მშობლების ჩართულობა სკოლაში

10574354_698611356872576_585813022196755430_nმე მშობელი

მეც თქვენსავით მშობელი ვარ, სამი შვილის დედა. ყოველთვის მეგონა, რომ  აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი შვილების სკოლის ცხოვრებაში. თითქოს, ხშირადაც მივდიოდი, ვკითხულობდი ჩემი შვილის ამბავს. მუდმივად ვეკითხებოდი მათ თანაკლასელებს, რაიმე პრობლემები ხომ არ ჰქონდათ. ამ შეკითხვებით ვიგებდი, თუ რაში სჭირდებოდათ ჩემი დახმარება.  ვეკითხებოდი ვინმეს ხომ არ ჩაგრავენ, ხომ არ რჩებათ  სასკოლო ნივთები (ერთ ბავშვს რამდენჯერმე დარჩა ჩანთა სახლში), როგორია ერთმანეთის მიმართ და თითოეული მასწავლებლისადმი მათი დამოკი- დებულება. თუ რაიმე საგანგაშო გამოიკვეთებოდა, ვაცნობებდი მშობლებს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევის შემდეგ მივხვდი, რომ უმრავლესობისთვის უინტერესო იყო ამ პრობლემებზე საუბარი. ზოგი მშობელი  ჩემთან  განიხილავდა პრობლემებს, მაგრამ კრებაზე გაკვირვებული მიყურებდა და არ ერიდებოდა იმის თქმასაც, რომ ის საერთო პრობლემა თურმე მხოლოდ ჩემს შვილს ეხებოდა და – არა მის შვილს. სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე ზოგს ეშინოდა და მათიც მესმის. თუ რამეს გააპროტესტებდნენ, ფიქრობდნენ, რომ მათი შვილები დაიჩაგრებოდნენ. მასწავლებლების და დირექტორის ეშინოდათ, ყველაფრის ეშინოდათ. მოკლედ, შიშს დიდი თვალები აქვს.

ჩემი სკოლა

მახსენდება ჩემი სკოლის წლები, როცა ბავშვები ვითხოვდით დახმარებას მშობლებისგან, მაგრამ  “გაჩუმდი და გაუძელი, სირცხვილიაო!”-ისმოდა მშობელთა პასუხი ყველა მხრიდან.

მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ კუთხით სკოლაში არაფერი შეცვლილა. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენც იმ დროს აღზრდილი მშობლები ვართ, როცა გვარწმუნებდნენ რომ განსხვავებული აზრის ქონა ან სახელმწიფო ინსტიტუტების (მათ შორის სკოლის) გაკრიტიკება არასახელმწიფოებრივია. მაგრამ, თუ გავიხსენებთ რას ვგრძნობდით მაშინ, როცა  მშველელი არ გვყავდა, აუცილებლად მივხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში. ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაიძრას და ვინ უნდა გააკეთოს ეს, თუ არა ჩვენ – მშობლებმა და სკოლამ ერთობლივად.

მშობლების ჩართულობა

მშობლების  აქტიური ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში ამდიდრებს სკოლის კულტურას, რაც დადებითად აისახება მისი დემოკრატიულობის ხარისხზე. ბოლოდროინდელი გამოცდილება ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თავად მოსწავლეებისთვისაც, მშობლების აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესში. მსგავსი პრაქტიკის შემთხვევაში, მოსწავლეები ავლენენ საუკეთესო შედეგებს, იზრდება მათი მოსწრების დონე და გამოირჩევიან პოზიტიური ქცევით. ამდენად, სკოლა  თავად უნდა იყოს დაინტერესებული მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით, რაც მნიშვნელოვან წილად მისი წარმატების  განმსაზღვრელი იქნება. მაგალითად, ჯოის ეფშტეინი (სასკოლო ცენტრის “ოჯახისა  და საზოგადოების პარტნიორობის” დირექტორი) ეფუძნება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და “პარტნიორი სკოლების ეროვნული ქსელის” კვლევებს, რომლის მიხედვითაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება განპირობებულია სკოლის, მშობლების და საზოგადოების ერთობლივი მუშაობით. ეფშტეინის თქმით, “ძველი აზროვნებით, მშობელთა ჩართულობა მოიცავდა მხოლოდ მშობელთა საკითხებს, ხოლო – თანამედროვე მიდგომებით,  იგი პირდაპირ კავშირშია მოსწავლის წარმატებასთან. სკოლის დირექტორი მშობლის ჩართულობას  ისე უნდა მიუდგეს, როგორც სასწავლო გეგმას, პროფესიულ განვითარებას და სხვა კრიტიკულ სფეროებს სკოლის ცხოვრებაში”.

როდესაც  მშობელს  არ აკმაყოფილებს სკოლის რაიმე ასპექტი, რომელშიც მისი შვილი სწავლობს, ისი არ მიმართავს პოლიტიკურ ქმედებას, არ უკავშირდება სკოლის საბჭოს და არ აქტიურობს მშობელთა საბჭოში. ნაცვლად ამისა, გამოსავალს იმაში ეძებს, რომ ემიჯნება სკოლას, რეალურად აღარ ერთვება საკუთარი შვილის განათლების პროცესში და  რიგ შემთხვევაში, ცდილობს, გაამართლოს შვილი, როდესაც იგი სკოლაში მეცადინეობებს არ ესწრება, ან გადაჰყავს სხვა სკოლაში. ნებისმიერი ამ გამოსავალთაგანი უარყოფითად აისახება ბავშვის განათლების პროცესზე, სკოლაზე და უფრო ხშირად – მოსწავლეზე.

დღევანდელი გადასახედიდან, მშობელთა ჩართულობა მხოლოდ მშობელთა კრებას მოიაზრებს, რომელიც ხშირად ან არ იმართება, ან მშობლის მოუცლელობა ხდება არდასწრების მიზეზი. ამგვარად, მშობელთა კრება ვერ უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ინფორმირებას სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების თაობაზე.

სკოლის აქტიურობა მშობელთა გასაძლიერებლად

არის თქვენი სკოლის მიმდინარე წლის მიზნებში მშობელთა ჩართულობის გაზრდა? ბევრ სკოლას აქვს ესეთი მიზნები, მაგრამ  უმრავლესობას არ გააჩნიათ კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ და რა ნაბიჯებით მიიღწევა ეს მიზანი. სკოლის ადმინისტრაციის მიერ წინასწარ  უნდა იქნეს შემუშავებული და დაგეგმილი სპაციალური პროგრამები და აქტივობები მშობელთა ჩართულობისათვის. საერთაშორისო კველევებიც სწორედ ამას ამტკიცებს, რომ დაგეგმვით სკოლას შეუძლია გაზარდოს მშობელთა ჩართულობა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ  პროგრამა, რომელიც ვერ მოიპოვებს მხარდაჭერას და არ ექნება ხარისხი – არ იმუშავებს. სკოლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მშობელი თავად არის ვალდებული იაქტიუროს და ჩაერთოს სკოლის ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ამას არ აკეთებენ.  2010 წელს, მშობელთა ჩართულობის დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ქევინ უოკერმა, მშობელთა ჩართულობის ერთერთი პროექტის დამაარსებელმა სკოლებს მოუწოდა,  “ნუ წუწუნებთ მშობელთა პასიურობაზე, არამედ მოიწვიეთ , დაპატიჟეთ და სთხოვეთ მათ გააკეთონ რაც შეიძლება მეტი “. სწორედ ამ შეხვედრაზე დააჯილდოვეს მშობლები პირველად აქტიური ჩართულობისთვის. თუ მშობელი არ გაითავისებს თავისი ჩართულობის აუცილებლობას, სკოლა ვერასოდეს გახდება დემოკრატიული.

ტრეინინგების აუცილებლობა

აუცილებელია, მასწავლებლების და ადმინისტრატორების ტრეინინგი ამ სფეროში, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ დაგეგმონ და განახორციელონ მშობელთა ჩართულობის სტრატეგიები. სკოლებში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს პარტნიორულ პროგრამებს, გააცნობს მათ გაიდლაინებს. მაგალითად,  როგორიცაა „ექვსი სახის ჩართულობა“, რომელიც გულისხმობს მშობლების დახმარებას, რათა იყვნენ საუკეთესო მშობლები (მშობლის მოვალეობის უკეთ შესრულებაში) და თავისი წვლილი შეიტანონ ბავშვთა აღზრდის უნარების სწავლებაში, დაეხმაროს სკოლას ოჯახებთან ურთიერთობაში. მშობელთა ჩართულობის პროგრამების განხორციელებისას აუცილებელია, ყურადღება მიექცეს იმას, თუ რამდენად ეფექტურად  ხორციელდება ეს პროგრამები.

საერთაშორისო გამოცდილება

მილფორდის, ორჩარდ ჰილსის  სკოლამ, 2005 წლიდან დაიწყო დოქტორ ეფშტეინის მიდგოით მშობელთა ჩართულობის პროგრამის განხორციელება. „რადგან ეს არის ყოვლისმომცველი პროგრამა,“ – აცხადებს დირექტორი ქეთლინ მერფი. „ეს არ არის პროგრამა მხოლოდ  მშობელთა მოხალისეობის შესახებ, ეს არის მთლიანად საზოგადოების  ჩართულობისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ სკოლას და პირიქით. ეს არის სწავლება, რომლითაც მშობელი თავადვე დაინტერესდება სკოლის ცხოვრებით და არსებული მდგომარეობით“.

წიგნიერების  გაზრდა

ამავე სკოლის, საზოგადოების პარტნიორობის ჯგუფი ფოკუსირებულია  მშობლების ინფორმირებულობაზე,  თუ როგორ განუვითარონ  შვილებს კითხვითი უნარები. მასწავლებელი და მოსწავლეები ირჩევენ წიგნს, ბავშვები  მშობლებთან ერთად კითხულობენ სახლში, შემდეგ სკოლა აწყობს საღამოს, სადაც ბავშვებთან ერთად მიწვეულნი არიან მათი მშობლები. მასწავლებელი სვამს კითხვებს შეკითხვებს წაკითხული წიგნის ფარგლებში და  ბავშვები მშობლებთან ერთად პასუხობენ. ერთი თვის შემდეგ კვლავ იკრიბებიან, რათა უკვე სხვა ჭრილში განიხილონ წაკითხული წიგნი.

პროგრამა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მშობლებმა ჩამოაყალიბეს საზაფხულო-სამკითხველო კლუბი სახელწოდებით – „კითხვის ოსტატი“, რომელშიც ძალიან ბევრი ბავშვია ჩართული. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მშობლების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, არის პარასკევის საქაღალდეები (FRIDAY FOLDERS). მოხალისეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია ყოველკვირეულად აკეთებენ საინფორმაციო ფურცლებს სკოლაში მიმდინარე პროცესების, დაგეგმილი აქტივობების, კონკურსების, პროგრამების შესახებ, რომლებსაც მშობლები უნდა გაეცნონ და მოაწერონ ხელი. ჩართულობის მაჩვენებელი მაღალია.

წიგნიერების გაზრდაზე ფოკუსირდებოდა 2005 წელს ოჰაიოს მუნიციპალური სკოლის რაიონული დეპარტამენტიც. ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა გულისხმობს სემინარებს მშობლებისათვის, თუ როგორ შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს სწავლაში და ცხოვრებისეული უნარების შეძენაში. ამ რეგიონში არის მშობელთა და ბავშვთა წიგნის კლუბები, სადაც ბებიები, ბაბუები და სხვა დაინტერესებული პირები მიდიან და უკითხავენ ბავშვებს წიგნებს. ასევე, არის წიგნის კლუბი მოზრდილთათვის. მოზარდები კითხულობენ და განიხილავენ წიგნებს. ეს არის მომავალი თაობისთვის მაგალითის მიმცემი.

მშობელთა   ჩართულობა მხოლოდ მათი სკოლის შენობაში მისვლას და ჩართულობას არ გულისხმობს. მშობლებს შეუძლიათ სახლშიც დაეხმარონ შვილებს დავალებების შესრულებაში, წაუკითხონ წიგნები ,ერთად მოიძიონ  ახალი ინფორმაცია. მშობლის ჩართულობის ყველა ფორმა მისასალმებელია.

ჩართულობას აქვს ერთგვარი გადამდები ხასიათი. “მშობლების ჩართულობას ბავშვები თავად ითხოვენ, როცა ხედავენ სხვისი მშობლების აქტიურობას“, ამბობს კლემენსი, ლოუნდის საშუალო სკოლის დირექტორი. სწორედ ეს სკოლა არის მაგალითი მშობელთა გრძელვადიანი პროგრამების არსებობისა. აღნიშნულ სკოლაში, მშობელთა ჩართულობის შემდეგ, ბავშვთა მოსწრების დონე მათემატიკაში 64 % -დან  81-% მდე გაიზარდა. სკოლა აგრეთვე სთავაზობს მათ “შესანიშნავ ოთხშაბათს“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მშობლებს მივიდნენ, ისაუბრონ, რა შეუძლიათ გააკეთონ სკოლის დასახმარებლად, ასევე სკოლა იზიარებს მათ პრობლემებსაც. გასულ წელს გახსნეს მშობელთა რესურსების ოთახი, სადაც მათ უტარდებათ ტრეინინგები, სემინარები,  შესაძლებელია კომპიუტერის გამოყენებაც. ბავშვები ეხმარებიან მშობლებს კომპიუტერული უნარების სწავლაში. ამ დროს, მასწავლებელს საშუალება ეძლევა მშობელთან ერთად იმუშაოს ბავშვების ინდივიდუალურ საკითხებზე და სტრატეგიებზე.

აღსანიშნავია,რომ მშობლებთან ურთიერთობა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. კლემენსი ამბობს,რომ მას ესმის, თუ რატომ უფრთხიან სკოლის დირექტორები მშობელთა გაააქტიურებას,”შესაძლოა მათ უკვე აქვთ მშობლებთან ურთიერთობის უარყოფითი გამოცდილება და ამიტომაც არიდებენ თავს, მაგრამ ნამდვილად ღირს ცდად და ძალისხმევად”.

მოსალოდნელი პრობლემები

პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა პრობლემებმა. ეს შეიძლება იყოს მშობელთა მოტივაციის დაბალი დონე, მოუცლელობა, ენობრივი ბარიერი, ეკონომიკური და კულტურული დაყოფა, სტერეოტიპული შეხედულებები და ის დიდი კედელი, რაც წლების მანძილზე არსებობს სკოლასა და მშობლებს შორის. რადგან საქართველოსთვის მშობლის ჩართულობის ცნება შედარებით ახალია, მოსალოდნელია, თავიდან ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი მივიღოთ. მაგალითად, ტეხასში, ებინგტონის დაწყებითმა სკოლამ 77 მოხალისე მშობლით დაიწყო, მომდევნო წელს ეს ციფრი გახდა 187. ამჟამად სკოლას ჰყავს 250 მოხალისე მშობელი.

კომუნიკაცია მშობლებთან

„კომუნიკაცია მშობლებთან, არის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი. კომუნიკაციის მეთოდი  შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. მაგ: ყოველთვიური ნიუსების გამოქვეყნება, სკოლაში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა, მოსწავლეთა მოსწრების შესახებ ინფორმირება, სასკოლო კალენდრის კეთება, კომუნიკაცია ინტერნეტ სივრცეში. ყოველთვიურად უნდა ხდებოდეს მშობლის მიერ ტესტის შევსება, თავისი შვილის შესახებ. ასევე, ტესტებს  უნდა ავსებდნენ ბავშვები, რის შემდეგაც მოხდება მათი შედარება  და ამოცნობა, თუ როგორ აღიქვამენ  მშობლები თავიანთი შვილის შესაძლებლობებს და რამდენად განსხვავდება ბავშვის აღქმა თავად.“- აცხადებს მსოფლიო განათლების  ცენტრის წარმომადგენელი ქეთლინ ქეივი. მისი თქმით, მშობელთა ინფორმირება უნდა ხდებოდეს, არა მარტო მოსწავლის პრობლემების შემთხვევაში, არამედ საუკეთესო მიღწევებისა და საქციელისთვის ინფორმაციის მიწოდებისა  და მადლობის სათქმელადაც. მშობლის სკოლაში მისვლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მათ ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი თვალით დაინახონ მასწავლებლის სწავლების სტილი, ნახონ თავინთი ბავშვი სასკოლო მეცადინეობის პროცესში. ძალიან  კარგი გრძნობაა, როდესაც მშობლები  სკოლაში მიდიან თავიანთ ბავშვებთან ერთად, მასწავლებელი აცნობს  მათ ბავშვის  შედეგებს , მუშაობის პროცესს და ეხმარებიან მათ რომ უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში.

აქტიური მოქალაქეობისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, ჩვენ საკუთარი მაგალითით უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ შვილებს, რომლებიც ჩამოყალიბების პროცესში იმყოფებიან, რომ საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართვა ღირს ძალისხმევად და ხშირ შემთხვევაში, ეს სახალისო  და საინტერესო პროცესია.

ავტორი: ნანა აბაშიძე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s