სტერეოტიპები ჩემშია

კვირში ერთხელ ან, უფრო ხშირად, საკუთარ მეტყველებაში ისეთ სტერეოტიპებს აღმოვაჩენ, რომ ვწითლდები. თუ მარტო ვარ, ჩემს თავზე ვბრაზდები. თუ მეგობრები მანიშნებენ, უხერხულად ვჩუმდები და ვიღიმები. 10 წამიანი  სიჩუმის შემდეგ, ღრმად ჩავისუნთქავ და ვამბობ: მართალია, შემეშალა და უნდა შევცვალო.

მთავარია არ გავბრაზდე, რომ მიმითითეს. თავიდან ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ მე ბევრს ვკითხულობ და ვწერ სტერეოტიპებზე და არ უნდა მეშლებოდეს. მერე მივხვდი, რომ უფრო კარგია თუ საჯაროდ შემეშლება, რადგან სხვა დაინახავს, რომ მე მეშემეშალა და თავადაც ისწავლის. ჩემს შეცდომაზე თუ ისწავლის, მისთვის ხომ უფრო კარგია.

მე ავიტან შენიშვნებს. შენიშვნები არ გკლავს.  მთავარია, ისეთი გარემო იყოს, რომ მე შეცდომის დაშვება არ მეშინოდეს. შეცდომების დაშვებისათვის უსაფრთხო გარემო, ისაა, რაც მათ გამოსწორებაში მეხმარება.

უსაფრთხო გარემოა, როდესაც ხვდები, რომ შენიშვნის მიზანი მისი გამოსწორებაა. ჩვენ ყველა სტერეოტიპებით სავსე გარემოში დავიბადეთ და სანამ ავირჩევდით გვინდა თუ არა მათი შეთვისება – უკვე შევითვისეთ. სტერეოტიპები შემოვიდა როდესაც დედის რძეს ვჭამდით.  ესეც ხომ სტერეოტიპია, იქნებ ვინც კითხულობს თავიდანვე ხელოვნურ კვებაზე გაიზარდა? მაშინ ასე: სტერეოტიპები შემოვიდა პირველ ულუფასთან ერთად.

სტერეოტიპები გაჩნდა იმ წუთიდან, როცა მე საგნების გარჩევა დავიწყე, პირველად დავინახე ჩემი ხელები და სათამაშო. იქნებ სათამაშო არ იყო? ღარიბ ბავშვებს სათამაშოს მაგივრად, საყოფაცხოვრებ საგნებს აძლევენ, მაგალითად – კოვზს. მაშინ ასე: როცა პირველად ხელში მომცეს  საგანი. იქნებ ვერც დავინახე? მაშინ ასე: როცა პირველად ვიგრძენი.

შემდეგ მე ვისწავლე ჯდომა და სიარული.   იქნებ ვერ ვისწავლე სიარული, რადგან შეზღუდული შესაძლებლობა მაქვს – ესეც სტერეოტიპია, მაშინ ასე: შემდეგ მე ცოტა გავიზარდე, ამიყვანეს ხელში გასასეირნებლად.   თუ ბავშვთა სახლში გავიზარდე, იქ ხომ ძალიან ცოტა ძიძა იქნებოდა და გასასეირნებლად ხელში ვერ ამიყვანდნენ?

ინდივიდუალური გამოცდილებები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მე ბევრი უნდა ვიფიქრო, სანამ ერთ წინადადებას დავწერ. მაგრამ, მე ამ წინადადებას მაინც დავწერ. რადგან სამყარო მრავალფეროვანია, მე არ უნდა მქონდეს ილუზია, რომ ამ მრავალფეროვნებას დავიტევ ჩემი წინადადებებით. მე უნდა მივიღო, რომ სამყარო მრავალფეროვანია და ჩემს გარდა სხვებსაც უნდა წერა თავის გამოცდილებებზე.

სხვასაც უნდა რომ დაწეროს, ილაპარაკოს, იცხოვროს თავის მრავალფეროვნებით: როგორია ცხოვრების პირველი წუთები როდესაც უსინათლო ხარ ან თუ ღარიბ ოჯახში დაიბადე. როგორ მიდის პირველად სკოლაში თმაგადახოტრილი ბავშვი ტირილით, იმიტომ, რომ ბაღში ტილები გადაედო და დედამ რომ ვერაფერი მოუხერხა, თმა მთლიანად გადახოტრა, არადა მას თავზე ბანტი უნდოდა. ეს ისევ ჩემი ისტორიაა. მე მას იმიტომ ვწერ, რომ არ მრცხვენია ღარიბ ოჯახში რომ დავიბადე. ადრე მრცხვენოდა, მაგრამ აი დავწერე და თქვენც მიმიღეთ ასეთი, როგორიც ვარ და აღარ მრცხვენია.

სხვასაც უნდა მოგიყვეთ, როგორია, როდესაც გარეუბნის  სკოლიდან პირველად მიდიხარ უმაღლესის გამოცდებზე და უხერხულად ზიხარ ნათხოვარი პერანგით, დიდი გაქვს და გეჩვენება, რომ ყველა ხედავს რომ გათხოვეს. შემდეგ, ლექციებს შორის შუალედში სტუდენტები კაფეში მიდიან, შენ აუდიტორიაში რჩები, რადგან მხოლოდ 1 ლარი გაქვს: 50 თეთრი აქეთ, 50 თეთრი იქეთ -მარშუტკის ფული. აჰ, ესეც ჩემი  ისტორიაა.

მაგრამ მე არ ვიცი, როგორია, როდესაც მარტოხელა ორსული ქალი ხარ და ყველა მუცელზე გაკვირდება და ერთმანეთს ანიშნებენ რაღაცეებს. ან, როგორია, როდესაც განსხვავებული სექსუალური იდენტობა გაქვს და ყველა უცნაურად გიყურებს ტანსაცმელზე. თქვენ აუცილებლად უნდა დაწეროთ, რომ მე წავიკითხო, საკუთარი სტერეოტიპები აღმოვაჩინო. ან, თუ მე ისინი ხმამაღლა წამომცდა – შემისწოროთ. მეც შეგისწორებთ, თუ თქვენ ღარიბ ოჯახში გაზრდილ ბავშვებზე იტყვით რამეს. ჩვენ ერთმანეთს შეცდომების დაშვების და გამოსწორებისთვის უსაფრთხო გარემოს შევუქმნით.

იმიტომ, რომ ჯობია შეცდომები დავუშვათ და გამოვასწოროთ, ვიდრე ერთმანეთის გამოცდილებების არცოდნის გამო, გვეგონოს, რომ ერთადერთი ვართ და ცხოვრება მხოლოდ ისეთია, როგორიც ჩვენ ვიცხოვრეთ.

როდესაც სკოლის დამთავრების ბანკეტი მოაწყვეს, მე 20 ლარი ვერ დავდე, რომ მივსულიყავი  (90 იანებში 20 ლარი დიდი ფული იყო). ამიტომ ვერ ვიტან ბანკეტებს, მიღებებს და შრიალა კაბებს. მაგრამ, როდესაც მეუბნებიან სადმე მიღება იმართება, მივდივარ. რახან,  მე არ მომწონს საზეიმო მიღებები ჩემი გამოცდილების გამო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიღებები ცუდია.  უბრალოდ, ყოველთვის ჯინსები მაცვია, რომ ის „ანა“ მახსოვდეს, რომელიც სკოლის ბანკეტზე ვერ წავიდა 20 ლარის და შრიალა კაბის არქონის გამო. რატომ ვყვები ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ თქვენ თმაგადახოტრილ, ღარიბ ოჯახებში გაზრდილ ადამიანებზე თქვენი სტერეოტიპები შეცვალოთ. თქვენც უნდა მომიყვეთ, რომ მე ჩემები აღმოვაჩნო და მერე ერთად შევცვალოთ.

ანა არგანაშვილი

12307516_838595059592611_7051937639530839126_o

Advertisements

One thought on “სტერეოტიპები ჩემშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s