საზაფხულო აკადემიის დღიურები

10574354_698611356872576_585813022196755430_n

ნანა აბაშიძე, მიხეილ გიორგაძე და ჯაბა ლაბაძე

11 ივლისი, პარასკევი – პირველი მივლინება. ნერვიულობა პიკს აღწევს. მთავარი მამოტივირებელი ძალა, ჩავრთულიყავი პროექტში იყო ის, რომ ყოველდღიური შეხება მაქვს სკოლასთან (როგორც მშობელს), ყოველღიურად ვხედავ იმ ხარვეზებს, რაც სკოლაში არსებობს. ამასთან,  ჩვენი  ორგანიზაციის  “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ” მიზანია: ადამიანის უფლებების კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ფოკუსირება, ადამიანის უფლებების სწავლება ეროვნულ და რეგიონულ დონეზე.  ამ პროექტით მე შევძლებდი მესწავლა, რათა სხვებისთვისაც მესწავლებინა და გამეზიარებინა სხვა ქვეყნის გამოცდილება.

საზაფხულო აკადემიის “დემოკრატია სკოლაში” მიზანია, გააძლიეროს თანამშრომლობა მონაწილე ქვეყნებს შორის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სფეროში, მათი საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების გზით. აკადემიის მონაწილე ქვეყნები არიან : საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, მოლდოვა, უკრაინა და პოლონეთი.

საზაფხულო სკოლაში ჩემთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ:

მიხეილ გიორგაძე (სურამის # 2 საჯარო სკოლის დირექტორი) – დირექტორისა და მისი აქტიური მხარდაჭერისა და მუშაობის გარეშე, დემოკრატია ფეხს ვერ მოიკიდებს და ვერ განვითარდება.

ჯაბა ლაბაძე (სურამის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი) – მასწავლებელი,რომლის უფლებას და ამასთანავე მოვალეობას წარმოადგენს ის, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესებში.

ჩვენ, სამნი ვერთიანდებით ერთი მიზნისთვის, რომელსაც წარმოადეგნს – სკოლაში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება. დიდია მოლოდინი, ბევრია კითხვები. მოკლედ, ამ ღამით მივფრინავთ.

2-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავედით უკრაინაში.   გადავედით ტრანზიტულ ზონაში და დაიწყო 6-საათიანი ლოდინი ჩასხდომამდე.  ცოტა ჭამა, 3 საათი ძილი აეროპორტის სკამებზე, ცოტაც “ფეისბუქში” ხეტიალი და წასვლის დროც მოვიდა. 4 საათში უკვე ვარშავის თავზე მივფრინავდით. შევედით ქალაქში და გაგვაოცა დედაქალაქის გამწვანებამ და მცენარეების რაოდენობამ. ჩავუარეთ ვარშავას და 18 კილომეტრის მოშორებით მდებარე განათლების განვითარების  სატრენინგო ცენტრს  მივადექით,  ტყეში ჩაფლულ  სულეიოვეკში. ძალიან დაღლილები გავეშურეთ ოთახებისკენ. დასვენების დრო გვაქვს  6 საათამდე, შემდეგ ვახშამი.

6 საათზე ჩავდივართ ვახშამზე, ვსხდებით კუთხეში მდებარე მაგიდასთან და რამდენიმე წუთში შემოდის დელეგაცია, ვეცნობით ერთმანეთს, რუსეთის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. დასხდნენ ჩვენგან მარცხნივ მდებარე მაგიდასთან (ჩვენ არ შემოგვიერთდნენ). უმალ, მეორე დელეგაცია შემოდის და კითხულობს, თუ რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ, აკეთებს არჩევანს ჩვენს შორის და ჯდება ჩვენს მაგიდასთან.

12 ივლისი, შაბათი – დღეს მონაწილე ყველა ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა. ტრენინგის ორგანიზატორებმა გააკეთეს გაცნობითი სახის აქტივობები, კერძოდ, ქვეყნებმა თავი წარმოვადგინეთ, დავჯგუფდით გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, თითოეული ჩვენთაგანი საერთო ინტერესების მიხედვით დაგვაკავშირეს. გავაკეთეთ ე.წ. “აბლაბუდა”, რომლის მიხედვითაც ძაფის ერთი ბოლო გადაეცემოდა იმ ადამიანს, რომელთანაც საერთო ინტერესები გვაკავშირებდა. ამ აქტივობებით გავიცანით ქვეყნები გეოგრაფიული მდებარეობით (რომელი ქვეყანა რომელთან არის უფრო ახლოს), პიროვნებები  საერთო ინტერესებით. ყველა მონაწილის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა შინაგანაწესი, რომელსაც უნდა დავმორჩილებოდით მთელი სემინარის განმავლობაში.

საღამოს, გადავწყვიტეთ წავსულიყავით ვარშავაში, მაგრამ ბილეთები დოლარებში ვერ ვიყიდეთ. ბოლოს, ერთმა ხილის გამყიდველმა გადაგვიცვალა ვალუტა და თანაც კეთილსინდისიერად (ჩვენ ვთავაზობდით უფრო მეტს და თვითონ უარი გვითხრა,   გეშლებათ  ნაკლებია საჭიროო).  კარგად ვისეირნეთ ვარშავაში. გვიან დავბრუნდით სასტუმროში.

13 ივლისი, კვირა – დილიდან წაგვიყვანეს ვარშავის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ბევრი საინტეერესო რამ ვნახეთ. მიშამ ჩანთის დაკარგვაც მოასწრო (მაგრამ იპოვა. იგივე ადგილზე იდო, სადაც დატოვა), დავაგემოვნეთ ეროვნული კერძები და ბოლოს  წავედით შოპენის მუსიკის მოსასმენად ღია ცის ქვეშ. აქ შეგიძლია აღმოაჩინო სულ სხვა შოპენი და სრულიად სხვანაირად შეგილია ჩასწვდე მას.

საღამოს გაიმართა ქვეყნების წარდგინება.  ყველას ნაციონალური კუთხით ჰქონდა წარმოდგენილი თავიანთი სამზარეულო. დელეგაციის ყველა წევრი მივდიოდით ერთმანეთის  მაგიდებთან, ვისმენდით თითოეული ქვეყნის ისტორიას  და ვაგემოვნებდით ნაციონალურ კერძებს. ჩვენი გაცნობის საღამო დამთავრდა ცეკვით.

14 ივლისი, ორშაბათი – დღეს მივდივართ განათლების სამინისტროში – საზაფხულო აკადემიის ოფიციალურ გახსნაზე, სადაც საშუალება გვექნება გავესაუბროთ ექსპერტებს განათლების  სფეროში.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ჩვენი ქვეყნის ელჩები, რომლებიც სამწუხაროდ  არ მოვიდნენ. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ბევრი შეკითხვა დაისვა მშობლების ჩართულობაზე, სკოლის დემოკრატიულ მმართველობაზე, სწავლების ხარისხის კონტროლზე, არასამთავრობოების როლზე სკოლის ცხოვრებაში და მოსწავლეთა თვითმმართველობის აუცილებლობაზე სკოლებში.

პოლონეთის მაგალითზე განვიხილეთ, თუ რა შედეგი გამოიღო მშობლების ჩართულობამ სკოლის ცხოვრებაში, თუ როგორ იღებენ  მშობლების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები თავის თავზე პატარა სკოლების მმართველობას, რათა არ დახურონ კონტიგენტის სიმცირის გამო; ასევე გავეცანით, თუ როგორ აკონტროლებენ მშობლების და მოსწავლეების თვითმმართველობები სწავლების ხარისხს  და პასუხისმგებლები არიან მასზე. საინტერესო იყო იმის გაგება, რომ მოსწავლეები  სასწავლო პროგრამების შერჩევაში  იღებენ აქტიურ მონაწილეობას და ასევე, გაცნობა იმისა, თუ  რა ბარიერები გადალახეს სკოლებში დემოკრატიის დასანერგად. მოგვცეს ბევრი პრაქტიკული რჩევაც.

საღამოს გავაკეთეთ  სკოლის საუკეთესო პრაქტიკის გამოფენა, რომელიც გულისხმობს სკოლის პრაქტიკას   ადამიანის უფლებების  დაცვის კუთხით და  განათლებას დემოკრატიული მოქალაქეობისათვის.  ჩვენი პრეზენტაციის თემა იყო “კულტურათაშორისი ურთიერთობა.”

ახლა, ვცდილობ ცოტა დავისვენო და ხვალისთვის მოვემზადო. ხვალ  ჩვენ ვიწყებთ „ენერჯაიზერით“. თანამშრომლებს ვთხოვე დახმარება. მათი იდეები ჩვენს იდეებთან გავაერთიანე და უკვე რაღაც კარგი გამომდის. ბიჭები დავრაზმე, ვიმეცადინეთ და უნდა დავწვე. იცით რომელი საათია? დილის 4 საათი.

15 ივლისი, სამშაბათი – დილით ძალიან ადრე გამეღვიძა ნერვიულობის ფონზე. სასწრაფოდ ბიჭებიც გავაღვიძე. სავარჯიშო ძალიან მოეწონათ, ორიგინლური იყო. დღეიდან დაიწო ტრენინგები და სემინარები, ძალიან ბევრი სავარჯიშოებით. განვიხილეთ თემები: ადამიანის უფლებები და სწავლების განვითარების გზები, უფლებების და პასუხისმგებლობების გაცნობიერების აუცილებლობა, სკოლის განვითარების პერსპექტივები, მოსწავლეთა თვითმმართველობის აუცილებლობა, მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გზები და აუცილებლობა, ნდობის და პატივისცემის ატმოსფეროს შექმნა სკოლებში, ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზები, მშობლების და მოსწავლეების მოტივაცია – აქტიურად ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში.

ჩემთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის,  ინფორმატიული სემინარი იყო იმ მხრივ, რომ გავიგე და გავაცნობიერე, თუ რა მნიშვნელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას სკოლის ცხოვრებაში, თუნდაც ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრობლემების იდენტიფიცირებისათვის, მშობლების გაძლიერების კუთხით გასატარებელი ღონისძიებებისთვის. გაგვიზიარეს მათი გამოცდილება,  თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და გავაძლიეროთ მშობლები.

16ივლისი,ოთხშაბათი- დღეს  ბევრი სიახლე  გავიგეთ იმასთან დაკავშირებით, თუ  რა არის მნიშვნელოვანი მშობლებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა მოხდეს  ჩართულობის გაუმჯობესება, ასევე, რა გზებით ფასდება, თუ რამდენად დემოკრატიულია სკოლა, ან დემოკრატიის რომელ საფეხურზე დგას იგი. გავაკეთეთ ჩვენი სასკოლო  საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია, განხილულ იქნა სკოლის მიერ დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯები. მაგალითად, ჩვენ  წარმოვადგინეთ  შემთხვევა ეროვნული უმცირესობის დისკრიმინაციის შესახებ სკოლაში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეაგირება ჰქონდა სკოლას, როდესაც ფაქტი დაფიქსირდა,  რა გააკეთა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. გაიმართა დებატები იმის შესახებ, თუ რამდენად დემოკრატიული იყო ეს კონკრეტული აქტივობა, გავაკეთეთ მონაწილე ქვეყნის  განათლების შესახებ კანონის მდგომარეობის სიტუაციური ანალიზი.

17ივლისი, ხუთშაბათი – დილა ვარჯიშით დაიწყო და  გაგრძელდა ტრენინგით – “ბავშვის უფლებების განხილვა და მათი  ფუნდამენტური ღირებულება სკოლის ცხოვრებში.” მეორე ნაწილი დაეთმო  „NO HATE SPEECH” (ანუ „არა სიძულვილის ენას“) კამპანიას, რომლის წარმომადგენელმა გაგვაცნო და მოახდინა სიძულვილის ენის იდენტიფიცირება, თუ  როდის ითვლება სიტყვა სიძულვილის ენად, მაგალითად: როცა ქვეყანაში ეროვნული უმცირესობა განიცდის სიტყვიერ დისკრიმინაციას, როცა შეზღუდული შესაძლებლობის გამო პირი განიცდის სიტყვიერ დისკრიმინაციას, ეროვნული ნიშნით სიტყვიერი დისკრიმინაცია და უამრავი მაგალითი, რომელიც სიძულვილის ენად იდენტიფიცირდება.  ყველამ საკუთარი მოსაზრება გამოვთქვით. ჩემი აზრით და სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქართულ მედიაში საგრძნობლად გაიზარდა სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები შემდეგ თემებზე: ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, სექსუალური უმცირესობები, გენდერულ საკითხებშიც ხშირად ვაწყდებით სიძულვილის ენის ფაქტებს. საჯარო პირებიც ხშირად იყენებენ  სიძულვილის ენას სხვადასხვა  ჯგუფების მიმართ. ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენი  საზოგადოებისთვის. თვითონ ტერმინი “სიძულვილის ენა” საქართველოში ახალი დამკვიდრებულია. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ჯერ კიდევ გვიჭირს ტერმინის გაანალიზება.

საღამოს ვარშავიდან დავბრუნდით დაღლილები, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ საინტერესო ფილმი გველოდება, იანუშ კორჩაკზე გადაღებული. იგი იყო ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მან გახსნა ებრაელი ბავშვებისთვის “ობოლთა სახლი” , არის ავტორი წიგნისა “როგორ უნდა გიყვარდეს ბავშვი.” ობოლთა სახლის დეპორტაციის შემდეგ თავის აღსაზრდელებთან ერთად  ტრებლინკაში გააგზავნეს. უკანასკნელ მომენტში მან უარი განაცხადა თავისუფლებაზე და ბავშვებთან ერთად გაზის კამერაში სიკვდილი არჩია. ცოტა მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ ძალიან საინტერესო.

18 ივლისი, პარასკევი –  დღე ძალიან დატვირთული გვაქვს. გავეცანით პოლონეთის სასკოლო მართვის სტილს და  სტრატეგიებს, გაგვიზიარეს მათი გამოცდილება და  გვევალება დავწეროთ პროექტის ძირითადი მონახაზი, რომელზეც საქართველოში დაბრუნებისას ვიმუშავებთ. მოწვეულ ექსპერტებთან განვიხილეთ საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა და სკოლების მასიური “კარჩაკეტილობის” გამომწვევი მიზეზები. იმ მართვის სტილის დანერგვა საქართველოში, რომლითაც იქნება გაძლიერებული მშობელთა ჩართულობა, მოსწავლეთა თვითმართველობა და სამეურვეო საბჭო, დაეხმარება სკოლებს დემოკრატიზაციაში.

19 ივლისი, შაბათი – დღეს შეფასდა ერთკვირიანი ერთობლივი მუშაობა, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, შევჯერდით აქტივობებზე, რომლებიც ჩვენი პროექტის მიზნებიდან გამომდინარეობდა. ქვეყნებიც შევთანხმდით კულტურათაშორისი ურთიერთობის სამომავლო  გზებზე, სკოლების ერთმანეთთან დაახლოვების გზებზე, ინფორმაციის გაცვლაზე, მშობლების გაძლიერებაზე. დავგეგმეთ პროექტები თვეების მიხედვით, გაიმართა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია და დამშვიდობების საღამო.

20 ივნისი, კვირა – დღეს, მთელი დღე, დელეგაციების  და ტრენერების ტრანსფერია აეროპორტში. კიევამდე  ვიმგზავრეთ აზერბაიჯანის და უკრაინის დელეგაციასთან ერთად.

თავის ტკბილ-მწარე მოგონებებით საუკეთესო და ნაყოფიერი 10 დღე გავატარეთ. დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის. სექტემბრიდან დავიწყებთ პროექტის განხორციელებას, გამოვიყენებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც გაგვიზიარეს ექსპერტებმა და ყველანაირად  ვეცდებით  ჩვენი  წვლილი შევიტანოთ საქართველოს სკოლებში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების საქმეში.

10392333_817321581625513_8258660943330378249_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s