ჩვენ ვართ გაბრაზებულები!

16168_494501310692273_305087957426293022_nგუშინ პაატა ბურჭულაძის დაბადების დღის აღსანიშნავ გალა-კონცერტზე, რომელიც სპორტის სასახლეში ტარდებოდა, ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც (!) იყვნენ მიწვეულნი. ვინც არც ,,სელებრითების’’ და არც ,,ბომონდის’’ ნაწილი არ ვართ, ეს ამბავი შეუმჩნეველი დაგვრჩებოდა, რომ არა ერთი ინციდენტი.

ეს ძახილის ნიშანი ტყუილად არ დამისვამს ზემოთ, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც იყვნენ, რაც ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება. საქართველოში და გამონაკლისი არც დედაქალაქია. გასართობი და კულტურული თავშეყრის ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა ხელმიუწვდომელია ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, საზოგადოების მნიშვნელოვნად მცირე ნაწილია და უმცირესობისათვის რაიმეს კეთებას ჩვენი ქვეყანა არ არის მიჩვეული – არც სახელმწიფო ითხოვს სათანადოდ და არც კერძო ინვესტორების კეთილი ნება არსებობს. სწორედ ამიტომ, გასართობი და კულტურული დაწესებულებები არ არის ადაპტირებული.

გუშინდლამდე ვფიქრობდი, რომ ჩვენი გულგრილობა უმოქმედობასა და დუმილში გამოიხატებოდა მხოლოდ, მაგრამ შეუძლებელია წინასწარ გამოიცნო, სადამდე შეიძლება ვიყოთ გულგრილები ამ საკითხისადმი. გუშინდელი ინციდენტი საზოგადოების ნაწილმა შეაფასა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხრიდან აგრესიულ და არამართლზომიერ მოქმედებად. დიახ, მათ თავი უნდა შეეკავებინათ, როდესაც დაცვის თანამშრომლებს ხელში აყვანილი დაყავდათ კიბეებზე, თვალი უნდა დაეხუჭათ მდგომარეობაზე, რომელიც არა მხოლოდ არაადეკვატური, მეტიც ღირსების შემლახავია მათთვის.

ამ შეფასებებს აკეთებდნენ ადამინები, რომლებიც არა მხოლოდ გულგრილები არიან საკითხისადმი, არამედ ითხოვენ ამ საკითხით არ შევაწუხოთ და არ დავურღვიოთ კომფორტის ზონა. ამ ხალხს არ ესმის რამ გააბრაზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ განათლება, დავსაქმდეთ და დამღლელი დღის შემდეგ გალა-კონცერტებსა და თეატრებს, ან ღამის კლუბებს მივაშუროთ და საერთოდ არ გვაღელვებს, რომ უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს ჩვენი გულგრილობის გამო შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეტლით გადაადგილდება.

მე, ზოგადად, აგრესიული და რადიკალური ზომების მომხრე ვარ და მიმაჩნია, რომ მხოლოდ ამას შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ და ადამიანები უფრო კეთილშობილები გაგვხადოს. სწორედ ამიტომ გუშინდელი ინციდენტი, პირდაპირ რომ გითხრათ მახარებს.

მრავალმა ქვეყანამ, სადაც უმცირესობების უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, ბრძოლის გზა გამოიარა. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობა ძალიან ძლიერია და სწორედ ამიტომ არის ის ქვეყნები განვითარებული.

,,გაბრაზება ადვოკატირების ყველა ღონისძიების საფუძველია’’ – ეს ფრაზა ვეიდ ბლეკმა თქვა, კაცმა, რომლმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსა ორგანიზაცია adapt.org, რომელიც დღესაც წარმატებით მუშაობს. ორგანიზაციის მისია ბრძოლაა, არაძალადობრივი ბრძოლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის. ამ ორგანიზაციას არ აღელვებს ვისი კომფორტის ზონაში იჭრება, ან ვის დაბადების დღეს ჩაშლის თავისი აქტივობით.

,,ჩვენ ვართ გაბრაზებულები, ჩვენ ვართ გაბრაზებულები, რადგან ჩვენი ძმები და დები ჯერ კიდევ კვდებიან ინსტიტუციებში.’’

ჩვენმა სახელმწიფომ უკვე მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება, რომლის 30-ე მუხლიც აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებას კულტურულ, რეკრეაციულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გააგრძელებენ ბრძოლას თანასწორობისთვის და ჩვენც გვექნება ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის.

ქეთი ბახტაძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s