იმისთვის, რომ იგრძნო მომავალი, ჯერ უნდა გრძნობდე აწმყოს!

Untitledდა მაინც, როგორია სრულყოფილი ქალი?

დარწმუნებული ვარ,  უმეტესობა თქვენგანს, პირველ რიგში, ლამაზი ქალი წარმოგიდგათ თვალწინ. აი ისეთი, ფრანგული შარმის და ინგლისური არისტოკრატიის თანაბარი წილით. კიდევ რა უნდა ჰქონდეს სრულყოფილ ქალს? წარმატებულიც უნდა იყოს, ხომ? რამე ისეთი  „სვეცკური” სამსახურით. სამინისტროში უნდა მუშაობდეს, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ნეტავ, ქმარი და შვილები უნდა ჰყავდეს სრულყოფილ ქალს? საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებულ სრულყოფილ ქალს არ ჰყავს ქმარი და შვილები, ალბათ ქალის სრულყოფილებაში დედობა არ მოიაზრება, არც ცოლობა. „ზედმეტი მოვალეობებისგან“ თავისუფალი ქალია მხოლოდ სრულყოფილი, ალბათ. ასაკითაც ისეთია, რომ, თუ 35 წლის ზემოთ ხარ, ფიქრობ, დიდი ხანია, რაც აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია სრულყოფილებაზე.  ჰო, კიდევ 4 უცხო ენა უნდა იცოდეს სრულყოფილმა ქალმა და ავტომობილსაც მისი სტატუსის შესაბამისად  „სრულყოფილად“ , უფრო სწორად, ‘შესაშური ოსტატობით“ უნდა მართავდეს. კიდევ დიეტებისგან თავისუფალიც უნდა იყოს, თურმე. იმედია რამე არ გამომრჩა,  სამ კალამსა და ამავე რაოდენობის სესხზე არაფერს ვამბობ, ეს ჩვენი თემა არ არის.

ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ქალია ისეთი, ვისაც პატივს ვცემ და მაგალითია ჩემთვის. მათგან ვერც ერთი ვერ გავიმეტე „სრულყოფილი ქალის“ ტესტისთვის და მისი ჩაბარება საკუთარი თავით დავიწყე. პირდაპირ რომ გითხრათ, ტესტი ვერ გავიარე. ვერ დავაკმაყოფილე ქართველი მარკეტოლოგების მიერ შემუშავებული და შემოთავაზებული „სრულყოფილი ქალის“ სტანდარტები. ფრანგულ შარმსა და ინგლისურ არისტოკრატიაზე რომ არაფერი ვთქვათ, არც 4 უცხო ენა ვიცი, „ზედმეტი მოვალეობები“-ც „მაწუხებს“, დიეტაც ყოფილა ჩემთვის მტკივნეული საკითხი, არც სამი კალამი მიტარებია სკოლაში და რაც შეეხება ავტომობილის მართვას… დარწმუნებული რომ ვიყო, ჩემი მეგობრები არ ნახავენ ამ ბლოგს, ვიტყოდი მაგარი მძღოლი ვარ-თქო, მაგრამ…

ჩემ თავზე კი შემიძლია ვთქვა, არ ვარ სრულყოფილი-თქო, მაგრამ იმ ქალებს რა ვუყო, ჩემთვის რომ სამაგალითოები არიან, სრულყოფილებიც და მაინც ვერ გაიარეს ეს ტესტი? თუ, საქართველოს ბანკის გამხნევების იმედად დავრჩეთ? რეკლამის ბოლოს რომ გვეუბნება: „არ არის აუცილებელი, თქვენც სრულყოფილი სიმშვიდით აიტანოთ მგავსი დისკომფორტი“-ო. ამ წინადადების გაგრძელება გითხრათ? (რაც მხოლოდ მე არ მომსვლია თავში, დარწმუნებული ვარ.) „არ არის აუცილებელი, თქვენც სრულყოფილი სიმშვიდით აიტანოთ მგავსი დისკომფორტი, თქვენ ხომ მაინც არ ხართ სრულყოფილი.“

დარწმუნებული ვარ, თუნდაც ამ რეკლამით, მის შემქმნელებს არავის განაწყენება არ სურდათ, მაგრამ რა ვქნათ, ისეთ ძლიერ საკომუნიკაციო ინტრუმენტს, როგორიც რეკლამაა, გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევასთან ერთად, მათი განმტკიცება, ან ახალი სტრეოტიპების წარმოქმნაც რომ შეუძლია? მერე, ამ ახალ სტრეოტიპებს უნდა ვებრძოლოთ საუკუნეების მანძილზე?

როდესაც რეკლამა იწყება სიტყვებით: „გაიცანით სრულყოფილი ქალი!“, რამდენი ქალი გაავლებს პარალელს საკუთარ თავთან და რამდენი დარჩება იმედგაცრუებული საკუთარი თავით და საკუთარი მიღწევებით, იმ მიღწევებით, რომლებიც, ჩემი აზრით, გასაზღვრავს სრულყოფილი ქალის სტანდარტს.

როდესაც ხარ ერთ-ერთი მოწინავე ბანკი შენს ქვეყანაში, მოსახლეობის უმეტესობა შენი მომხმარებელია, ამ მომხმარებლის მინიმუმ ნახევარი ქალია, ამ ქალებიდან, დაახლოებით ყოველი მესამე ძალადობის მსხვერპლია (დაახლოებით იმიტო, რომ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს და ის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც,საქართველოში ყოველი მე-11 ქალია ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, უბრალოდ არასწორია), ამ ქალების დიდი ნაწილი დაოჯახებულია, ჰყავს შვილები, ქმარი, აქვს უამრავი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენთან, ძირითად შემთხვევაში, კაცების საქმე მხოლოდ სამსახურია, ქალების საქმე კი სამსახურთან ერთად სხვა ყველაფერი, ბავშვების სკოლაში მიყვანიდან დაწყებული, საღამოს თბილი ვახშმით და ბედნიერი გამომეტყველებით დამთავრებული დ ა.შ. და შენ სტანდარტად მოგყავს ისეთი ქალი, რომელიც მარტო რეკლამისთვის გამოგონილი პერსონაჟი კა არა, საერთოდ, შენი ქვეყნის რეალობისთვის გამოგონილი პერსონაჟიცაა და საინტერესოა, ვისთვის ქმნი შენს პროდუქტს?

უფრო გასაგები რომ გახდეს, რას ვგულისხმობ, ისევ და ისევ განვითარებულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მოვიშველიებ. ყველამ ვიცით პარფიუმერული კომპანია AVON-ი. მის კლიპებში, ყოველთვის, ბედნიერ, ლამაზ, მოვლილ და წარმატებულ ქალებს ვხედავთ. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, AVON – ში დაფიქრდნენ, გასაგებია, რომ ჩვენ მომხმარებლებს ბედნიერი დღეების გალამაზებაში ვეხმარებით, მაგრამ მათ ცხოვრებაში პრობლემებიც ხომ არსებობს? რა არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობას აერთიანებს? ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია? ჩვენი ამდენი მომხმარებელი ძალადობის მხვერპლია? რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის? და აი რა გააკეთეს:

201011301202361_sm

ასე დაიწყო AVON- მა სერიოზული კამპანია, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. მათი ძირითადი გზავნილია: “ერთადერთი რაც არ გვსურს ჩვენი მაკიაჟით დაფარო, შენს მიმართ განხორციელებული ძალადობაა”.

როდესაც პერსონაჟად ირჩევ ქალს, იქნებ დაფიქრდე, დღეს,  21-ე საუკუნეში, შენს ქვეყანაში რა მოთხოვნები აქვთ ქალებს? როგორ წარმოუდგენიათ მათ სრულყოფილი ქალი? ბარბის იმიჯი და სნობური გამომეტყველება არ არის დღევანდელი სრულყოფილი ქალის სტანდარტის განმსაზღვრელი.

როგორია დღევანდელ საქართველოში სრულყოფილი ქალი? ძლიერი, დამოუკიდებელი, საკუთარ თავზე პასუხისმგებელი, უამრავი საქმით დატვირთული, მაგრამ მაინც საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებული, საკუთარი თავის დამცველი, უშიშარი, ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი და ა.შ. კიდევ ბევრი რამის დამატება შეიძლება. აი, ასეთები არიან დღევანდელი სრულყოფილი ქალები, იქნებ მომავალში მაინც გაითვალისწინოთ, თუ მათთვის  გადაწყვეტთ პროდუქტის შექმნას.

ჩემ გარშემო მართლა ბევრი სრულყოფილი ქალია. მათ  მსგავებს, დარწმუნებული ვარ, ქართველი მარკეტოლოგებიც იცნობენ, მაგრამ მაინც ურჩევნიათ, სრულყოფილება გამოიგონონ და ამით კიდევ ერთხელ დაგვანახონ, რა არარეალურია, იყო სრულყოფილი.

იმისთვის, რომ იგრძნო მომავალი, ჯერ უნდა გრძნობდე აწმყოს!

Advertisements

One thought on “იმისთვის, რომ იგრძნო მომავალი, ჯერ უნდა გრძნობდე აწმყოს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s