ჩემი შვილის დაიგნოზი, ანუ რატომ გვეშინია მშობლებს ექიმთან მისვლის!

IMG_20141122_155452იმისათვის, რომ ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის იყოს ნდობით სავსე, ექიმი უნდა იყოს განათლებული, მისი ცნობიერების დონე უნდა იყოს მაღალი.

„ექიმები და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალები, ვისაც უშუალოდ უწევს შშმ ადამიანებთან ურთიერთობა, საქმის კურსში უნდა იყვნენ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის განმაპირობებელი ფაქტორების, შედეგების და მკურნალობის შესახებ, არამედ იმ არასწორი ვარაუდების შესახებ, რაც შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ფართო საზოგადოებაშია გაბატონებული. აუცილებელია ექიმებს კარგად ესმოდეთ არა მხოლოდ დაავადება, არამედ დამატებით, ის გამოცდილება, თუ როგორია იცხოვრო შეზღუდული შესაძლებლობით.“1 

მინდა დავწერო ექიმებზე, რომლებმაც, როგორც ჩემს შვილს, ასევე ბევრ ბავშვს განაჩენი გამოუტანეს, რის შედეგადაც დიდი სტრესი მივიღეთ მშობლებმა. ბევრმა შევძელით ჩვენს თავში ძალის პოვნა და ჩვენი შვილები მაქსიმალურად გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან. ბევრმა პირიქით, ვერ შეძლო სტრესის დაძლევა და შედეგმაც, ალბათ, დააყოვნა.

მინდა გავიხსენო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე, როდესაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს ბავშვი 10 წუთის ნანახი ყავდა,  მითხრა, რომ 8-9 წლის ასაკში თუ მივიდოდა პირველად სკოლაში და თან სპეციალურში. თან ეს ყველაფერი ისე დაუნდობლად მითხრა, ნერვიც არ შეტოკებია.

ვის აქვს უფლება, აუტიზმის შემთხვევაში რაიმე პროგნოზი გააკეთოს?!

კლინიკის ეზოდან რომ გამოვედი, თავის მოკვლა მინდოდა.

სახლში რომ მივედი დავიწყე ძებნა, თუ კიდევ სად სვამდნენ დიაგნოზს. რომ არა ის კეთილსინდისიერი ფსიქოლოგები, რომლებმაც ადამიანურად ამიხსნეს ეს ყველაფერი, რომლებმაც იმედის ნაპერწკალი ჩამისახეს, ძალა მომცეს და თან დამაკვალიანეს, თუ როგორ უნდა დამეწყო ბავშვთან მუშაობა, არც კი ვიცი დღეს ჩემი შვილი რა მდგომარეობაში იქნებოდა.

3 წლის შემდეგ, იძულებული ვიყავი ისევ იმ ექიმთან მიმეყვანა დათა დაიგნოზის გადასამოწმებლად, რადგანაც მხოლოდ იმ კლინიკაში ტარდება სრული გამოკვლევები. ისევ ისეთი სტრესი მივიღე, როგორც მაშინ. ანუ ის პროგრესი, რაც ბავშვს ქონდა, მაინცდამაინც არ ჩათვალა წინ გადადგმულ ნაბიჯად, ის რომ ბავშვს მაღალი ინტელექტი აქვს, მითხრა ეგ სულაც არაფერს ნიშნავსო. სულ უარყოფითი და უარყოფითი. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი მშობელი ერიდება ამ ექიმთან მისვლას, რადგანაც აღარ სურთ  ისევ თავიდან მიიღონ დიდი სტრესი.

ამჟამად, ჩემი შვილის IQ არის 93. იგი 6 წლის არის და მზად არის საჯარო სკოლაში პირველ კლასში მისასვლელად.

ასევე, მინდა გაგიზიაროთ სხვა მშობლების ნაამბობიც:

მარიამ თურმანიძე

ჩემი შვილი 3 წლის ხდებოდა, როდესაც მითხრეს სპეციალისტისთვის მიმემართა. ბავშვი რომ ნახა ექიმმა, მომიბრუნდა და მითხრა: თქვენი შვილი ან დაიწყებს ლაპარაკს ან არა, აუტიზმია და არც თუ ისეთი იოლი ფორმა, სპექტრს ცდებაო.  ყველაზე მთავარი კიდევ ის იყო, რომ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. ხელით მიმანიშნა მუცელზე და მეუბნება. მაგას რომ აჩენ, არ უნდა გეკითხა ჯერო? მაგასაც, აუცილებლად, აუტიზმი ექნებაო, „დამაიმედა“. (ანანო დაიბადა სრულიად ჯანმრთელი და მას აუტიზმი არ აქვს!).

ძალიან ძნელი ასახსნელია, რასაც მაშინ ვგრძნობდი – შოკი ცოტაა. კაბინეტიდან რომ გამოვედი ნერვიულობისგან ყველა ძვალი მტკიოდა, ვგრძნობდი, თუ როგორ მემსხვრეოდა ხერხემალი.

ჩემმა მეუღლემ მანქანამდე მიმიტანა. ვერ დავდიოდი.

არანაირი თანაგრძნობა! რა უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი დამავიწყდეს?

არ მესმის ასეთი რამე როგორ უნდა უთხრა ადამიანს, თან როდესაც ორსულად არის? მაშინ რომ ნერვიულობით რამე მომსვლოდა ან მე, ან ჩემს მუცლადმყოფ შვილს?  ნუთუ ამაზე არ უნდა ეფიქრა იმ „ექიმს“?

ამის შემდეგ, ბავშვი წავიყვანე ძალიან კარგ და გულისხმიერ ფსიქოლოგთან, რომელმაც მითხრა, რომ აუტიზმი არის ის, რაც ქონდა მოცარტს, ბეთჰოვენს, აინშტაინს და სხვა მრავალ გენიოსს.

ახლა ჩემი შვილი 7 წლის არის, დადის საჯარო სკოლაში მე-2 კლასში, დამოუკიდებლად ზის გაკვეთილზე. მან დაიწყო მეტყველება და საუკეთესო მოსწავლეა მათემატიკაში!

ლია ტაბატაძე დაუნის სინდრომის მქონე ბავშთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი  ჩვენი ბავშვები

როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, სამშობიაროში 2 დღე ბავშვი არ მაჩვენეს (მიუხედადად იმისა, რომ დედაც იქ მუშაობდა), ალბათ „დამინდეს,“ მეუბნებოდნენ, რომ ჩვილს რაღაც პრობლემები აქვს და ასეა უმჯობესი, მხოლოდ მესამე დღეს შევძელი მისი ნახვა და როცა სხვა გზა აღარ ჰქონდათ მითხრეს, რომ ეჭვი აქვთ დაუნის სინდრომზე და საჭიროებს გამოკვლევას.

პირველ არასწორ დამოკიდებულებას გადავაწყდი მაშინ, როცა გადაგვიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში გამოკვლევაზე. მიმღებში მკითხეს თქვენ დედა ხართო? კი-მეთქი რომ ვუთხარი, გაგვიკვირდა ასე მშვიდად რატომ ხართო, მე კი მათი გაკვირვება გამიკვირდა და დღემდე მიკვირს.

მთავარი კოშმარი წინ მქონდა, პალატაში გვაწვენდნენ, სადაც 3 ბავშვი იწვა ინფექციით. განყოფილების უფროსმა მითხრა ანტიბიოტიკებით უნდა დავიწყოთ მკურნალობაო და იქ დამთავრდა ჩემი სიმშვიდე, იქ მომიწია ხელწერილის დაწერა, რომ მიმყავს ჩემი შვილი სახლში არ ვემორჩილები ექიმებს, ვარ ურჩი მშობელი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შუაღამისას ბავშვი სახლში წამოვიყვანე. ჩემი შვილი იმ დღის მერე საავადმყოფოში დასაწვენად არც მოხვედრილა.

სისხლის გენეტიკური ანალიზის დადასტურების შემდეგ გენეტიკოსმა გვითხრა, რომ ჩვენ ამ ბავშვის იმედი არ უნდა გვქონოდა, რომ შესაძლოა მან დედაც კი ვერ იცნოს, რომ არავის  დავუჯეროთ . ეს გენეტიკოსი დღესაც წარმატებით აგრძელებს მშობლების ტრამვირებას, ერთი კვირის წინ ერთმა ახალმა მშობელმა დამირეკა, 4 თვის შვილი ყავს, გენეტიკოსმა მომცა თქვენი გამოცემული ბროშურა და თან ასე მითხრა: რაც აქ წერია, არის შელამაზებული და სიცრუეო, შენი შვილი იქნება დაბალი, მრგვალი და მახინჯიო, შეიძლება ვერც გაიაროსო, სამი თვეა ამ ბროშურას ვუტრიალებ და გადაშლა ვერ გავბედეო, მხოლოდ დღეს მოვიკრიბე ძალა და დაგიკავშირდითო.

სწორედ ამ არსებული პრობლემების გამო, რომელთა გადაჭრაც ვერ ხერხდება სამართლებრივი კუთხით, ამიტომ ჩვენ გამოვეცით ბროშურები და გაიდლაინები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ბროშურა „რჩევები მეანებსა და ნეონატოლოგებს,“ ვატარებთ სასემინარო შეხვედრებს სფეროს პროფესიონალებთან, ერთი შეხვედრა დეკემბრის თვეში უკვე შედგა ბათუმში, იგეგმება კიდევ სამ რეგიონში შეხვედრა. იმედს ვიტოვებთ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება.

თ.მ.

ჩემი შვილი 2 წლის იყო, როდესაც ფსიქოლოგთან მივიყვანე. 20 წუთი ეკონტაქტებოდა ბავშვს და მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვა. მითხრა ასპერგერის სინდრომი ექნებაო, თან წერა-კითხვას ვერ ისწავლისო. შეეგუე იმ აზრს, რომ მძღოლი, მუშა ან რამე მსგავსი პროფესია ექნებაო. კინოფილმი “წვიმის კაცი” ხომ გაქვს ნანახი, აი ეგ არის აუტიზმიო.

2 თვე დამჭირდა აზრზე რომ მოვსულიყავი და სხვა ფსიქოლოგთან გამებედა მისვლა, რომელმაც მაშინაც და 9 წლის შემდეგაც  დასვა დიაგნოზი, სენსორული ალალია თანმდები აუტისტური სპექტრის დამახასიათებელი ნიშნებით. მრავალი წლის შემდეგაც კი არ დაისვა ის დიაგნოზი, რაც იმ არაპროფესიონალმა „ფსიქოლოგმა“ 2 წლის ბავშვს დაუსვა 20 წუთში.

7 წელი გავიდა და დღემდე არ გამნელებია ის შოკი, რაც მაშინ მივიღე.

მე რომ მაშინ ბევრი არ მქონოდა წაკითხული აუტიზმზე, ალბათ დავუჯერებდი იმ  „ფსიქოლოგს“ და მასთან ვატარებდი ჩემს შვილს და ძალიან დიდ ზიანს მივაყენებდი ბავშვს.

ამიტომ, ჩვენ მშობლები, მოვითხოვთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ  შეიმუშაოს რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ექიმის ვალდებულება იქნება, კორექტულად გააცნოს პაციენტს, თუ პაციენტის ნათესავებს დიაგნოზი და ამასთანავე, თანაგრძნობით იყოს მის მიმართ განწყობილი,  გაიწეროს დიაგნოზის შეტყობინების ელემენტარული ეთიკური სტანდარტი.

ჩვენ, მშობლებს, ძალიან გვინდა, რომ ექიმთან მისვლის არ გვეშინოდეს!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s