ანიტა ჰილის სექსუალური შევიწროვების საქმე

1991 წლის ოქტომბერში ამერიკული მედია ანიტა ჰილის ისტორიამ მოიცვა. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის თომას კლარენსის მიმართ, ანიტა ჰილიმ სექსუალური შევიწროვების საჩივარი წარადგინა. თომას კლარენსი, რომელიც კანდიდატობამდე ფედერალური მოსამართლე იყო, უარყოფდა სამართლის პროფესორ ანიტა ჰილის მიერ მოყვანილ ისტორიას. მიუხედავად ამისა, ანიტა ჰილის ჩვენება მოისმინა აშშ-ს სენატის მართლმსაჯულების კომისიამ და ოცმა მილიონმა მაყურებელმა. საზოგადოებას და მედიას გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვები მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ. ჰილი ამტკიცებდა, რომ თომას კლარენსმა, ნომინირებამდე 10 წლით ადრე, მის მიმართ სამსახურში სექსუალური შევიწროვების არაერთი ქმედება განახორციელა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს თომას კლარენსი ჯერ განათლების დეპარტამენტში, შემდეგ კი იმ უწყების ხელმძღვანელ პოსტზე მუშაობდა, რომელსაც ქალების მიმართ სამსახურში განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ფაქტების შესწავლა ევალება.

ანიტა ჰილიმ გაიარა კლარენსის მომხრეების კრიტიკის სასტიკი ქარიშხალი. იგი არაერთხელ დაადანაშაულეს შევიწროვების ისტორიის გამოგონებაში. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ამ ქალმა აშშ-ს ბევრ სხვა ქალს მისცა გამბედაობა გაემხილათ მათ მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ფაქტები. ამ გახმაურებული ისტორიის შემდეგ თითქმის სამჯერ გაიზარდა სექსუალური შევიწროვების მუხლით დაწყებული დავები, ხოლო დაზარალებული ქალების მიმართ ანაზღაურებულმა თანხამ, 1996 წელს, 27.8 მილიონს მიაღწია.

“მე მომიწია დიდი ტანჯვის გავლა ამ ყველაფრის მოსაყოლად საზოგადოებისთვის. ჩემთვის იქნებოდა ბევრად კომფორტული ვყოფილიყავი ჩუმად. თუმცა, მე ვიგრძენი, რომ უნდა მომეყოლა სიმართლე თქვენთვის”- თქვა ანიტა ჰილიმ თავის ჩვენებაში, რომელიც 1991 წლის ოქტომბერში, აშშ-ს სენატის მართლმსაჯულების კომიტეტში წარმოადგინა.

ანიტა ჰილიმ ვერ შეძლო დაემტკიცებინა თავის სიმართლე. თომას კლარენსი გახდა ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ამერიკის ნაციონალური საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტის, ნინა ტოტენბერგის მიხედვით[1], იგი ერთადერთიAPP2000012472233 მოსამართლეა, რომელსაც მიაჩნია, რომ თინეიჯერ ახალგაზრდებს გამოხატვის თავისუფლება არ გააჩნიათ, მხარს უჭერს თითოეული შტატის მიერ ოფიციალური რელიგიის გამოცხადებას და ფიქრობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია ამერიკის მოქალაქეები, განუსაზღვრელი დროით, ბრალის წაყენების და სასამართლო განხილვის გარეშე, საპატიმროში დატოვოს.

ანიტა ჰილის ჩვენება აშშ-ს სენატის მართლმსაჯულების კომიტეტში

 

ვაშნგტონი, 1991 წლის ოქტომბერი[2]

ბატონო თავჯდომარევ, კომიტეტის წევრებო. ჩემი სახელია ანიტა ჰილი და მე ოკლაჰომას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი გახლავართ. მე დავიბადე 1956 წელს ოკმულგში, ოჯახში სადაც 13 ბავშვი იზრდებოდა.

ჩემი ბავშვობა ბევრი შრომისა და ფინანსური პრობლემებისგან შედგებოდა. თუმცა, ჩემი მშობლების გავლენით, ოჯახი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. მე გავიზარდე რელიგიურ ატმოსფეროში და ვირიცხებოდი ანტიოქიის ბაპტისტთა ეკლესიის წევრად, რაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებაა. განათლება ჯერ ოკლაჰომას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი, იელის უნივერსიტეტში მივიღე – სამართლის სპეციალიზაციით.

განათლების დასრულების შემდეგ, იურიდიული პრაქტიკა დავიწყე ვაშნგტონში, ერთერთ იურიდიულ ფირმაში, 1981 წელს გავიცანი მოსამართლე თომასი, რომელიც მაშინ მოსამართლის სტატუსს არ ატარებდა.

თომასმა მითხრა, რომ იგი პოლიტიკურ პოზიციაზე დანიშვნას მოელოდა და მკითხა, მასთან მუშაობას თუ ვისურვებდი.

იგი მალევე დანიშნეს განათლების დეპარტამენტში და მეც დავთანხმდი მასთან მუშაობას – ასისტენტის პოზიციაზე. ამ პერიოდში, ჩემს სამუშაო გამოცდილებას მოსამართლე თომასთან პოზიტიურად ვაფასებ. მქონდა დამოუკიდებლობა და ჩემი პასუხისმგებლობის სფერო. ამ დროს ვფიქრობდი, რომ ის ჩემს საქმეს და ჩემს მოსაზრებებს პატივს სცემდა.

სამი თვის შემდეგ, მან პირველად მთხოვა მასთან ერთად სამსახურიდან თავისუფალი დროის გატარება. რაც შემდეგ მოხდა, ჩემთვის ყველაზე მძიმე მოსაყოლია. მხოლოდ მრავალი უძილო ღამის და ემოციური ტანჯვის შემდეგ გადავწყვიტე ამ ყველაფრის თქმა საზოგადოებისთვის.

მე მას უარი ვუთხარი თავისუფალი დროის ერთად გატარებაზე და ავუხსენი, რომ ეს ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი, იმ დროისთვის პოზიტიური, საქმიანი ურთიერთობებისთვის. ამავე დროს, მე მქონდა სოციალური ურთიერთობა სხვა პიროვნებასთან თავისუფალ დროს. მე ღრმად მწამდა, რომ ახლო პირადი ურთიერთობების წამოწყება კაცთან, რომელიც ჩემი ზედამხედველი იყო სამსახურში – არ იქნებოდა სწორი.

როდესაც ყოველივე ამას ვეუბნებოდი თომასს, მე მჯეროდა, რომ ის აღარ შემომთავაზებდა სამსახურის გარეთ ურთიერთობას. ჩემდა სამწუხაროდ, მომდევნო კვირებში, ის აგრძელებდა მოთხოვნას სამსახურის გარეთ ურთიერთობების დაწყებაზე.

იგი ჯერ თავის და შემდეგ უკვე ჩემს სამუშაო ოთახში, კიდევ და კიდევ მასაბუთებინებდა უარის მიზეზს.

ყველაფერი განსაკუთრებით გართულდა, როდესაც თომასმა დაიწყო სექსის თემის განხილვა სამსახურის სიტუაციებში. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ის მე მომიხმობდა სამუშაო ოთახში განათლების პროექტის წარმოსადგენად ან მივყავდი ლანჩზე სამთავრობო კაფეტერიაში. ასეთ დროს, სამსახურის საქმეზე ხანმოკლე საუბრის შემდგომ, იგი გადადიოდა სექსის თემებზე. საუბრის სექსუალური შინაარსი ძალიან აშკარა იყო. იგი მიყვებოდა ქალებისა და ცხოველების სქესობრივ აქტებზე, ჯგუფურ სექსზე და გაუპატიურების სცენებზე, რომელიც ნახა პორნოგრაფიულ ფილმებში. ასევე მესაუბრებოდა დიდი ზომის პენისზე და მკერდზე, შიგადაშიგ ურთავდა ფრაზას საკუთარი სექსუალური შესაძლებლობის შესახებ.

მე მრავალჯერ ვუთხარი, რომ დისკომფორტს ვგრძობდი ამ თემაზე საუბრისას და შევეცადე საუბარი განათლების თემაზე დამებრუნებინა, თუმცა – უშედეგოდ. იგი ასევე აგრძელებდა სამსახურის გარეთ სოციალური ურთიერთობების შემოთავაზებას.

გარკვეული დროის შემდეგ, მან ასეთი საუბრები და შემოთავაზებები შეწყვიტა, რა დროსაც დავიჯერე, რომ ჩვენი პროფესიული ურთიერთობა დაბრუნდა ნორმალურ ფარგლებში.

როდესაც თომასი თანასწორი დასაქმების შესაძლებლობის კომისიის (Equal Employment Opportunity Commission) ხელმძღვანელად დანიშნეს, მე ბევრი ვიფიქრე დავთანხმებოდი თუ არა მის შემოთავაზებას და გავყოლოდი ახალ სამსახურში თანამშრომლად. ბოლოს, დავთანხმდი, რადგან ეს სამსახური თავისთავად ძალიან საინტერესო იყო და მე სხვაგან დასაქმების რეალური ალტერნატივა იმ პერიოდში არ მქონდა. თავიდან ყველაფერი იყო ნორმალურად, თუმცა მისი სექსუალური შინაარსის საუბრები და შეთავაზებები დროის ერთად გატარებაზე, 1982 წლის შემოდგომაზე განახლდა. მის ხმაში და ქცევაში გაჩნდა უკმაყოფილება ჩემს უარყოფით პასუხებზე. იგი აკომენტარებდა, თუ რამდენად სექსუალურად მიმზიდველი იყო იმ დღეს ჩემი ჩაცმულობა. ერთ-ერთი ყველაზე უხერხული სიტუაცია მახსენდება, როდესაც თომასი ოფისში სვამდა კოკა-კოლას და უეცრად იკითხა: ვინ ჩააგდო ბოქვენის თმა ჩემს კოლაში? იგი აგრძელებდა საუბარს თავისი პენისის დიდ ზომაზე და იმაზე, თუ რამხელა სიამოვნებას ანიჭებს ქალებს ორალური სექსის დროს.

ძალიან მალე, მე დამეწყო სტრესის და შიშის განცდა, რომ იგი აუცილებლად გამათავისუფლებდა სამსახურიდან მისი სექსუალური სურვილების მიუღებლობის გამო. ამიტომ, 1983 წელს დავიწყე ახალი სამსახურის ძებნა. მეშინოდა,  რომ თუ ის გაიგებდა ჩემი მომავალი დამსაქმებლის შესახებ, აუცილებლად ჩამიშლიდა იქ მუშაობის დაწყებას.

1983 წელს 5 დღე გავატარე საავადმყოფოში სტრესის ფონზე განვიითარებული პრობლემების გამო. 1983 წელს ვიპოვე სამსახური ორალ რობერთსის უნივერსიტეტში. როდესაც შევატყობინე თომასს, რომ სამსახურს ვიცვლიდი რამდენიმე თვეში, მან მითხრა, რომ მალე აღარ მექნებოდა მიზეზი მის მიერ შემოთავაზებულ ურთიერთობებზე უარის თქმისა, თუმცა, მე დავარწმუნე, რომ ჩემი უარი ძალაში დარჩებოდა, მიუხედავად სამსახურის ცვლილებისა.

სამსახურის ბოლო დღეებში, მთხოვა მასთან ერთად გასვულიყავი სადილზე პროფესიულ საკითხებზე სასაუბროდ. სადილის დროს მან მითხრა, რომ თუ ოდესმე ვინმეს მოვუყვებოდი მის  ქცევაზე, ეს მის კარიერას დაანგრევდა. თუმცა მას ბოდიში არ მოუხდია.

მე მომიწია დიდი ტანჯვის გავლა, ამ ყველაფრის მოსაყოლად საზოგადოებისთვის. ჩემთვის იქნებოდა ბევრად კომფორტული ვყოფილიყავი ჩუმად, თუმცა მე ვიგრძენი რომ უნდა მომეყოლა სიმართლე თქვენთვის.

ანა არგანაშვილი

[1] http://www.npr.org/2011/10/11/141213260/thomas-confirmation-hearings-had-ripple-effect

[2] ჩვენების შემოკლებული ვერსია, წყარო: http://www.speeches-usa.com/Transcripts/126_hill.html

ფოტო: წყარო: history.com

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s