14 ივნისი – უფლებების [არ] დაცვის დღე

ადამიანის უფლებების დაცვის დღე, რომელიც საზოგადოებას უფლებების დარღვევის მიზეზების ანალიზსა და დარღვეული უფლების აღდგენის გზებს არ სთავაზობს, შესაძლოა, თავად იქცეს ადამიანის უფლებების იდეის დამაკნინებლად. ასეთი დღე უფლებებს არ იცავს, ასეთი დღე მხოლოდ გიხანგრძლივებს შენს უუფლებობის მდგომარეობას, იმიტომ, რომ შენგან მოითხოვენ იდღესასწაულო ის უფლებები, რომელიც სინამდვილეში არ გაქვს ან გაქვს და ვერ ახორციელებ.

ყოველ წლის 14 ივნისს, საზოგადოება ისმენს მთავრობისგან მორიგი „მიღწევებით“ სავსე ანგარიშებს, თუმცა გასაკვირად, ეს „მიღწევები“ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საგრძნობი არ არის.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ამ დღეს, ისევე როგორც წელიწადის სხვა 364 დღეს ხდებიან დისკრიმინაციისა და არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლი. დისკრიმინაცია, რომელიც სახელმწიფოს უმოქმედობითაა გამოწვეული, უფრო ძნელი აღმოსაფხვრელია, ვინაიდან მის უკან არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი სახელმწიფო დგას.

მთავრობა, რომელსაც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლის თავზე არ განუხორციელებია არცერთი ძირეული რეფორმა კონვენციის მოთხოვნის შესაბამისად, ამ დისკრიმინაციის ხელშემწყობია. კონვენციის რატიფიცირებიდან დღემდე, სახელმწიფოს ინიციატივით, ქვეყანაში არ დაწყებულა კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და პოლიტიკის ცვლილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ისეთ ფუნდამენტურ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, განათლება, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა.

ერთი მიღწევა კი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია, სახელმწიფო უწყებებმა წარმატებით შეითვისეს შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა ინკლუზიისა და რეპრეზენტაციის ილუზიის შექმნა. ტოკენიზმი (Tokenism) – ინგლისური სიტყვაა და უმცირესობების ცრუ ჩართულობასა და ფორმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ნიშნავს. როცა თქვენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, გიწვევენ სამთავრობო თუ მუნიციპალურ საკონსულტაციო ან მონიტორინგის საბჭოებში, მაგრამ იქ თქვენს აზრს არ ისმენენ და პატივს არ სცემენ, თქვენ სწორედ ცრუ ჩართულობის ანუ ტოკენიზმის მსხვერპლი ხართ. ტოკენიზმი ადამიანების უფლებების დარღვევის კიდევ ერთი, კარგად შეფარული გზაა, როცა ადამიანებს რეალურად გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა არ გაქვთ – თუმცა, ფორმალურად ამა თუ იმ ჯგუფის წევრად ითვლებიან.

14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დღედ, მხოლოდ ჩვენ, ინფორმირებულმა და მომთხოვნმა საზოგადოებამ შეგვიძლია ვაქციოთ. როცა ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებს უმოქმედობით გამოწვეული დისკრიმინაციის რეალურად აღმოფხვრასა და ტოკენიზმის შეწყვეტას მოვთხოვთ. როცა ჩვენ საზოგადოება შევთავაზებთ მთავრობას დარღვეული უფლებების მიზეზებისა და სუბიექტების ანალიზს. როდესაც ჩვენ გავიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენივე ცრუ ჩართულობისა და მონაწილეობის შედეგებზე და ამის ნაცვლად, რეალურ ჩართულობას მივაღწევთ.

ავტორი: ანა არგანაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s