როგორ ავიცილოთ თავიდან 83% -იანი წარუმატებლობა

„როდესაც საზოგადოება არის კარგად ინფორმირებული, მათ საკუთარი ხელისუფლება უნდა მივანდოთ“

თომას ჯეფერსონი

 

მომავალ დროში, როდესაც ჩვენზე, როგორც წარსულზე, ილაპარაკებენ, დილის ეთერში რადიოები გადაამოწმებენ, რა მოხდა იმ კონკრეტულ დღეს ისტორიაში. 2016 წლის 10 მარტი იქნება მასწავლებელთა 83%-ის სასერტიფიკაციო გამოცდაზე ჩაჭრის დღე. ან, უფრო მეტად, მასწავლებლები საყოველთაო გაკიცხვის დღე. ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც უფრო განათლებული და რაციონალური იქნება ვიდრე ჩვენ (მამულს ეს ურჩევნია), რადიოში ასეთ კომენტარს გააკეთებს: ჩვენს წინაპრებს, იმის ნაცვლად, რომ პრობლემები გაეანალიზებინათ, უყვარდათ ყველას და ყველაფრის კრიტიკა. ისინი, საკუთარ როლს ვერ ხედავდნენ განათლების სისტემის კრიზისის შექმნაში. მითუმეტეს – მათ გადაჭრაში.

ეს წინაპრები ვიქნებით ჩვენ. 50 წლის შემდგომი გადასახედით უფრო მარტივი ჩანს ეს ისტორია, ვიდრე 4 დღის წინ, როდესაც უიმედო და სასოწარკვეთილი ფეისბუქ-მომხმარებლები პოსტავდნენ: ვის უნდა ვანდო ჩემი შვილი? ვინ არის განათლების სისტემის პატრონი?

ისეთი ფეისბუქ-მომხმარებლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც პრობლემის წყაროზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ, რომ მასწავლებლების ტოტალური ჩაჭრა განათლების არაეფექტური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია. მასწავლებლები, რომელთაც წლების განმავლობაში უკიდურესად დაბალი ხელფასი და რთული სამუშაო პირობები აქვთ, ვერ იღებდნენ სახელმწიფოსგან იმ მხარდაჭერას, რომელიც მათ სასერტიფიკაციო გამოცდის ბარიერის გადალახვაში დაეხმარებოდა. ფაქტია, როდესაც კანდიდატთა 83% ვერ აბარებს გამოცდას, ეს უკვე მცირე ჯგუფის პრობლემა არ არის, ეს მთლიანად ქვეყნის განათლების სისტემის კრიზისია.

თუმცა, განათლების სისტემის პრობლემას მხოლოდ თეორიული ანალიზი არ შველის და საჭიროა ქმედებაც. როგორც ზემოთ თომას ჯეფერსონის ციტატა ამბობს, თუ ჩვენ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვართ, პრობლემების კარგი ანალიზით შეიარაღებულები, ჩვენივე ხელისუფლება უნდა ჩავიბაროთ და ქვეყანაში განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ უნდა ჩავერთოთ განათლების რეფორმების განხორციელებაში, იმისათვის რომ ერთ დღეს  83%-იანი ჩაჭრა არ აღმოვაჩნოთ და შოკი არ მივიღოთ.  კარგად ინფორმირებულობა იმასაც ნიშნავს, ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ და როდისაა ამის საუკეთესო მომენტი, „შესაძლებლობის ფანჯარა“, როგორც მას უწოდებენ.

მე გეტყვით „შესაძლებლობის ფანჯარას“ მომიჯნავე სფეროში, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმას ეხება. 2016 წლის 4 მარტს პარლამენტში განსახილველად გაიტანეს კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელიც თავისთავად დადებითი ინიციატივაა. ჩვენი ბავშვები, ამ კანონპროექტის თანახმად მიიღებენ გაუმჯობესებულ მომსახურებას ბაღებში, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც მათი აღზრდის ისე, განათლების მიღებაზე. კანონპროექტი არაერთ ნოვაციას გვთავაზობს: ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება, საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, ბავშვთა დაცვა და ა.შ. თუმცა, მასში არსადაა ნახსენები საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება. თითქოს, უნებლიედ, გამოტოვებულია მუხლი და არცერთი უწყების პასუხისმგებლობად არაა განსაზღვრული ამ გადამზადების უზრუნველყოფა. რა ლოგიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ გამოტოვებას, მარტივი მისახვედრია: ერთ დღეს ჩვენ კვლავ საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყობთ, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და აღმზრდელ-პედაგოგების 83% ჩაიჭრა გამოცდაზე.

რამდენადაა შესაძლებელი პედაგოგების გადამზადების გარეშე შეიცვალოს ის რეალობა, რომელიც დღეს საბავშვო-ბაღებშია და რომლის შესახებაც ომბუდსმენის 2014 წლის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში“ ვკითხულობთ:

„დამონიტორინგებული 61 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 70%–ში დაფიქსირდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები, ხოლო 40%–ში ფიზიკური ძალადობისა და სხეულებრივი სასჯელების გამოყენების პრაქტიკა. გამოკითხული აღმზრდელების 30% მიზანშეწონილად მიიჩნევს ბენეფიციართათვის საკვების შემცირებას აღსაზრდელთა დაუმორჩილებლობის ან/და რთული ქცევის რომელიმე ფორმის გამოხატვის შემთხვევაში, ხოლო პედაგოგთა 75% დადებითად აფასებს თამაშის უფლების შეზღუდვას ბავშვის მიერ არასათანადო ქცევის გამოვლენის შემთხვევაში“.

ეს რეალობა არ შეიცვლება მასწავლებლების გადამზადების გარეშე, და, მითუმეტეს, მონიტორინგის გარეშე, რომელიც ამ კანონპროექტის მიხედვით არა განათლების სამინისტროს, არამედ, კვლავ თვითმმართველობას აქვს მინდობილი. კანონპროექტი ფაქტიურად არ ითვალისწინებს პროცესის დამოუკიდებელ და მიუკერძოებლ მონიტორინგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებდა რეფორმის მიმდინარეობის ხარვეზებს

რას მივიღებთ ამ რეფორმაში ჩვენი ანუ ინფორმირებული მოქალაქეების ჩართვის გარეშე: ჩვენი ბავშვები კვლავ დაექვემდაბარებიან არასათანადო მოპყრობას და ძალადობას, ისინი ვერ ისარგებლებენ გაუმჯობესებული ბაღებისა და სკოლამდელი განათლების სერვისით, რეფორმა დარჩება ფურცელზე.

სად არის ჩვენი, ინფორმირებული საზოგადოების შესაძლებლობის ფანჯარა? მოვითხოვოთ ახალი კანონპროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აიღოს საბავშვო ბაღების პედაგოგების გადამზადების ვალდებულება და დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელება.

ჩვენ არ გვინდა ერთ დილას სოციალური ქსელიდან შევიტყოთ საბავშვო ბაღების პედაგოგების 83%-ის სასერტიფიკაციო გამოცდაში ჩაჭრის შესახებ. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა ჩვენი ბავშვებისათვის უკეთესი სკოლამდელი განათლების მიღების უზრნველსაყოფად. გვინდა, ჩვენი მომავალი თაობა ჩვენზე ამბობდეს, რომ მათი ბებიები და ბაბუები, პრობლემა12307516_838595059592611_7051937639530839126_oს ხედავდნენ და მისი გადაჭრისთვის მოქმედებდნენ კიდეც. კანონპროექტის შემდეგი განხილვა, 17 მარტსაა დაგეგმილი. ჩვენ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვართ და ერთ დილას საბავშვო ბაღების პედაგოგების 83%-ის ჩაჭრის შესახებ შოკის მიღებას აღარ ვაპირებთ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s