პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ხელყოფა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალთა რეალობა

603660_379328045542934_1074194123_nადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–8 მუხლის მიხედვით, ,,ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას.’’ პატივისცემა ამ მუხლის მიზნებისათვის გულისხმობს ქმედებას, რომელიც არ გამოიწვევს ოჯახური ცხოვრების უფლების რაიმე სახით ხელყოფას.

სწორედ ამ მუხლის საფუძველზე იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წელს საქმეზე ბ რუმინეთის წინააღმდეგ. მოსარჩელე სამი შვილის დედა, ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე პირია. მას შემდეგ რაც ბ–ს ჩამოართვეს მშობლის უფლება და მოათავსეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციაში, იგი ყველანაირად ცდილობდა სახელმწიფოს იძულებას პატივი ეცათ მისი ოჯახური ცხოვრებისათვის. მიუხედავად ბ–ს მცდელობისა, რუმინეთის სახელმწიფომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის ლეგიტიმური მოთხოვნა და არ უზრუნველყო დედისა და შვილების ერთ ოჯახად ცხოვრება.

ეს საქართველოში მცხოვრები არაერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალის პრობლემაა. სახელმწიფოს მიერ მათი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება აბსოლუტურად უგულვებელყოფილია და ამ საკითხისადმი სახელმწიფოს ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს. ამას ემატება საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ქალთა შესახებ, რომ მათ არ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ შვილებზე და ადეკვატური მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში.

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის’’ (PHR) ამჟამად აწარმოებს ერთ–ერთი ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ქალის საქმეს, რომელსაც პირობითად ეკას დავარქმევ. ეკას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მაგრამ დედას შვილი დაბადებისთანავე ,,წაართვეს.’’ ყველანაირად ვეცადე სხვა სიტყვა მეხმარა, მაგრამ სწორედ წართმევა ქვია იმ ფაქტს, როდესაც ახლად ნამშობიარებ ქალს თავზე ადგას მოხელე და მოითხოვს მისგან ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც უარს აცხადებს შვილზე ზრუნვაზე და ბავშვის დროებით მოთავსებას მოითხოვს შესაბამის დაწესებულებაში. დროებითი მოთავსება რამდენიმე წელი გაგრძელდა და დედას საკუთარ შვილთან არც არასდროს უცხოვრია.

ეკა ერთ–ერთ ინსტიტუციაში ცხოვრობს და შესაძლებლობისთანავე ინსტიტუციის ადმინისტრაციის დახმარებით ახერხებს შვილის მონახულებას. მასთან საუბრისას კარგად ჩანს დედის სურვილი იზრუნოს საკუთარ შვილზე და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. ჩვენ მივიღეთ ეკას განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვს დახმარებას, რომ შეძლოს შვილთან ერთად ცხოვრება ან იმ ინსტიტუციაში, რომელშიც თავად ცხოვრობს, ან ინსტიტუციის გარეთ.

ადამიანის ოჯახური ცხოვრების პატივისცემას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციაც და საქართველოს სამოქალაქო კოდექსიც. საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დედა–შვილის ერთად ცხოვრება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ბ რუმინეთის წინააღმდეგ დაადგინა როგორც დედის, ისევე შვილების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ხელყოფა, რადგან ბავშვებს აქვთ უფლება იცხოვრონ მშობლებთან და აღიზარდონ ოჯახში.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც ეხმარება ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე მშობლებს, რათა მათ შეძლონ და გაუმკლავდნენ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებლები ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, რომელთა მხარდაჭერასაც თავისხმრივ სახელმწიფო უზრუნველყოფს. ეს სერვისები ეხმარება ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე მშობლებს იცხოვრონ საკუთარ შვილებთან ერთად და მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში. მომსახურება, რომელსაც ოჯახებს სთავაზობს თითოეული მიმწოდებელი ორიენტირებულია ოჯახის საჭიროებებზე, რომელთა შეფასებასაც სოციალური მუშაკი ახდენს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველა ქვემოთჩამოთვლილ ქვეყანაში ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე მშობლისათვის ხელმისაწვდომია ,,ასისტენტის’’ მომსახურება გარკვეული პერიოდულობით, ამიტომ ამ სერვისზე არ დავკონკრეტდები.

კანადაში მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია მუშაობს, რომლებიც მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე მშობლებს. ,,კანადის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის’’ პროგრამებიდან უმნიშვნელოვანესია ტრენინგები მშობლებისათვის, პროგრამა ,,თანასწორი მხარდაჭერა – ოჯახები ოჯახებისთვის’’ და სხვა. ,,ონტარიოს შიზოფრენიის საზოგადოება’’ უზრუნველყოფს 24-საათიან კონსულტაციებს როგორც ტელეფონით, ისე ინტერნეტით. მათი პროგრამებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც 4-კვირიანი ოჯახის გაძლიერების პროგრამაა, რომელიც მოიცავს პროფესიონალების მიერ შემდგარი გუნდის კომპლექსურ მხარდაჭერას ოჯახისათვის. ორგანიზაცია ‘Family Outreach and Response’ სთავაზობს ოჯახებს ერთწლიანი პროგრამას, რომელიც მოიცავს შემდეგ კურსებს: ოჯახის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების სერიები, დახმარება და მხარდაჭერა განათლებით (‘HASTE’), კონკრეტული ინდივიდისათვის მხარდაჭერა ‘First-Break’ პროგრამით და უარყოფითი ემოციების მართვა, ოჯახის როლის გაცნობა როდესაც ადამიანს მოტივაცია უქვეითდება, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ოჯახებისათვის (6-კვირიანი პროგრამა), კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის სამოქმედო გეგმის შედგენა, მიმღებლობისა და პასუხისმგებლობის თერაპიული ჯგუფები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სერვისები განსხვავდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რადგან თითოეული შტატის მთავრობა განსხვავებული სახის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ატლანტაში ხელმისაწვდომია ,,ოჯახის მასწავლებლის’’ სერვისი, რომელიც პროფესიონალების გუნდთან ერთად ეხმარება ოჯახის წევრებს სხვადასხვა ბარიერების გადალახვაში და სირთულეების დაძლევაში.

ავსტრალიაში განსაკუთრებულად არის განვითარებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალთა, როგორც პოტენციურ დედათა მხარდაჭერა. მათთვის ინფორმაციის მიწოდება და საგანმანათლებლო პროგრამები ხელმისაწვდომია, როგორც ინტერნეტში ისე პირისპირ. ყველაზე კარგი ბაზა გამოცდილების გაზიარების ჩათვლით გააჩნია ორგანიზაციას ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლების შვილები.’’ მათ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მაქსიმალურად მოცულობითი და სასარგებლო ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დედებს აქვთ და იმ სახელმწიფო სერვისების შესახებ, რომლის მიღებაც შეუძლიათ. ორგანიზაცია ‘Parentline’ უზრუნველოყოფს 24-საათიან სატელეფონო კონსულტაციებს მშობლებისათვის ყოველდღე, რომელიც მოიცავს პროფესიონალების გუნდისგან შემდგარი ექსპერტების რჩევებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე ქალებს შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ შვილებზე, მანაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში თუკი სახელმწიფო ხელს შეუწყობს მათ და შეუქმნის თანაბარ პირობებს სხვა მშობლების მსგავსად.

PHR აგრძელებს ჩვენ აგრძელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში მყოფი და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა საჭიროებების შესწავლასა და სამართლებრივ მომსახურებას. ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით 2013 წლის სექტემბრიდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ    სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში’’ და 2014 წლის აპრილიდან პროექტს ,,ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისაგან,’’ რომელიც მხარდაჭერილია ორგანიზაციის ,,ქალთა ფონდი საქართველოში’’ მიერ.

Advertisements

One thought on “პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ხელყოფა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალთა რეალობა

  1. ეს ბლოგები ანა არგანაშვილისა და ანა აბაშიძის ნამუშევარი უფროა ალბათ, ვიდრე ქეთი ბახტაძის. ქეთის ისეთი პრეზენტაცია ჰქონდა ბელა სონღულაშვილთან მუშაობის დროს, რომ უკეთესს რას ნახავდი და მოისმენდი..;

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s