რატომ ვირჩევთ გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელს ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის პროცესში

საქართველოში 2015 წელს ქმედუნარიანობის სისტემის ძირეული რეფორმა განხორციელდა. აღნიშნული რეფორმის გატარების საფუძველი, მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებებია, ეს ცვლილებები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა 2006 წლის კონვენციის მიღებას უკავშირდება, რომლის მე-12 მუხლის თანახმადაც „სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქმედუნარიანობას სხვებთან თანასწორობის საფუძველზე, ცხოვრების ყველა სფეროში“. თუმცა, აღნიშნული ჩანაწერის მნიშვნელობა, ხშირად, არა მხოლოდ საზოგადოების წევრებისთვის, არამედ თავად იურისტებისთვისაც რთულად გასააზრებელი კონცეფციაა. ამიტომ, გადავწყვიტე რეფორმაზე, ყველაზე მარტივი ენით, ყველასთვის გასაგებად ბლოგები დავწერო.

ქმედუუნარო პირთა მეურვეობა -ჩაგვრის ისტორია

 მეურვეობის ინსტიტუტი რომის სამართლის დოქტრინას ეყრდნობა, იგი თავდაპირველად შემუშავებული იყო არა მეურვეობის ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ, არამედ მეურვეების სასიკეთოდ. იმ შემთხვევაში თუ „შეშლილ“ ადამიანს მემკვიდრეობით ერგებოდა ქონება, მას ენიშნებოდა მეურვე, სხვა შემთხვევაში ეს ქონება ნათესავებს გადაეცემოდათ.  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები გათანაბრებულნი იყვნენ ბავშვებთან, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ, როგორც ბავშვებს, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს არ შეეძლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. აკრძალული იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირისგან მოტყუებით ქონების მიღება და ეს ქმედება ცენზორისგან (საზოგადოებრივ მორალზე პასუხისმგებელი პირი) შესაბამისი სანქციით ისჯებოდა.

რა არის სამართლებრივი ქმედუნარიანობა?

ეს არის სამართლის მიერ, პირის გადაწყვეტილებების, სამართლებრივი ძალისა და მნიშნელობის აღიარება. სამართლებრივი ქმედუნაროანობის გარეშე პირის გადაწყვეტილებას არ ექნებოდა სამართლებრივი შედეგი და ეფექტი. შესაბამისად, სამართლებრივი ქმედუნარიანობის შეზღუდვას პირისთვის, გავლენა აქვს ცხოვრების ყველა იმ სფეროზე სადაც ამ პირს სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება ესაჭიროება. ეს სფეროებია; სად და ვისთან იცხოვრებს (პირადი ცხოვრების უფლება), რა ქონება ექნება და როგორ განკარგავს (საკუთრების უფლება), მიიღებს თუ არა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას (ხმის მიცემის უფლება, პოლიტიკურ თანამდებობების დაკავების უფლება), ქორწინება, მშობლად ყოფნა, დასაქმება და წყველა სხვა სფერო, რომელის საჭიროება რაიმე ტიპის გარიგების დადებას.

სამართლებრივ ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული მიდგომები

ისტორიულად სამართლებრივი ქმედუნარიანობის განსაზღვრისას გამოიყენებოდა 2 ტიპის მიდგომა:

(1) სტატუსზე-დაფუძნებული მიდგომა – იგი კრიტერიუმად იღებდა სამედიცინო დიაგნოზს ან კოგნიტური შეზღუდვის ხარისხს და ამის საფუძველზე ართმევდა პირს სამართლებრივ ქმედუნარიანობას.

(2) შედეგზე-დაფუძნებული მიდგომა, რომელიც აფასებდა არა დიაგნოზს, არამედ პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღების შედეგს და თავად გადაწყვეტილების მიღების ხარისხს. ეს მიდგომა განვითარდა უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების საფუძველზე და ადგენს რამდენად ირაციონალური ან შეუსაბამოა პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხომ არ აზიანებს მის საუკეთესო ინტერესს. მაშასადამე, ამ მიდგომის მიზანია დაიცვას პირი და, ზოგადად, საზოგადოება დამაზიანებელი გადაწყვეტილებისგან და მისით გამოწვეული შედეგებიდან.

თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ორივე მიდგომა უარყოფილ  იქნა, როგორც მოძველებული. საერთაშორისო სამართალმა შემოგვთავაზა ახალი მიდგომა. კერძოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 1999 წელს მიიღო რეკომენდაცია # (99)4 „ქმედუნარიანი პირების სამართლებრივი დაცვის პრინციპების შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტით შემოთავაზებულია მესამე მიდგომა, კერძოდ:

(3) ფუნქციონალური მიდგომა –  პირის გადაწყვეტილების მიღების უნარი არ ფასდება დიაგნოზით ან შესაძლო მიყენებული ზიანით, არამედ ორი კრიტერიუმით:

(ა) შესაბამისობა დროსთან – რომლის თანახმადაც პირის გადაწყვეტილების მიღების უნარი ცვალებადია დროში და ცხოვრების ეტაპების მიხედვით. იგი შეიძლება იცვლებოდეს გადატანილი ტრავმის, მიღებული ალკოჰოლის, აგზნების ფაზაში ყოფნის შესაბამისად, ასაკის მატების, დაავადების პროგრესის მიხედვით.

(ბ) გადაწყვეტილების ხასიათის მიხედვით – პირის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების უნარი იცვლება გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე. პირს შესაძლოა ძალუძს მიიღოს გადაწყვეტილება კბილის დაბჟენის თაობაზე, თუმცა შესაძლოა ვერ მიიღოს გადაწყვეტილება რთული კორონარული ოპერაციის გაკეთების შესახებ. პირს შესაძლოა შეეძლოს პურის ყიდვა მაგრამ არ შეეძლოს ბინის ყიდვა. აღნიშნული განსხვავება გადაწყვეტილების ხასიათთან დაკავშირებით, რასაკვირვველია ვერ იქნება კავშირში რაიმე დიაგნოზთან ან შეზღუდვასთან. აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელება კი ასევე დაკავშირებულია ისეთ გარემო ფაქტორებთან, როგორიცაა მეგობართა და მხარდამჭერთა წრე, სოციალური სერვისების დონე და სხვა.

სამივე მიდგომა – სტატუსზე დაფუძნებული, შედეგზე დაფუძნებული და ფუნქციონალური მიდგომა  – ეფუძნება მედიცინისა და სამართლის თანაკვეთს, რაც მკვეთრად გაკრიტიკებული იქნა ბოლო წლებში.

ფუნქციონალური მიდგიმის კრიტიკის ძირითადი საფუძველია:

(1) იგი ეყრდნობა რწმენას რომ პირი უნდა დავიცვათ ცუდი გადაწყვეტილებებისგან და არ აღიარებს ამ პირის უფლებას მიიღოს ცუდი გადაწყვეტილებები.

(2) ერთი მხრივ იგი დაცვაზეა ორიენტირებული, მაგრამ ამავე დროს ვერ იცავს პირს იმ ძალადობისგან და ექსპლუატაციისგან რაც მასზე კონტროლის მქონე ადამიანმა შეიძლება განახორციელოს

(3) ფუნქციონალური მიდგომა ათანაბრებს სამართლებრივი ქმედუნარიანობისა და სამართლებრივი დამოუკიდებლობის ცნებას. ეს გათანაბრება ეყრდნობა მოსაზრებას: იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სამართლებრივი ქმედუნარიანობა იგი გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს დამოუკიდებლად, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის და მათგან დახმარების მიღების გარეშე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა იყოს ჩართული ტექნიკური დამხმარე საშუალება ა.შ. ამ მიდგომის მიხედვით სისტემა პირს უზომავს გადაწყვეტილების მიღებას იმ პირობებში, რა პირობებშიც ცხოვრებაში გადაწყვეტილებას არ იღებენ, იზოლირებულად. ცხოვრებაში ადამიანები სხვებთან თანამშრომლობით იღებენ გადაწყვეტილებებს სოციალური მხარდამჭერი კონტექსტის ფარგლებში.

(4) ფუნქციონალური მიდგომა დროის გასვლის პარალელურად სრულიად უსარგებლოს ხდის გადაწყვეტილების უნარს პიროსათვის, რადგან მის ნაცვლად სხვა იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, იგი კარგავს არსებულ უნარს და ვერ იძენს ახალს.

კანადელი მეცნიერის მაიკლ ბახის თეორიის თანახმად, პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების უნარი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მხარდაჭერა აქვს მას სოციალური გარემოსგან. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამ პირთა თანასწორი მოპყრობისათვის საჭიროა მათ მისცეს მაქსიმალური წვდომა იმ ადამიანებთან, სოციალურ წრესთან, რომლებიც ეხმარებიან ნების გამოთქმასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი (Supported Decision Making)

 მას შემდეგ რაც უარყოფილი იქნა ყველა ზემოთმოყვანილი მიდგომა, სამართლამცოდნეებმა დაიწყეს ახალი მოდელის ე.წ. გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის შემუშავება.  ამ მოდელის ერთ-ერთი ავტორია კანადელი მეცნიერი მაიკლ ბახი, რომლის თანახმადაც, იმისათვის რომ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღოს, იგი უნდა უზრუნველვყოთ სამი ტიპის მხარდაჭერით:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მხარდამჭერი: შესაძლოა პირს ესაჭიროებოდეს დახმარება, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება.

ბ) ნების და სურვილის გამოხატვაში  მხარდამჭერი -შესაძლოა პირს ესაჭიროებოდეს დახმარება, რომ მან გამოხატოს გადაწყვეტილება.

გ) პიროვნების გამოხატვაში მხარდამჭერი – შესაძლოა პირს ესაჭიროებოდეს დახმარება, რომ შეიცნონ მისი პიროვნება, სურვილები, მოლოდინები და დაეხმარონ, შესაბამისად. ამ ფორმით ბახი გამოჰყოფს გადაწყვეტილების ფასილიტაციის (დახმარების უზრუნველყოფის) საგამონაკლისო შემთხვევებს, იმ სიტუაციისათვის, როდესაც პირის ნების დადგენა ზუსტად ვერ ხერხდება. აღნიშნული საჭიროებს უფრო ინტენსიური დახმარების მიწოდებას, ვიდრე მხარდაჭერაა, თუმცა, მისი სამართლებრივი ქმედუნარიანობა ხელუხლებელია.

ვინ უნდა იყოს მხარდამჭერი?

ბახის აზრით მხარდამჭერი რეკომენდირებულია წარმოდგენილი იყოს არა ერთი ადამიანით არამედ მხარდამჭერთა წრით, ვინაიდან:

  • ისინი გადაინაწილებენ პასუხისმგებლობას.
  • ისინი ამოწმებენ ერთმანეთს.
  • იცნობენ პიროვნების სხვადასხვა მხარეს

ბახის აზრით მხარდამჭერთა წრე შეიძლება შედგებოდეს შემდეგი პირებისაგან:

ა) რომელთაც მხარდამჭერის მიმღები პირი აირჩევს და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობას.

ბ) კარგად იცნობენ ამ ადამიანს.

გ) აქვთ პირადი ურთიერთობა ამ ადამიანთან და სურვილი რომ მხარი დაუჭირონ მას.

დ) გარკვეულწილად გეოგრაფიულად ემეზობლებიან მხარდასაჭერ პირს და აქვთ საშუალება საერთო სამეზობლოში/გეოგრაფიულ ზონაში პირის ცხოვრებას შეუწყონ ხელი.

ე) შეუძლიათ გაიგონ და მოახდინონ პირის ნების განმარტება.

ვ) შეუძლიათ მოგვითხონ ამ პირის ცხოვრებისეული ისტორია, ძლიერი მხარეები, საჭიროებები, სურვილები, წარსული.

ყოველივე ზემოთთქმულის შესაბამისად, გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი ხორციელდება ურთიერთნდობის ატმოსფეროში. ურთიერთობა მხარდასაჭერ პირსა და მხარდამჭერებს შორის უნდა იყოს ძალიან ადამიანური და, ამავე დროს, პროფესიონალური. იგი საჭიროებს მუდმივად განმტკიცებას.

შემდეგ ბლოგში მოგიყვებით, როგორ ხორციელდება გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელი პრაქტიკაში.12307516_838595059592611_7051937639530839126_o

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s