთა, აუცილებლად გამოჩნდება ერთი-ორი გულშემატკივარი, რომელიც გეტყვის, რომ ასეთი ბავშვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამოყვანა არ შეიძლება, რადგან თვითონ ბავშვი წვალობს და წუხდება (შეცოდება). იქვე გეტყვიან იმასაც, რომ შენ კარგი მშობელი არ ხარ, რადგან ასეთ ბავშვს ტრანსპორტით ამგზავრებ (შერცხვენა). შემდეგ შენ, შენივე ინტერესებისთვის (!) ტრანსპორტიდან ჩასვლას მოგთხოვენ.

ეს მოგონილი ან რაიმე სახელმძღვანელოში ამოკითხული ისტორია არ არის.

ასე უთხრეს აუტიზმის მქონე ბავშვსი მშობელს – ეკას, 2014 წელს თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. როდესაც პატარა სალომე სკამის წინ დამონტაჟებულ ფიცარს ფეხს ურტყამდა და მძღოლმა დედას ბავშვის გაჩერება მოსთხოვა.

მძღოლმა ვერ გაიგო ეკას სიტყვების შინაარსი, რომელიც უხსნიდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვის სტერეოტიპული მოძრაობები გაჩერების ბრძანებას არ ემორჩილება და ბავშვის ფიზიკური იძულება მის მიმართ დაუშვებელი ძალადობა იქნებოდა.

იგივე უთხრეს მარისაც 2013 წელს.

მარი და ეკა კერკეტი კაკლები აღმოჩნდნენ. ვისაც არ მოგწონთ, თავად ჩაბრძანდით ავტობუსიდანო, – უპასუხეს მათ. თუმცა, ამ პასუხის შემდეგ უკვე “შეცოდება” სადღაც გაქრა და ღია და პირდაპირი აგრესია დაიწყო – როგორც ეკა ამბობს, მძღოლმა ყვირილით მოსთხოვა, რომ ის და მისი ბავშვი ავტობუსიდან ჩასულიყვნენ.

ორივე შემთხვევაზე მშობლებმა საჯაროდ ისაუბრეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია და არც არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.

2016 წელს ყველაფერი თავიდან განმეორდა: ეკა შვილებთან ერთად ისევ აიძულეს, ჩასულიყო ტრანსპორტიდან. ამჯერად უფრო აგრესიული შეძახილებით.

რა უნდა ქნას მშობელმა, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება?

ეს ამბავი მხოლოდ მარის და ეკას პრობლემა არ არის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ათასობით ბავშვის მშობელი ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად აწყდება სხვადასხვა სახის ძალადობასა და დისკრიმინაციას. უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებით, ეკამ და მარიმ ამ თემაზე ღიად ისაუბრეს.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ძალადობის ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და ჩვენ მას “სიბრალულის” სახელით ძალადობას ვეძახით.

ახლა მშობლების დრო მოვიდა. მათ საზოგადოების განვითარების და ტოლერანტობის გაზრდაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ.

თავდაპირველად, მჩაგვრელებს მშვიდად უნდა აუხსნან, რომ საქმე აქვთ ბავშვის სპეციალურ საჭიროებებთან და მათი მხრიდან ბავშვის ქცევის მიმართ მეტი მოთმინებაა საჭირო; რომ მათი მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ამ დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში, ყველა თანასწორია.

არ გაჭრა? მაშინ მშვიდად აკრიფონ 112, სახალხო დამცველის ცხელი ხაზისა და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ნომრები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის უფლების დაცვა სერიოზული საქმეა. მას ისე უნდა მიუდგეთ, როგორც სამსახურში ვუდგებით საქმის კეთებას: დავგეგმოთ, განვახორციელოთ, შედეგები გადავამოწმოთ და ფართოდ გავავრცელოთ.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მშობლები არ დაემორჩილონ შეცოდების და სიბრალულის გარემოს და განწყობას.

ერთი შეხედვით, შეცოდება – თანაგრძნობაა და თანაგრძნობის მიმართ ყველანი გახსნილები ვართ. თუმცა, ოდნავ თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ შეცოდება ადამიანის დასუსტებაა. ჩვენ ვეცოდებით მას, ვინც ფიქრობს, რომ სიტუაციის მსხვერპლი ვართ ან რამე უბედურება დაგვემართა.

სწორედ ეს დამოკიდებულებაა ყველაზე მცდარი, საიდანაც სათავეს იღებს ყველა პრობლემა. შეზღუდული შესაძლებლობის ქონა არა უბედურება, არამედ მოცემულობაა. ისეთივე მოცემულობა, რომ მე ქალი ვარ. შეიძლება ვინმეს ვეცოდებოდე იმის გამო, რომ ქალად დავიბადე? ან რაში მჭირდება ეს შეცოდება, როცა მე ამას პრობლემად არ მივიჩნევ. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მე მჩაგრავ იმიტომ, რომ ქალად დავიბადე.

შესაბამისად, თუ თქვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან “თანაგრძნობით” გაძევებენ, ეს ორმაგი ძალადობაა. ისინი გჩაგრავენ და თან ამას თითქოს თქვენს სასიკეთოდ აკეთებენ. რამხელა ფარისევლობაა!

რაც შეეხება მშობლების შერცხვენას იმის გამო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამგზავრეს. და საინტერესოა, ამის ალტერნატივა რა იქნებოდა? ბავშვის სახლში გამოკეტვა თუ კერძო მანქანით და ტაქსით მგზავრობა? განა უფრო ცინიკური შეიძლება იყოს რამე, ადამიანი შეარცხვინო იმის გამო, რომ კერძო ტრანსპორტით არ სარგებლობს? ეს იგივეა, უსაყვედურო, რომ მდიდარი არ არის.

თანაც, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თქვენ არ დაემორჩილებით ამ ტრანსფორმირებული ძალადობის ფორმას და გადაწყვეტთ, რომ თქვენს ბავშვთან ერთად საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან არ ჩახვიდეთ, ყველა ეს შეცოდება და შერცხვენა უსწრაფესად შეიცვლება აგრესიით, როგორც ეს ეკას და მარის შემთხვევაში მოხდა.

სწორედ აქ იწყება ბრძოლა და როგორც მაჰათმა განდის ციტატაშია, შემდეგ თქვენ იმარჯვებთ. იმრჯვებთ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საერთოდ ყველაფერი რაც საზოგადოებისაა, ყველას ეკუთვნის, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა.

მთავარია, ჩუმად ნუ იქნებით და ბრძოლაზე უარი არ თქვათ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. კლოდეთ კოლვინი და როზა პარკსი 1955 წელს მონტოგომერის ავტობუსიდან რომ ჩასულიყვნენ, საიდანაც მათ კანის ფერის გამო აძევებდნენ, ამერიკაში თანასწორობისა და თავისუფლების დღევანდელი სტანდარტი დიდი ხნით დაიგვიანებდა.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s