შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების შექმნას ითხოვს

#სამართიანობა #თანასწორობა #პარტნიორობა (11)განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს 14 ივნისს და მოვუწოდებთ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა, რაც ამ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანებს უკიდურეს იზოლაციას და გარიყულობას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ჩართულობის რეალური შესაძლებლობით ჩაანაცვლებს.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება, გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, რამდენადაც სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია.

შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც ექვემდებარებიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს უმოქმედობა განსაკუთრებულად აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას. მიუხედავად სახელმწიფოს არაერთგზის განცხადებისა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიმძიმეზე, დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კონვენციის აღსრულების მიზნით. მათ შორის, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შეუქმნია  გაეროს კონვენციის აღსრულებაზე  პასუხისმგებელი ჩარჩო მექანიზმი, არ უწარმოებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა.

შედეგად, კონვენციის აღსრულების თვალსაზრისით სახელმწიფოს ფუნდამენტური გამოწვევები გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი დაცვის თითქმის ყველა მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს  სარეაბილიტაციო სერვისები, რაც უმთავრესი წინაპირობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის. ზრდასრულთა სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობა არაერთხელ გამხდარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სათემო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი, რომელმაც 2017 წელს სპეციალური წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე.[1]

საქართველოს სახალხო დამცველი მის წინადადებაში მიუთითებს აბილიტაციისა და რეაბილიტაციის სერვისების არარსებობის მწვავე პრობლემაზე და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბაზისური უფლებებით სარგებლობის პროცესში. ომბუდსმენი მიუთითებს რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის უფლება მოიცავს პრევენციის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კომბინირებულ ელემენტებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით მოიცავს ღონისძიებათა ფართო სპექტრს, ფიზიკური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და ინკლუზიის ხელშემწყობი ინტერვენციების ჩათვლით. შესაბამისად, რეაბილიტაცია მრავალი სფეროს გადამკვეთი სერვისია და უნდა განხორციელდეს მედიცინის, განათლების, დასაქმების, სოციალური და სხვა სექტორის სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია არის უმთავრესი პირობა, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის და დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება.[2]

რეაბილიტაციისა და აბილიტაციის სერვისების განსაკუთრებული მნიშვნელობისა და საქართველოს მხრიდან გაეროს კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიუხედავად, საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო სერვისები გამორიცხავს ზრდასრული ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების მომსახურებას. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციისთვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი მომსახურება, როგორიცაა თერაპიული ინტერვენცია, მათ შორის, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფსიქოლოგიური კორექცია, მობილობის ორიენტაცია, სივრცითი ორიენტაცია და სხვა სერვისები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და მათი უფლებების უხეშ დარღვევას იწვევს.

ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე მდგარი მწვავე გამოწვევების გათვალისწინებით, რაც სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობას უკავშირდება მოვითხოვთ:

  • სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უზრუნველყო სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალიზებული ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება, რომელიც მოიცავს ყველა საჭირო მომსახურებას და გაითვალისწინებს გეოგრაფიული მისაწვდომობის კომპონენტს;
  • აბილიტაციისა და რეაბილიტაციის მომსახურებამ მოიცვას ყველა ტიპის შეზღუდვის მქონე ზრდასრულ პირებ მათი საჭიროების გათვალისწინებით;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

მოძრაობა “ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” MAEE;

პლათფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის – PNO;

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR;

ადამიანის სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC;

“ვოლფრამის სინფრომი – საქართველო” – Wolfram Syndrome Georgia;

კავშირი ქალი და რეალობა – Woman and Reality;

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ – FAD;

საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის წინადადება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე; იხ. ვრცლად: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4692.pdf;

[2] იგივე.

Leave a comment