სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ხარ?

images-cms-image-000026556თქვენ შესაძლოა არ გიფიქრიათ, ან გიფიქრიათ და ვერ მიმხვდარხართ, რატომ გაწუხებთ ყოველ დილას სამსახურში უხერხულ ადგილებზე, მკერდზე ან საჯდომზე  “მეგობრულად” მორტყმა და გახუმრება. შესაძლოა არ გაგიცნობიერებიათ, რომ შუადღის შესვენებისას თქვენი უფროსი უცნაურად გეკითხებათ, წინა საღამოს ვისთან იყავით გასული სასეირნოდ და რატომ არ პასუხობდით მის ვითომ “საქმიან” ზარებს და სატელეფონო გზავნილებს. შესაძლოა, გეუხერხულებათ, რომ თქვენი კადრების უფროსი ზედმეტ კითხვებს გისვამთ პირად ცხოვრებაზე: გყავთ თუ არა პარტნიორი ან ორსულად ხომ არ ხართ, თან ამას “კადრების” ინტერერესებით ასაბუთებს.

ალბათ, ამ ყველაფერზე გიფიქრიათ კიდეც და მშვენივრად მიმხვდარხართ, მაგრამ უბრალოდ გეშინიათ, რომ თუ უფროსს სექსუალურ ურთიერთობაზე უარს ეტყვით, ან გააპროტესტებთ სექსუალური შინაასრის კომენტარებს, აუცილებლად მოგახვედრებთ “შემცირების” პირველივე ნაკადში. იქნებ ამიტომაც არ აპროტესტებთ, წაჰყვეთ “სამსახურებრივ მივლინებაში” რომელშიც მასზე დაქვემდებარებული, მისი სურვილების ამსრულებელი გახდებით.

როგორც არ უნდა იყოს, სჯობს სიმართლე ვთქვათ: თქვენ სამსახურში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ხართ!

ვიცი, რომ ეს თქვენი არჩევანი არ ყოფილა და ამ სიტუაციაში ინფორმაციის არქონის, ან უფრო გამოუვალი სიტუაციის გამო მოხვდით. მაგრამ, თქვენ ამ სიტუაციაში მარტო არ ხართ:

სტატისტიკა

გაეროს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქალების 50%-მდე განიცდის სექსუალურ შევიწროვებას სამსახურში[1].

2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატების სპეციალურ უწყებაში (Equal Employment Opportunity Commission) სექსუალურ შევიწროვებაზე 12 025 საჩივარი შევიდა. აღნიშნული სტატისიკა 100%-ითაა გაზრდილი უკანასკნელ 5 წლის მანძილზე. ამ შემტყობინებიდან 15.4% კაცების მხრიდანაა წარმოდგენილი.

დეფინიცია

სექსუალური შევიწროვება ოფიციალური განსაზღვრებით[2] არის: არასასურველი და შეურაცხმყოფელი სექსუალური შეფერილობის ქცევა.

სექსუალური შევიწროვება ორი ფორმით ვლინდება:

1. Quid pro quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ)  – როდესაც სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების სანაცვლოდ გთავაზობენ დაწინაურებას სამსახურში, გიზრდიან ხელფასს –  ანუ, როდესაც  სამსახურში რაიმე წინსვლას ადევს პირობა, მსხვერპლი დაეთანხმოს სექსუალურ შეთავაზებებს.

2. მტრული სამუშაო გარემო – როდესაც მსხვერპლისთვის  იქმნება დამამცირებელი და აუტანელი სამუშაო გარემო.

სექსუალური შევიწროვების დროს  სუბიექტის მხრიდან ხორციელდება:

ფიზიკური შევიწროვება: ფიზიკური ძალადობა, შეხება, არასასურველი სხეულებრივი სიახლოვე.

სიტყვიერი შევიწროვება: კომენტარები და კითხვები გარეგნობის შესახებ, ცხოვრების სტილზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, შემაწუხებელი სატელეფონო ზარები და გზავნილები.

არავერბალური შევიწროვება: სტვენა, სექსუალური შინაარსის მინიშნებები, სექსუალური შინაარსის მასალის გამოფენა და სხვა.

კვლევები მიუთითებს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები ძირითადად ახალგაზრდა, ფინანსური პრობლემების მქონე, მარტოხელა და მიგრანტი ქალები არიან. კაცების შემთხვევაში, სექსუალური შევიწროვების მსხვერპლები განსაკუთრებით ხშირად LGBT-თემის წევრები, ახალგაზრდა, ეთნიკური და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი კაცები არიან. ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის კი სექსუალური შევიწროვების შემთხვევები ასევე მზარდი ტენდენციაა.

განსხვავება შევიწროვებასა და რომანტიულ ურთიერთობებს შორის

ხშირად წუწუნებენ, რომ უფლებადამცველები ყველაფერს ქალების უფლების დარღვევას ეძახიან და “ქალისთვის კომპლიმენტი ვეღარ გითქვამს, სკამი ვერ შეგითავაზებია…” ეს ასე არაა, რა თქმა უნდ არაა ასე. მაგალითად, სექსუალური შევიწროვების ფარგლებში არ განიხილება რომანტიული ურთიერთობები სამსახურში, რომელიც დამყარებულია ორმხრივ ნებაზე და თანასწორობაზე. როგორც ამბობენ, განსხვავება რომანტიულ ურთიერთობებსა და შევიწროვებას შორის არის ნების თავისუფლება. როგორც კი ერთ-ერთი მხარისთვის ეს ურთიერთობა, მიმართვის ფორმა ან შეთავაზება ხდება არასასურველი და თავსმოხვეული, იგი იქცევა სექსუალურ შევიწროვებად.

ვინაიდან ზღვარი რომანტიულ ურთიერთობებსა და შევიწროვებას შორის საკმაოდ მცირეა და ერთი მეორეში შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს, აშშ-ში კერძო კომპანიების სრული უმრავლესობა მხარს არ უჭერს რომანტიულ ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის. ამ კომპანიების 63%-ისთვის კი მიუღებელია ვერბალური და ფიზიკური “რომანტიული შინაარსის” ქცევა. კომპანიების 42%-ში არ არის დაშვებული რომანტიული ურთიერთობის (თუნდაც ნებაყოფლობითის) ჩამოყალიბება ზემდგომსა და დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის. ვერც გაამტყუნებ, ამგვარი ურთიერთობის სექსუალური შევიწროვებად გადაქცევის შემთხვევაში, შესაძლოა ათასობით დოლარის ზარალი ნახოს, როგორც მოძალადემ, ისე კომპანიამ, ან სულაც მოძალადემ სხვა დაწესებულებაში გაატაროს ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი.

შეჯამება

ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ თქვენ დაფიქრდებით, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენ გეხებათ და იკითხავთ:

-და რა? როდის იყო ქალებს უსმენდნენ, როდესაც მათ უფლებას არღვევდნენ?

მე გიპასუხებთ: ხო ასე იყო, ქალებს არ უსმენდნენ – მაგრამ ახლა მოუსმენენ, იმიტომ რომ სხვა ქალები რომლებსაც ასევე გამოგვიცდია სექსუალური შევიწროვება და ვიცით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას, თქვენს მიმართ სოლიდარულები ვართ.

მე ვიცი, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად  გაცნობიერებას დრო და ფიქრი სჭირდება და თქვენ ბევრჯერ დაუსვამთ თავს კითხვას: “იქნებ მეჩვენება?”, ხოლო არასოლიდარული ქალები სამსახურში გეტყვიან: “რა იყო ქალო, ვისთვის არ მოურტყიათ ტრაკზე ხელი, რა ისტერიკას მართავ”?, მაგრამ თქვენ მაინც დაფიქრდით, იმიტომ რომ არც ერთი სამსახური და არც ერთი ხელფასი არ ღირს ღირსების შელახვად და  თქვენზე ადრე, ის ქალები რომ შეწინააღმდეგებოდნენ, რომლებსაც ასევე ავიწროვებდნენ, დღეს თქვენ ამ სიტუაციაში აღარ იქნებოდით. მითუმეტეს, ქალის შრომითი უფლებები იმისთვისაა, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებამდეც დაიცვას. ამიტომ დაფიქრდით! ჩვენ არ აგაჩქარებთ! უბრალოდ იცოდეთ, რომ ჩვენ სოლიდარულები ვიქნებით; თქვენი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ ბევრი ქალი ამოიღებს ხმას და გენდერულ სამართლიანობას დაამყარებს ამ ქვეყანაში.

ბლოგი შექმნილია პროექტის „ქალთა გაძლიერება შრომითი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გენდერული ძალადობის დასამარცხებლად, ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და სამუშაო ადგილზე შევიწროვების შესახებ“ ფარგლებში.

[1]United Nations Secretary-General Campaign, UNITE, to End Violence Against Women.  http://endviolence.un.org/pdf/pressmaterials/unite_the_situation_en.pdf

[2]International Labour Organization

ბლოგი გამოქვეყნდა ლიბერალში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s