მაგდა პაპიძის დაჭრილი ამბავი

წარმოიდგინე, მანქანით მიდიხარ და უკნიდან ვიღაც დაგეჯახა. საღამოს სახლში ბრუნდები, მეგობარს ხვდები და ამბის მოყოლას იწყებ იმით, სად მიდიოდი, რომელ ზოლში იდექი, რომელ მხარეს უნდა შეგეხვია და ამ დროს, რომელი მხრიდან დაგეჯახა მანქანა. ეს იმ ამბის მთავარი დეტალებია, რომლის მოყოლაც ჯერ არ დაგიწყია და ამას ჟურნალისტიკაში ნიუსი ჰქვია, ანუ, ნიუსი სამ აუცილებელ კითხვას სცემს პასუხს – სად მოხდა, რა მოხდა, როდის მოხდა და არსებობს კიდევ ერთი, კითხვა – როგორ მოხდა? – აი, როგორ მოხდა, უკვე ახალი ამბავია და ის ახალი ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა აპირებ.

მაგდა პაპიძის ამბამდეც მივალ…

აგრძელებ: – გადმოხვედი მანქანიდან და კამათი დაიწყეთ, რამდენიმე წუთში პატრული მოვიდა. შენ გაგახსენდა, რომ მანქანა დაზღვეული გყავს და სადაზღვეოში გადარეკე. იქიდანაც მალევე მოვიდნენ. ახლა, იმას ყვები, რა გითხრა პატრულმა, რა გითხრეს სადაზღვეოდან, როგორ იმართლებდა თავს ის ტიპი უკნიდან რომ დაგეჯახა და უფრო მეტიც, თვითმმხილველები რომ შენს მხარეს იყვნენ, იმასაც უყვები. ასე უნდა ყვებოდეს ჟურნალისტიც ახალ ამბავს, იმ განსხვავებით, რომ – პატრულს, სადაზღვეოს წარმომადგენელს, თვითმხილველებსა და იმ ტიპს, უკნიდან რომ დაგეჯახა – წყაროებს არქმევს, ინფორმაციის წყაროებს. უი, ჩამონათვალში შენ გამომრჩი, შენც ინფორმაციის წყარო ხარ და როგორც კი ჟურნალისტს შენ გამორჩები თავის ახალ ამბავში, შეგიძლია თქვა, რომ ჟურნალისტი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, რადგან შენ, როგორც დაზარალებული, თავის ახალ ამბავში გამოგტოვა.

მაგდა პაპიძის ამბამდეც მივალ…

გამოტოვება ერთი უსამართლობა და წარმოიდგინე, ჟურნალისტმა რომ შენი ამბავი ნაწილებად დაჭრას; ცალკე ნიუსად დაწეროს, – პატრულმა რა თქვა, ცალკე – თვითმხილველებმა რა თქვეს, ცალკე – შენ რა თქვი, ცალკე – იმ ტიპმა რა თქვა და ამ ცალ-ცალკე ნათქვამებიდან, მკითხველს ყველაზე მეტად იმ ტიპის ნათქვამი მოეწონოს, უკნიდან რომ დაგეჯახა. მკითხველს მოეწონოს, ნიშნავს, რომ მკითხველმა დაიჯერა იმ ტიპის მოყოლილი ამბავი, დაალაიქა და თავის facebook გვერდზეც გაიზიარა, რომ მისმა მეგობრებმაც ნახონ, მეგობრებსაც მოეწონოთ, იმათმაც გაუზიარონ თავიანთ მეგობრებს და რა გამოვიდა? – გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ტიპი, უკნიდან ვინც დაგეჯახა, მართალია, – შენ არასწორ ზოლში იდექი და მსხვერპლი შენ კი არ ხარ, მსხვერპლი თვითონაა, რადგან პატრულმა მას არ დაუჯერა და უსამართლოდ დააჯარიმა.

მაგდა პაპიძის ამბამდეც მივალ…

რატომ დაუჯერა ხალხმა იმ ტიპს? – იქნებ იმიტომ, რომ პირველი მისი კომენტარი წაიკითხა? ან, იქნებ იმიტომ, რომ უფრო არგუმენტირებულად იტყუება? – ბევრი იმიტომ არსებობს, მაგრამ ამ ტიპის კომენტარი რომ ჟურნალისტს არ ამოეჭრა, მის გვერდით რომ შენი ნათქვამიც დაეწერათ, პატრულისაც და თვითმხილველებისაც, მაშინ, მკითხველი ხომ თვითონ მიხვდებოდა, რა მოხდა სინამდვილეში?! მაშინ, მკითხველი ხომ სრულყოფილად აღიქვამდა მომხდარ ამბავს?! მაგრამ ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი არც წყაროებს, არც მკითხველს და არც საკუთარ პროფესიას, დაებალანსებინა ამბავი და ისე მიეტანა მკითხველამე. მან მარტივი საშუალება აირჩია, – ერთი ამბიდან 5 ამბავი ამოჭრა, საზოგადოებას ნაგლეჯები მიუყარა, ვითომ ფაქტები, რომელიც ფაქტები კი არა, მოსაზრებებია, ინტერპრეტაციები, ინტერპრეტაცია კი, მცდარიც შეიძლება იყოს და სწორიც, ამიტომ ამის გავრცელებას ჟურნალისტი არ უნდა უწყობდეს ხელს.

მაგდა პაპიძის ამბამდეც მივედი:

ასე ნაგლეჯებად მოგვიყარეს ჟურნაალისტებმა მაგდა პაპიძის დაჭრილი ამბავი. რა თქვა პროკურორმა, რა თქვა მაგდა პაპიძის დედამთილმა, რა თქვა მაგდა პაპიძის მაზლმა, მაზლის ძმაკაცმა, მაგდა პაპიძის დამ, დედამ, მაგდა პაპიძის საყვარელმა და, ბოლოს და ბოლოს, რა თქვა თამაზ მეჭიაურმა მაგდა პაპიძეზე! ჟურნალისტები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, როცა ამბის მოყოლის პასუხისმგებლობას იცილებენ თავიდან, მხრებიდან იხსნიან საზოგადოების ინფორმირებულობის ვალდებულებას და ნებითა თუ უნებლიედ, ხელს უწყობენ საზოგადოებაში დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას და ეს შეცდომაა.

იცი, როგორ უნდა გაეშუქებინა მედიას მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი? – უნდა მოეყოლა ამბავი.

 თამარ კურატიშვილი

Advertisements

7 thoughts on “მაგდა პაპიძის დაჭრილი ამბავი

  1. ვეთანხმები სრულიად.წესიერად არავინ იცის რა მოხდა და ამ უბედურ გოგოს წყევლიან ლანძღავენ ..

  2. სთორითელინგს სთხოვთ ჩვენს “ჟურნალისტიკა” დამთავრებულ უვიცებს? ნორმალურ ქვეყანაში ადამიანები ჯერ რაღაცის პროფესიონალები ხდებიანდა მერე სწავლობენ ჟურნალისტიკას. ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა. ამბის სწორად მოყოლა ყველაზე ძნელი რამაა. ნიუსის (ამათ გაგებით) გამოცხობას კიდე ხერხემლის ტვინიც ეყოფა.

  3. ეს ის ქალია ხო? მკვდარი შვილის ცხედარს, ხან მანქანაში და ხან საწოლის ქვეშ,რომ მალავდა, და მერე ამბობდა დაბნეული ვიყავიოეს ხალხი მე მგონი გაგაჟდა, ქეთევან წამებულად გადაკეთდა უკვე, ერთი ძალიან ბანალური ქალი, ეგოისტი და მკვლელი

    • ტაისია ტაისიას: მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პასუხი არის კიდევ ერთი ულოგიკო დასკვნა ჩვენი „უზომოდ განათლებული“ და „კომპეტენტური“ საზოგადოებისაგან. გვახარიას სტატია ეხება არა კერძოდ მაგდა პაპიძეს, არამედ საერთოდ ჩვენს ბედკრულ, საცოდავ, უწიგნურ ჟურნალისტებს და ჟურნალისტიკას.

    • sawol qvesh ar malavda dauxoces qmar shvili da dauyares. win da shetenes magdas kargad gadaxedet detalebss dzalian kargad.da codcas nu idebt roca r icit da tyui natqvam azrebs aziarebt da aprqvevt.

  4. კიდევ ერთი ულოგიკო დასკვნა ჩვენი ფრიად „განათლებული საზოგადოებისა“, რომლის ღირსეული შვილებიც არიან ჩვენი ჟურნალისტები. ქ-ნო ტაისია ტაისია, აქ კერძოდ მაგდა პაპიძეზე არაა საუბარი, აქ საზოგადოდ უბადრუკ ქართულ ჟურნალისტიკაზეა ძალიან სწორი და სამართლიანი აქცენტი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s